ჩვენს თავს დამტყდარი უბედურების მიზეზების და მისგან გამოსავლის ძიება

0
204

ჩენს თავს დამტყდარი უბედურების მიზეზების და მისგან გამოსავლის ძიება
რაც უნდა ვთქვათ და ვივარაუდოთ, ფაქტის წინაშე ვდგავართ: ნიღბებით დავდივართ და დაავადებას ვუფრთხით. მასზე კიდევ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია გვაქვს და ტყუილ-მართალი ვერ გაგვირჩევია.
არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ვისი პროექტის რა ნაწილი ვართ, ვრჩებით ინდივიდები და არჩევანი ჩვენზეა:
დავრჩებით ასეთები, თუ რაღაც უცნაურ არსებად ვიქცევით, რომელსაც ისედაც კარგად მართავდნენ და ახლა საერთოდ მარიონეტად აქცევენ, მოქაჩავენ ხელ-ფეხზე გამობმულ ძაფებზე და გინდა ფიზიკურად გაანადგურებენ და გინდა მორალურად.
მოკლედ, უმჯობესია, დავრჩეთ ინდივიდებად.
ფაქტია:
ახლა ჩვენი ცხოვრების არსში ცნებები კარანტინი და კრიზისი ჭარბობს და საკმაოდ დიდი დრო გვაქვს იმისთვის, რომ ვიფიქროთ.
ჰოდა,
ვიფიქროთ:
ჩემი აზრით, სიკეთეზე როგორც ხსნაზე.

„ვინც სხვებს უანგაროდ ეხმარება, მისი ყველა სურვილი ახდება.“
ინგლისური ანდაზა

ვფიქრობ იმაზე, რომ საკუთარ თავს არასდროს არაფერს ვსაყვედურობთ, სხვებს არ ვპატიობთ არაფერს, არც სიკეთის კეთებას მათ შორის და…
მრავლდება უკეთურება უპასუხოდ დარჩენილი სიკეთის ნაკვალევზე.
რა არ ვიწვნიეთ, რა არ ვიგემეთ… და მხოლოდ ერთს მივხვდით: თურმე, ჩვენს სიკეთეს ვერ ხედავენ…
არადა, ჩვენი ამჟამინდელი ყოფა გვაიძულებს ვაღიაროთ შეცდომა:
ჩვენ რომ დაგვენახა და გვეღიარებინა ღვთისგან მოცემული სიკეთეები – ახლა უბრალოდ მშვიდი ცხოვრება კარანტინის გარეშე – სანატრელი არ გვექნებოდა.
ნათქვამია: სანამ უარესს არ ნახავ, უკეთესს – ვერ დააფასებო.
ან იქნებ, ეს ჩვენ არ გვეხება.
რადგან ქვეცნობიერად ვიცით:
სიკეთე – სუსტების ხვედრია.
ძლიერებს სიკეთის კეთება არ სჭირდებათ:
თავად იკეთებენ თავისთვის და სისუსტეები არ ახასიათებთ:
ანუ: უანგაროდ არაფერს გაიღებენ. იმის შიშით, რომ თუ გასცა, თავადაც არაფერი ექნება. თუ გამუდმებით შიში აქვთ – ვაი თუ აღარ მექნეს, გამოდის, მათზე ძლიერები „სუსტები“ ყოფილან, ვისაც ღვთის განკითხვის გარდა არაფრის ეშინიათ.
დიდი ძალისხმევა არ უნდა სიკეთის მოხმობას, მხოლოდდამხოლოდ დანახვა. ჯიუტად ნუ გავექცევით იმას, რაც სიკეთეს იმ ძალებით აავსებდა, რომელიც კვლავ სიკეთის მოსატანად ეყოფოდა.
სულ ცოტა რამ გვჭირდება: უმთავრესი – უსაქმურობაზე, გამუდმებით აკვიატებულად ჭამაზე და გართობაზე უარის თქმა. ლოცვა უფლის სახელზე, მადლიერება მფარველი ანგელოზის, საკუთარი ახლობლების ჯანმრთელობის და კიდევ ბევრი სხვა სიკეთისთვის, უფალი ვიღაცის ხელით რომ გვიკეთებს, ახლობლის გულის სითბოს დანახვა, მშობლების მოფერება, საფლავების მონახულება, შრომა და სხვისთვის რაღაცის გაღება თუნდაც საკუთარი აღშფოთების, სიბრაზის და უმადურობის დაძლევის და აღიარების სახით. ცოდვებზე დაფიქრება და ამ სამყაროში საკუთარ ადგილის პოვნაზე ფიქრი…
სულ ეს არის ხსნა ყველა უკეთურებისგან.
საიდან მოვა?
ლოცვიდან.
გვახსოვდეს:
სიკეთე დაუნახაობას ვერ იტანს და ახლოს არ გვეკარება. ცხადია, არ ვძულვართ. სიკეთე იმისია, უბრალოდ, არ გააჩნია უკეთური გრძნობები.
იქნებ, უბრალოდ გვიფრთხის, როგორც უმადურებს, რისი საფუძველიც გვაქვს:
ბავშვობის ზღაპრებში სიკეთე ყოველთვის ამარცხებს ბოროტებას, დარწმუნებულები ვიყავით, რომ ცხოვრებაში ზუსტად ასე იქნებოდა. მაგრამ ხშირად ვაწყდებით, რომ ყველაფერი პირიქითაა, და ყოველთვის არ მოაქვს სიკეთეს სიკეთე. ყოველთვის არ პასუხობს სიკეთეს სიკეთე. სულ ერთია,თუ როგორ ვცხოვრობთ სიკეთეზე არ ვფიქრობთ მანამ, სანამ სიკეთე ვიღაცისგან ჩვენ თვითონ არ დაგვჭირდება. აი, მაშინ ვიგებთ, რამდენად ფასეულია:

„დაე ნურავინ წავა თქვენგან ისე, რომ არ იყოს უკეთესი და უფრო ბედნიერი, ვიდრე მოსვლამდის იყო. იცხოვრეთ ღვთაებრივი სიკეთის გამოსახვით: სიკეთე თქვენს სახეზე, სიკეთე თქვენს თვალებში, სიკეთე თქვენს ღიმილში, სიკეთე – თქვენს საქციელში“. – დედა ტერეზა

ლეგენდის თანახმად:

ღრმა წარსულში ცხელი ზაფხულის ერთ ღამეს, ჭაღარა დროის სუსტ გარიჟრაჟზე, მზის პირველი სხივის ჰორიზონტზე შეხებამ ცა და დედამიწა გაყო. შორეული სამხრეთის მიწაზე მთებში აწკრიალდა ზარები, ცის თაღს მიწვდა ჩიტების გალობა. მზის ცვრით პირდაბანილ მინდორზე ღვთის ნებიერი – სიკეთე დაიბადა. სასურველ სტუმარს გარემო ესალმებოდა. არ წყდებოდა ჟრიამული და ხალისი… მხოლოდ „მარადიული ბედნიერების“ წყაროს პირას მდუმარედ მდგარი ბებერი ტირიფი ფოთლებს იდუმალად აშრიალებდა. სიბრძნე ხომ არ ხმაურობს, სიბრძნის ხმა წყნარია, იმისთვის, რომ ის გაიგონო, თავად უნდა გაჩუმდე და ს ს ს…
მშვიდად ეძინა ახალშობილ სიკეთეს და ესიზმრებოდა ზღაპრული ადამიანური ბედნიერება: სიუხვე, მშვიდობა და ირგვლივ ყველაფერი სამყოფი. ისმენდა ბებერი ტირიფის „იავნანას“… მის სიბრძნის ქვეშ იზრდებოდა.
ღრმად გადაეჯაჭვნენ სიბრძნე და სიკეთე.
ღვთიური განაჩენის თანახმად – დრომ დასვენება მაშინაც არ იცოდა – მიდიოდა და მიდიოდა. სიკეთე იზრდებოდა, დღითიდღე მაგრდებოდა, ძალები ემატებოდა.
და აი, დრომ შემოურბინა და აცნობა, მუდმივი მოგზაურობისთვის მზად ყოფილიყო.
და დრო რომ მოვიდა, სიკეთემ ტირიფის ცივი წყაროს წყალი დალია, სამგზავრო კალათა კეთილი საქმეების ნერგებით აავსო და სამუდამოდ დატოვა სიბრძნის ველი. გრძელ გზას იმაზე ფიქრით გაუდგა, როგორ გაამრავლებდა ადამიანების გულებში სიკეთის ნერგებს სიკეთისმომტან ყლორტებს და რადგან სიკეთე იყო, ამის წარმოდგენაზე წინასწარ ტკბებოდა. მას სხვა არაფერი სჭირდებოდა, გარდა იმისა, სიკეთით გასხივოსნებული ადამიანების ბედნიერი სახეები ეხილა.
და მხიარულად შეაბიჯა ადამიანთა სამყაროში, სადაც მის სიხარულს დიდი დღე არ ეწერა. შეუდგა საკუთარი მოვალეობის შესრულებას, მაგრამ მხოლოდ კანტიკუნტად შეხვდა სტუმრის საჩუქრის ღირსეულად მიმღები რბილი გული, სადაც სიკეთის ნერგს აყვავება და გამრავლება შეეძლო. უფრო მეტად ადამიანების გულები ქვის აღმოჩნდა, ვერ დარგო და გაამრავლა სიკეთის ნერგები, ვერსად გააშვებინა ფესვები. დრო წინ გარბოდა, მისდევდა სიკეთე, განვლეს საუკუნეები. არ დაღლილა სიკეთე, არც დრო – ისევ ისე ერთად გარბიან და გარბიან, ვერა და ვერ რგავენ სიკეთის ნერგს. თქვენც არაერთხელ შეგვხვედრიან ცხოვრების გზაზე, მაგრამ უფრო დრო გვინახავს ჩავლილი, სიკეთე – არა. არადა, ერთად მოდიან, ჩვენი დრო მიდის, სხვისი მოდის, სიკეთე ვერა და ვერ ვხედავთ.
რატომ?
ასე გვეჩვენება, რომ სიკეთე დროს ასწრებს ისე სწრაფად გარბის დანახვას ვერ ვასწრებთ, რადგან დანახვის გარდა არაფერს გვავალდებულებს.
რა არის დანახვა?
სიკეთის სანაცვლოდ ერთადერთი სიტყვის თქმა: მადლობა!
ჩვენ კიდევ ამქვეყნისური ფაცაფუცით გართულებს, უფრო სწორად – ამოფარებულებს – არ გვცალია და დასანახად ვერ ვიცლით, ვითომ დაკავებულებს ხომ არაერთხელ შეგვიბრუნებია მისთვის ზურგი და ამიტომ, ჩვენს ცივ გულებში საკუთარი ნერგების გახარებას სიკეთე ამაოდ ცდილობს: როგორ?
ასე:
კარგად დააკვირდით და ნახავთ:
ჩვენი პირადი თუ შვილების, ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მინიჭებით, დედების თუ ახლობლების თბილის ხელით და გულიანი ლოცვით, კეთილი ადამიანების წყალობით, ყოველ ნაბიჯზე და ყოველ წუთს… მიუხედავად ამისა, რაღაც არ გვყოფნის, მეტი გვინდა და ველოდებით. ის „რაღაცა“ აგვიანებს და ჩვენ დაუნახავობას განვაგრძობთ, რადგან არავის უსწავლებია სიკეთეს სიკეთით ვუპასუხოთ. სამაგიეროდ ვერ ვფარავთ აღშფოთებას, როცა გვგონია, რომ სიკეთე არ დაგვიფასდა.
სიბრძნე წყნარად ჩურჩულებს, რომ სიკეთე ეს მარადიული ბავშვია – გულწრფელი, გულმართალი, გულღია და გულკეთილი, უშურველი და უშუალო, რომ სიკეთე ჩვენი ძალაა ისევე, როგორც შვილი.
უფალი გვკარნახობს:
ჭირთათმენით გაათავისუფლეთ გულები მძიმე ქვებისგან, დაე მის ნოყიერ ნიადაგზე დარგოს სიკეთემ ნერგები და აავსოს ჩვენი ცხოვრება ბედნიერებით და სიუხვით.
მარადიულ ბავშვს, „სიკეთეს“ დაე ნურასდროს ეცოდინება შიმშილი იყოს გამთბარი ჩვენი კეთილი საქმეებით: ღვთაებრივი სიბრძნით.

Loading…

სახიფათოა – მხოლოდ გამოართვა და სანაცვლოდ არაფერი გაიღო!
ისწავლე – გამორთმეულის ნაცვლად – შენც გასცე, ან უბრალოდ „მადლობა“ თქვა და სიკეთე, როგორც ასეთი – აღიარო!
წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შეინარჩუნებ სიკეთეს ვერც მატერიალურს, ვერც მორალურს, რადგან ადამიანს არ შეუძლია მიაღწიოს ხსნას მხოლოდ რწმენით. პრაქტიკული საქმიანობაა საჭირო. საქმე ხსნაში კი არა, მცნებების დაცვაშია, რომელიც ადამიანს მინიჭებული აქვს სამყაროს უმაღლესი გონისგან – უფლისგან. რელიგიების დიდი ნაწილი სიკეთეთ თვლის უფლის ნების აღსრულებას:
ყოველი რელიგია მიუთითებს რა არის სიკეთე, მაგრამ ძალიან ხშირად არ ამბობს, რა არ არის სიკეთე.
როცა მადლსა და უმადურობაზე ვსაუბრობ ყოველთვის თავს შემახსენებს ხოლმე მოლას არაკი:
მოლა ნასრედინა ყოველ დილით ალაჰს ეხვეწება: უფალო, გადმომიგდე ასი დინარი, ერთიც რომ დააკლდეს, ხელს არ ვახლებ. რისი უფალი ხარ ეს სურვილი თუ არ ამიხდინე. ასი დინარი მჭირდება არცერთი დინარით ნაკლები არა.
მოლას უახსლოეს მეზობელს (სხვები ალბათ, სხვანაირები იქნებოდნენ) მობეზრდა ყოველდილას ერთიდაიგივე ტექსტის მოსმენა და მოლას ფანჯრიდან ოთხმოცდაცხრამეტი დინარი ჩაუგდო და თან დაუთვალთვალა, რას იზამდა.
მოლამ ნახა ფული. აიღო, დაითვალა და საყვედური დაიწყო: ალაჰ, ხომ გითხარი, ას დინარზე ნაკლები არ მომცემეთქი. მაგამ რადგან საერთოდ მომეცი, ჯანდაბას, დავჯერდები.
ამ დროს მეზობელმა შეაღო მისი სახლის კარი და უთხრა: დამიბრუნე ჩემი ფული. შენი გამოსაცდელად ჩამოგიგდე. მაინტერესებდა ას დინარზე ნაკლებს თუ აიღებდი. უკვე ვნახე და დამიბრუნე ფული.
აუ, – აღშფოთდა მოლა, – შენ რა, ალაჰი ხარ. რომ მნდომებოდა, შენ შეგეხვეწებოდი. ალაჰმა ჩემი სათხოვარი შეისმინა და გინდა, შენ დაიბრალო ეს სიკეთე, ხომ? შე შურიანო, მოუსვი აქედან და შენი ხმა არ გავიგონო.
შეიქმნა დავიდარაბა, მაგრამ მოლამ „ალაჰის მოწყალება“ ცოცხალი თავით არ დათმო.
მეზობელი თავისას არ იშლიდა, მაგრამ არაფერი გაუვიდა. ბოლოს მოლას სასამართლოში უჩივლა, ასე და ასე იყო და ფულს არ მიბრუნებსო.
ყადმა სასამართლო ჩანიშნა, მაგრამ მოლამ განაცხადა, არც ჩასაცმელი მაქვს, არც ვირი მყავს და ქალაქში სასამართლოზე ვერ წამოვალო.
მეზობელმა სასწრაფოდ ჩასაცმელი მოუტანა, ვირი კარზე მოაყენა და წავიდნენ სასამართლოზე.
დაიწყო საქმის გარჩევა. მეზობელმა თქვა, რა როგორ იყო. ყადი მოლას მიუბრუნდა, ეს ყველაფერი სიმართლეა? – როგორ გეკადრებათ, თქვენო ღირსებავ, – იყვირა მოლამ, – ეს ჩემი მეზობელი დიდი შურიანი ძუნწი ვინმეა და აკვიატებული იდეები აწუხებს. მისი ამ თვისების გამო ვართ ახლა აქ. მაგას თუ მოუსმენთ, ამქვეყნად ყველაფერი მისია, მათ შორის ჩემი ეს ჩასაცმელიც და გარეთ – ვირიც.


აღშფოთებულმა მეზობელმა იყვირა, რაც შენ გაცვია და აგერ რომ ვირი აბაია, რითაც აქ ჩამორძანდი, აბა, ჩემი არ არის?
ა, ბატონო, ახლა მაინც ხომ დამიჯერებთ? ხედავთ რა თქვა? ჩემი ჩასაცმელი და ვირიც მისი ყოფილა.
მოლას დაუჯერეს და მისი მეზობელი სასამართლოდან კინწისკვრით გამოაგდეს.
ასეა, სიკეთე გამოსაცდელად არ უნდა გააკეთო.
სიკეთე ერთადერთია, რომელიც თავისთავად, სიკეთისთვის კეთდება, უფლის სახლით და უფლისთვის.
თუ ამაში დარწმუნებული არ ხარ, საერთოდ ნუ გააკეთებ, არავინ დაგაძალებს. სიკეთე ნებაყოფლობითია!
თუმცა, შინაგანად ყველამ კარგად ვიცით, რომ სიკეთის საქმე ასე მარტივად არის.
დაუნახაობას ვერ იტანს და ახლოს არ გვეკარება სიკეთე. დიდი ძალისხმევა არ უნდა მის მოხმობას, საჭიროა მხოლოდდამხოლოდ დანახვა, რაც სიკეთეს იმ ძალებით აავსებდა, რომელიც კვლავ სიკეთის მოსატანად განაწყობდა.
ამბობენ, სიკეთე აქამდე მაინც მოგზაურობს დანგრეულ გზებზე, ტანჯავს წყურვილი და შიმშილი გულქვა ადამიანების სიხშირის გამო.
რატომ?
მადლობა – აღიარებას ნიშნავს.
მადლობა თავადაც სიკეთის საკეთებლად მოგვიწოდებს.
მადლობა სიკეთის დანახვას და იმის აღიარებას ნიშნავს, რომ დანახულია და სიკეთეზე სიკეთით პასუხის ვალდებულება აღებულია, ანუ თავადაც უნდა გასცე.
სდექ!
ისრაელის მიწაზე ორი მკვდარი ზღვა და ტიბერიადის ტბა – სირია-აფრიკის რღვევის შედეგად წარმოშობილად ითვლება, ორივე მდინარე იორდანეს წყლით იკვებება და მაინც ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდებიან.
ბიბლიის მიხედვით,
ისრაელისა და იორდანიის საზღვარის ტერიტორიაზე ამჟამინდედლი მკვდარი ზღვის (ებრ. იამ ჰა-მელახ – „მარილის ტბა“) ადგილას საუკუნეების უკან ქალაქები სოდომი და გომორი არსებულა, მაგრამ მათი მოსახლეობა უზნეობის გამო უფალს დაუსჯია და იქაურობა წყლით დაუფარავს. მარილის მაღალი შემცველობა 33.7%-ია და ამიტომ მოკლებულია ორგანულ სიცოცხლეს. თუმცა ტბა არ გამოიჩევა მოძრაობით და მაღალი ტალღებით, უდაბნოს სიწყნარეა, არ ისმის ჩიტების გალობა. აქაურობა ტურისტებში დიდი მოწონებით სარგებლობს. ამასთან ერთ დროს უზარმაზარ უხვ საცავში წყლის დონე ინტენსიურად იკლებს, არსებობს ტბის საერთოდ გაქრობის საშიშროება, ამიტომ მუშავდება მისი გადარჩენის პროექტები.

ჩრდილო-აღმოსავლეთ ისრაელში ქალაქ ტიბერიასთან მტკნარწყლიანი გენესარეთის ტბა (ებრ.ბაჰრ-ტაბარია) სახარებაში არაერთხელ მოიხსენიება როგორც „გალილეის ზღვა“. იესო ქრისტემ თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი ამ ტბის სიახლოვეს გაატარა. სწორედ გენესარეთის ტბაზე თევზაობდნენ წმინდა პეტრე და ანდრია მოციქულები.
აქ ყველაფერი მწვანეშია ჩაფლული, ზამთარ-ზაფხულ მღერიან სამოთხის ჩიტები. ყოველთვის სუფთა და კამკამა წყალი მდიდარია თევზით.
ამ ორი ტბის ნახვის შემდეგ ნებისმიერი მოგზაური წარმოშობით ერთნაირ ამ ორ ტბას შორის რადიკალურ ამ განსხავავებას აუცილებლად აღნიშნავს.
რატომ ხდება ეს?
მდინარე იორდანე მოედინება ჩრდილოებთიდან, ეშვება კინერეთში, რომელიც თავის მხრივ, გაწმენდილ ნაკადს უკან მდინარეში აბრუნებს. შემდეგ წყალი გზას განაგრძობს სამხრეთით – მკვდარი ზღვისკენ, რომელიც გაუმავალია და მხოლოდ იღებს, ანუ არსებობს – „იკვებება“ მდინარის წყლით.
საყოველთაო აღიარებით ერთნაირი წარმომავლობის ორ ტბას ის განასხვავებს, რომ: ერთი გულუხვია, მეორე – არა.
ანუ:
ბუნებაში ყველა და ყველაფერი, ვინც იღებს და უკანაც იძლევა – ყვავის, ხოლო თუ სხვებისგან მხოლოდ იღებს და სამაგიერეოდ არაფერს იძლევა – იღუპება.

ერთი მდიდარი მეორეს შესჩივის, რამდენი ფული მაქვს და მისგან სიამოვნება ვერა და ვერ მიმიღია, რა უნდა ვქნა, რაც მინდოდა ყველაფერს მივაღწიე. ყველაფერი მაქვს და ამ ფულმა ვერანარი ბედნიერება ვერ მომანიჭა გარდა თავად ფულის ქონის ბედნიერებისაო. მეორემ უთხრა, გაეცი და ნახავ როგორ ბედნიერი იქნებიო.
დრო გავიდა და კვლავ იმავე თემაზე გააბეს საუბარი. ისევ აწუწუნდა პირველი, ფულმა სიამოვნება არადა არ მომანიჭა და რა ვქნა არ ვიციო. მეორემ: შენ რა, ჩემი რჩევა არ გაითვალისწინეო. კი, როგორ არა, მიუგო პირველმა, ბიძაჩემს დიდი ფული მივეცი. მერე ვერაფერი იგრძენი? – ვიგრძენი, როგორ არა, ვიგრძენი, რომ ბიძაჩემი სამუდამოდ დავკარგეო. – მიუგო პირველმა.
მიდი ახლა და არკვიე მტყუან-მართალი.
აიღე სასწორი და „აწონე“ ვის რამდენი სიამოვნება მიანიჭე, საერთოდ თუ არ დაკარგე. თუმცა,
საქმე უიმედო არ არის.
ადამიანურ სხვა თვისებებთან შედარებით სიკეთე მაინც ბევრად უფრო ფასეულია. სიკეთის კეთებით ადამიანი უფრო კარგი – ლამაზიც კი ხდება.
სიკეთის კეთების სიამოვნებას, სხვა ვერანაირი გრძნობა ვერ შეედრება.
ვილოცოთ, რომ უფალმა სიკეთის დანახვა დაფასება და სიკეთითვე პასუხი შთაგვაგონოს.
საამისო დრო გვაქვს.
დრო სიკეთის მეგობარი.

პირველი ნაწილის დასასრული

ქეთევან ჩემია, ისრაელი

paqtebi.ge

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ