“ჩემი შვილის მკვლელობის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, საერთაშორისო ასპარეზზე უნდა გამოეყენებინათ”-გიგა ოთხოზორიას დედა

0
151

გიგა ოთხოზორიას დედა, ჯულიეტა ჭანტურია თავისი შვილის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობას „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემა“ რეაქციაში“ იხსენებს და ამბობს, რომ მკვლელობის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, საქართველოს ხელისუფლებას მსოფლიო ასპარეზზე, ოკუპანტი რუსეთის მხილებისთვის უნდა გამოეყენებინა.

„ჩემი შვილის მკვლელობის შემდეგ, ფირი სახეზე იყო, ყველამ თვალნათლივ დაინახა როგორ მუხანათურად მოკლეს გიგა ოთხოზორია ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ეს შესაძლებელია არ იყო კარგი მაჩვენებელი იმისა, რომ ვიღაცას კარგად არ ჰქონდა დაცული ის საზღვარი, მაგრამ თუ ეს ასე იყო, მიუხედავად ამისა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია უნდა ჩართულიყო და ყველას ხმამაღლა უნდა ეთქვა, რომ ეს გააკეთა რუსეთმა და არა ვიღაც ერთმა უბრალო მესაზღვრემ, რომელიც იქ, მთვრალ მდგომარეობაში იდგა. არ ვიცი კონკრეტულად ვის უნდა დავადო ხელი, მაგრამ ვისაც ევალებოდა, უნდა გამოეყენებინა ეს მდგომარეობა. საკუთარ მიწაზე, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, რომ გადმოვიდა გარეწარი და შვილი მომიკლა, ამის დამადასტურებელი ვიდეოჩანაწერები რომ იყო, მათ ეს კადრები ძალიან მაგრად უნდა გამოეყენებინათ ყველა საერთაშორისო ასპარეზზე, იმიტომ კი არა, რომ ეს ჩემი შვილი იყო, იმიტომ რომ იყო ქართველი და საქართველოს ხელისუფლება, ვისაც ევალება, მზად უნდა ყოფილიყო, რომ თითოეულ მოქალაქეს დაცულად ეგრძნო თავი“, – განაცხადა ჯულიეტა ჭანტურიამ.

ოთხოზორიას დედა, იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ „ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული საქმე და ოკუპანტს ოკუპანტის სახელი დაარქვას“.

„ორი დღის წინ გამიჩნდა იმედი იმისა, რომ ახლა მაინც ხელიდან არ გაუშვებს შანსს საქართველოს ხელისუფლება, ვისაც ეს ევალება და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მთელი საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვით, ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული საქმე და ოკუპანტს ოკუპანტის სახელი დაარქვას“, – განაცხადა ჯულიეტა ჭანტურიამ.

ფაქტები.ჯი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ