გუშინ მეგობართან, ,,მთავარზე“ ფილმი – ,,კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია“…
ბრძოლა ავტოკეფალიის აღდგენისთვის და რუსეთში გადასახლება (1905-1917)…
1907 წელი – სიტყვა წარმოთქმული ილია მართლის ცხედრის წინაშე:
,,დღეს მთელი საქართველო დასტირის დიდებული მამულის შვილის ცხედარს. დღეს საქართველომ დაჰკარგა უდიდესი მგოსანი, საუცხოვო და თავდადებული საზოგადო მოღვაწე, სიამაყე ლიტერატურისა. არა გვყავს ილია ჭავჭავაძე – მოჭირნახულე თავის ერისა. ის მოიკლა ბარბაროსების ბინძურის ხელით…“
მიმდინარე მოვლენები გამახსენდა – ჭუჭყში ქექვისგან ჩვენი ექსტაზი!..
რითი ვართ გატაცებულნი, დროს რაში ვხარჯავთ და ვერთობით… თუ სხვა გვართობს?.. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს – ეს ხომ ჩვენ – მე და შენ ვართ! შემრცხვა – რად ვიქეცით, როგორ დავჩიავდით… ეს საზიზღრობა ხომ გაპატარავებს, მიწასთან გასწორებს, გსვრის – ცხოვრება აღარ გინდა…
1921 წელი – ბოლშევიკური საქართველო და ისევ გაუგონარი თავგანწირვა – მიმართვა გენუის კონფერენციას, დაპატიმრება (1922-1924) და ცნობილი: „ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს, ჩემი გვამი კი თქვენთვის დამითმია, მტარვალებო!“
1927 წელს საქართველოს ეროვნული გმირი ამბროსი ხელაია გარდაიცვალა.
ჰოდა, რა საჭიროა დაშაქრული პათეტიკა და მაღალფარდოვანი სტილი? ეს ხომ მართლა იყო! ჩვენ ხომ ამბროსისა და ილიას შთამომავლები ვართ, მემკვიდრეები და საქმის გამგრძელებლები!.. მათი სისხლი და ჩვენი ერთია…
გული ამომეწია, ცხოვრებას აზრი მიეცა, სახლში შესანიშნავ განწყობაზე დავბრუნდი!
ასეთი ადამიანები ატრიალებენ დედამიწას და არა… ის ჭიები.
მართლაც: ,,ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!..
აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია“
P.S.
დიდი მადლობა ფილმის ავტორებს – შოთა მალაშხიასა და დიმიტრი ტატიშვილს!
ზურა ოდილავაძე