პუბლიკაციები

«ჩებურაშკა» ლაინერ «ტუ-134»-ის წინააღმდეგ — ხომალდის მეთაურის «სისხლიანი გმირობა»

ინტერვიუ ჩაწერილია ამ ათიოდე წლის წინ მაგრამ მიზეზთა გამო პირველად იბეჭდება

თავის დროზე გახმაურებელი სისხლის სამართლის ამ საქმის დეტალები აქამდე არ გახმაურებულა, რადგან მასზე საუბარი არ არი იოლი. არადა ასეთი იყო ისტორია, რომელიც ცნობილია, როგორც «ჩებურაშკა» ლაინერის წინააღმდეგ, რადგან სწორედ მომცრო ეს თვითმფრინავი დაუპირისპირდა უზარმაზარ ლაინერს, რაც, ბუნებრივია, ტრაგედიით დასრულდა. თუმცა გამოძიებისას პროფესიონალმა ექსპერტებმა დაასკვნეს, კიდევ უფრო უარესს გადაუვურჩითო და ხომალდის მეთაურის უდანაშაულობა დაადასტურეს, რასაც მისთვის ტანჯვა არ შეუმსუბუქებია.

მფრინავი ზაურ (ორესტი) ბედიასთვის ამ თემაზე საუბარი არც ახლაა დიდად სასიამოვნო, მაგრამ არსებულ დოკუმენტაციაზე კომენტარზე უარი მაინც არ გვითხრა, რისთვისაც მეტად მადლიერი ვართ.


— გასული საუკუნის 70-იანი წლებში ის-ის იყო თითქმის დასრულდა ჩემი სტაჟირება «ტუ-134»-ის ტიპის თვითმფრინავზე და ეკიპაჟის მეთაური უნდა გავმხდარიყავი. ავიაციას თავისი კანონები აქვს, რომელიც დროდადრო იცვლება, მაშინ ასეთი წესი იყო: «ხომალდის მეთაური» რომ გამხდარიყავი 150 საათი ინსტრუქტორთან ერთად უნდა გეფრინა და მის თანახმად ბათუმი-მოსკოვის რეისზე პროგრამით გათვალისწინებულ ბოლო საათებს ვასრულებდი, როცა საწვავის დასამატებლად სოხუმის აეროპორტში დავეშვით. საქმეს მოვრჩით თუ არა, შტურვალთან დავდექი. დისპეტჩერისგან აფრენის განხორციელების ნებართვის მიღებისთანავე ჯერ დასაშვები — საათში 29 კილომეტრი ჩავრთე და სანამ საფრენი პოზიციისთვის საჭირო სტანდარტული 270 კმ/სთ ღილაკს დავაწვებოდი, ინსტინქტურად ასაფრენი ბილიკისკენ გამექცა მზერა და ნანახისგან თვალები კინაღამ ორბიტიდან ამომიცვივდა, ვხედავ ჩემი უზარმაზარი საფრენი აპარატის ტრაექტორიაზე, ასე 100-120 მეტრში ე.წ. «ჩებურაშკა» — ჩეხური ორძრავიანი 17 ადგილიანი თვითმფრინავი ჩვენსკენ მოიწევს.
როგორც ჩანს, მე და მისმა პილოტმა ერთდრულად შევნიშნეთ ერთმანეთი, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ადეკვატური რეაქცია ჰქონოდა და დაუყოვნებლივ გზიდან გადაეხვია და გამცლოდა, ჩვენსკენ მიმართული მანევრირება შეწყვიტა, მაგრამ ადგილზე დაიწყო ტოკვა, ანუ საფრთხე არ აგვაცილა.
წარმოუდგენელ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. საქმე იმაშია, რომ ასაფრენი ბილიკი დისპეტჩერისგან კონტროლდება და თეორიულად უზარმაზარი «მახინის» ასაფრენად იქ ხელისშემშლელი შეუძლებელია რამე იყოს, მითუმეტეს, თვითმფრინავი.
რაც იქ იმწუთას განვიცადე, ახლა რომ დამესიზმროს, შეიძლება გული გამისკდეს, არადა, ეს ჩემს რეალურ ცხოვრებაში მოხდა: 47 ტონიანი «ტუშკას» (ტუ-134) სერიოზულ რისკთან დაკავშირებული ექსტრემალურად დამუხრუჭება და უკვე ჩართული ძრავის გამორთვა გარდაუვალი გახდა. ფიქრის დრო არ იყო, ფაქტის წინაშე ვიდექი და იმ რამდენიმე წამში უამრავი რამის გააზრება მოვასწარი: ასაფრენი ბილიკი მგზავრებით სავსე «ჩებურაშკითაა» დაბლოკილი, რომლის პილოტის სათანადო რეაგირება არ ჩანს და მომცრო საფრენი ეს აპარატი ჩვენს ცხვირწინ ტრიალს განაგრძობს. სათანადო ცოდნით აღჭურვილი თავდაჯერებული ახალგაზრდა მფრინავი ვიყავი, დარწმუნებული იმაში, რომ ამ ტიპის თვითმფრინავზე დიდი გამოცდილების უქონლობას ხელი არ უნდა შეეშალა, რადგან მფრინაობის მრავალწლიანი გამოცდილება ზურგს მიმაგრებდა. არჩევანი მაინც არ მქონდა.
— წინ! – ვუთხარი ჩემს თავს და ბედისწერასთან შესარიკინებლად მოვემზადე.
ის რაც შემდეგ მოხდა, ზაურ ბედიას აღწერილი აქვს დაკითხვის ოქმში:
უსწრაფესად გამოვრთე ძრავა და ჩავრთე მუხრუჭები იმის იმედით, რომ ამ შუალდეში «ჩებურაშკას» პილოტი გონს მოვიდოდა, თავს უშველიდა და გზას დაუცლიდა უზარმაზარ «ტუშკას»… მაგრამ ეს არ მოხდა… ის ერთ ადგილზე «საბედისწერო როკვას» განაგრძობდა… იმ დროს ტვინი მექანიკურად, თითქოს ჩემგან დამოუკიდებლად უხმობდა მთელ თავის შესაძლებლობებს და გამოცდილებას. ვიცოდი, რომ ამ წამში სწორად გაკეთებულ ნაბიჯზე იყო დამოკიდებული ჩვენი გადარჩენა, რისთვისაც ცხადია, მხოლოდ დამუხრუჭება არ კმაროდა, გარდაუვალი პირდაპირი შეჯახების და ამით გამოწვეული საშინელი აფეთქების თავიდან ასაცილებლად ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილების მიღება იყო საჭირო. ინსტინქტი მამოძრავებდა: «ჩებურაშკის» პილოტის გონსმოსაყვანად გამწარებული ეთერში მთელი ხმით ვყვიროდი: «ასაფრენი ბილიკიდან მდელოზე გადადი… გადადი… გადადი და ერთ ადგილზე გაჩერდი»… და თან რუსულად უშვერი სიტყვებით ვაგინებდი…
ყველაფერი ამაო იყო. საშველი არ დაადგა, ისევ შუა ტრასაზე იდგა და ფეხს არ იცვლიდა. «ასაფრენი ბილიკიდან უნდა გადავიდე და გვერდი ავუქციო!» — სანამ გადაწყვეტილების მიღებას დავასრულებდი, გავაცნობიერე, რომ ეს შეუძლებელია, რადგან ასაფრენი ბილიკის მარცხნივ ხალხი ტრიალებს, ბალახს თიბავენ, ტექნიკა და მანქანები დგას; მარჯვნივ დიდი ორმოა ამოთხრილი — სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და… ორივე შემთხვევაში უბედურება გარდაუვალია. რჩება საფრენი ბილიკიდან შორს გადაცდენა და ბალახებზე გასვლა, რაც ინსტრუქციის თანახმად, ყოვლად დაუშვებელია, რადგან «ტუ-134» ტიპის თვითმფრინავის ძრავა რეაქტიულია და მიწიდან ისრუტავს აბსოლუტურად ყველაფერს და თუნდაც უმცირესი რაიმე ნივთი, კენჭიც რომ მოხვდეს შიგ, ვერაფერი გვიშველის, ჰაერში ავიწევით… მოკლედ, თუ ახლავე არ მივიღებდი საჭირო ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას — ტრაგედია გარდაუვალი ჩანდა… ამასობაში, ხელმარჯვენივ მჯდომმა ინსტრუქტორმა — ბატონმა მიხეილ გრიგალაშვილმა, რომელიც სარკმლიდან იხედებოდა, დამიყვირა, «ზაურ, მარჯვენა ფრთის წინა მხარეს საწვავი იღვრება»… ეს ბოლო წერტილი იყო, მეტი ფიქრისთვის დრო აღარ დარჩა: გონებამ სწრაფად მომაწოდა საფრენოსნო სკოლაში ნასწავლი: ნაპერწკალი რომ არ გამოეწვიოს და ცეცხლის ალში არ გაგვხვიოს სასწრაფოდ ვრთავ ელექტროტრამლიორებს, ვრისკავ და სამოძრაოდ საფრენი ზოლის კიდეზე თეთრ ხაზს ვირჩევ, შეუჩერებლად ვიძლევი განკარგულებას, რომელიც ზუსტად და განუხრელად სრულდება: მთელი ძალისხმევა ამ ზოლზე სწორად მოძრაობისკენაა მიმართული. უკვე ყველაფერი ჩემი ხომალდის იუველირულად ზუსტად წარმართულ მოძრაობაზეა დამოკიდებული… «ბეწვის ხიდზე» უშეცდომოდ უნდა გავიაროთ არც მინდორზე გადავიდეთ და ავუაროთ გვერდი საფრენ ტრასაზე ჯერაც «მტოკავ» «ჩებურაშკას» ისე, რომ არ შევეხოთ. სანამ ორიენტირად საფრენი ზოლის კიდეს მივუყვებით, ძრავა სრულად ჩერდება. ვაცნობიერებ უზარმაზარი «მახინა» დამორჩილებულია, ახლა მთავარია, ზუსტად დავიცვა პარამეტრები… საბედისწეროდ აცეკვებული პატარა «ჩებურაშკა» უკან დარჩა და ჩემი თვალსაწიერიდან გაქრა…

ვგრძნობ, სიმწრის ოფლისგან მთლიანად სველი ვარ… უკვე სადაცაა გავჩერდებით კიდეც… დაძვრიდან 4 წამის შემდეგ ბოლოს და ბოლოს ეს მოხდა — გავჩერდით…. გამომივიდა! მილოცვა არ ვაცალე ტვინს. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ყველა უბედურება ავიცილეთ თავიდან. თუმცა კოშმარული სიზმარი არ დამთავრებულა, გაგრძელდა… მღელვარებას ვერ ვიოკებ, სიბრაზისგან ანგარიშს ვერაფერს ვუწევ, ჩახმახზე შეყენებული პისტოლეტმომარჯვებული ტრაპის მიყენებამდე გადავხტი უზარმაზარი მანქანიდან და განრისხებული გავიქეცი უკან — თითქმის ერთ კილომეტრი, რათა «ჩებურაშკას» თავხედი პილოტი დამესაჯა… იმდენად დიდი იყო ჩემი აღშფოთება, სახანძრო და სასწრაფო მანქანებსაც დავასწარი მასთან მისვლა… იდგა და ისე გამოიყურებოდა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. «აღარ ხარ ხასიათზე?» — ბოღმიანად მოვასწარი გაფიქრება და სახელურს წავეტანე, რომელიც მუჭში შემრჩა და კარი იოლად გაიღო. ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, რადგან ის, რაც ჩემს თვალწინ გადაიშალა, ნანახი კოშმარული სიზმრისთვისაც მეტისმეტი იყო… ადამიანების თბილი სისხლის ოხშივარმა უკან მომისროლა, «ჩებურაშკაში» სხეულის ნაწილებმოგლეჯილი, უმოწყალოდ დაჩეხილი უთავო, უმკლავო, ერთმანეთში აზელილი ადამიანების გვამები ეყარა… მახსოვს, თაზარდაცემული როგორ ჩავიკეცე. უკვე სხვებიც იქ იყვნენ.
ჩვენებას უფრო პოპულარულ ენაზე ვერ დაწერდა და არც არავინ ითხოვდა მფრინავი ბედიასგან, რადგან პროფესიონალებთან საუბარი ცალკე იყო.
— დიდი ფსიქიკური დარტყმა მივიღე… ინფარქტს სასწაულით გადავურჩი… თავს არასდროს დამანებებს ის კოშმარი, რომელიც შემთხვევის გამომწვევი მიზეზის დასადგენად მოსკოვიდან 18 კაციანი საგამოძიებო ჯგუფის მიერ გამოკვლევით და სასამართლო თითქმის დაუსრულებელი პროცესებით გაგრძელდა და მათთვის ყველაზე მეტად საინტერესო სწორედ მე ვიყავი, რადგან თვითმფრინავში ყველაფერზე პასუხს მეთაური აგებს და გამოძიების და სასამართლოს დასრულებამდე თითქმის ეჭვმიტანილი დავრჩი.
თავიდან ფეხებამდე გამომიკვლიეს… ჩემს დაკითხვას, უფრო სწორად წამებას დასასრული არ უჩანდა. ჩემს სიცოცხლეში არ მომიწევია — ვერ ვიტან. შინ და გარეთ მეც და ჩემს ირგვლივ ყველა ნერვიულობდა. თითქმის ყველა თამბაქოს კვამლში როგორც ნისლში ისე ვიყავით გახვეულები და როცა დღედაღამე დაკითხვაზე ვიყავი, არ ვიცი როგორ, მაგრამ ჩემდაუნებურად მოწევა დავიწყე და მის დასრულებამდე, თითქმის სამი თვე არ შემიწყევეტია.
სხვათაშორის, მომხდარის ზუსტი მიზეზის დასადგენად და რეალური სიტუაციის ამსახველი დასკვნის დასადებად საქმის შემსწავლელთა შორის მყოფი რუსი ინსტრუქტორ-გამომცდელი მფრინავები იყვნენ და თვითმფრინავზე ჩემი ქმედების ექსპერტიზას ატარებდნენ. იმ დროს ქართველ და რუს პილოტებს დაძაბული ურთიერთობა გვქონდა, მართალია, შოკირებული ვიყავი, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში — დამნაშავე – არა. მაგრამ ვშიშობდი, მოსკოველ ექსპერტებს სიზუსტის დადგენისთვის თავი არ აერიდებინათ და ამით შური არ ეძიათ…
გაიშიფრა «შავი ყუთი», რომელსაც ჩემს მიერ გაცემულ ყველა განკარგულებასთან ერთად, არც რუსულად გინების ჩაწერა დავიწყნია…
გამოძიება თითქმის მთავრდებოდა, როცა მკითხეს, იარაღმომარჯვებული უკან რატომ გავრბოდი. გულწრფელად ვუპასუხე, მფრინავი ცოცხალი რომ დამხვედროდა, უნდა მომეკლა-მეთქი… ტესტზე პასუხი «ჩემს სასარგებლოდ» მიღებულად ჩაითვალა. მგონი, აფექტით მოინათლა. ფიქოლოგიური ტესტის კიდევ რამდენიმე შეკითხვა სამუდამოდ ჩამრჩა მეხსიერებაში. მათ შორის ესენიც: ახლა რომ რეისზე წასასვლელად გიხმონ, რას იზამ, შტურვალთან დადგებიო? ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ვუპასუხე: დაუყოვნებლივ-მეთქი. მორიგ შეკითხვაზე, არაფერი დაგაბრკოლებსო? ჩემი პასუხი კატეგორიული იყო: არა! –.
ბოლოს, როცა ყველაფერი დამთავრდა, მოსკოველმა კოლეგებმა მისაყვედურესსავით: «ისე, რუსულად ჩვენზე ნაკლებად არ იგინებიო»… ამ ხნის განმავლობაში, პირველად მაშინ გამეღიმა და უცებ მივხვდი, რომ სიცოცხლე გრძელდება…
არასდროს დამავიწყდება სასამართლოზე ექსპერტების გამოსვლა, რომლებმაც მოსამართლეს და დამსწრე საზოგადოებას დეტალებში განუმარტეს ჩემი ყოველი ქმედება.
მაგრამ ზაურ ბედია არაფერს ამბობს სიტყვებზე რომელიც საგამოძიებო დოკუმენტაციამ შემოინახა:
«ხომალდის მეთაურმა 4 წამში შეძლო ის, რასაც საუკეთესო გამომცდელი-პილოტები 6 წამში ძლივს ახერხებენ, თვითმფრინავი მთლიანად დაიმორჩილა და ხელში აიყვანა, რამაც განსაზღვრა ბევრად უარესი შედეგის თავიდან აცილება, კერძოდ პირისპირ შეჯახებით გამოწვეული აფეთქების შედეგად დაიღუპებოდა ორივე თვითმფრინავის – ერთი დიდის (134 მგზავრი ეკიპაჟიანად) და მეორე პატარის (19 მგზავრი ეკიპაჟიანად) სრული შემადგენლობა და ასევე აფეთქების საფრთხის ქვეშ დგებოდა აქვე ახლოს საწვავის დიდი მარაგი, რომლის აფეთქება საკმარისი იქნებოდა არა მხოლოდ სოხუმის, «ბაბუშარის» აეროვაგზლის, არამედ მისი მიმდებარე ტერიტორიების სრულიად გასანადგურებლად. ამიტომ, რაც პილოტმა ზაურ ბედიამ გააკეთა, არის პილოტის ცოდნის, გამოცდილების და გამბედაობის შერწყმის თვალსაჩინო დემონსტრირება».

Loading…

— დიახ, კომისიამ დაადასტურა ჩემი წვლილი არა მარტო თვითმფრინავის, მგზავრებისა და ეკიპაჟის, არამედ მთლიანად აეროპორტის გადარჩენაში. მეტიც, განაცხადეს, რომ ამისთვის სასჯელი კი არა, ჯილდო მეკუთვნოდა… და აღარ დამაპატიმრეს, მაგრამ ამას განსაკუთრებული სიხარული არ მოუნიჭებია. – აცხადება იმ მოვლენებიდან თითქმის მეოთხე ათწლეულს.
საქმის რეზონანსულობის და დიდი მსხვერპლის გამო, ვინმე აუცილებლად უნდა დასჯილიყო… სხვათა შორის, როგორი გასაკვირიც უნდა იყოს დღეს, იმჟამად სასამართლოს პრაქტიკაში იყო დამნაშავის სიკვდილის შემდეგ გასამართლება და სასჯელის გამოტანა. რადგან ამ შემთხვევაში რეალური დამნაშავე მსხვერპლიც იყო — ესეც შეუძლებელი გახდა და დისპეტჩერები, ფრენების ხელმძღვანელი და კიდევ ხუთი სხვა სრულიად უდანაშაულო ადამიანები გაასამართლეს და ციხეში ჩასვეს ზოგიერთი 8 და ზოგიც 12-12 წლით.
— ტრაგედიის მიზეზების გამოძიების და სასამართლოს მიერ საბოლოო გამამართლებელი განაჩენის გამოტანიდან ოცდამეერთე დღეს კვლავ რესიზე ვიყავი. მეტიც, სამი თვის შემდეგ მორიგი სერიოზული განსაცელი გადავიტანე. მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტიდან ცაში 10 500 მეტრის სიმაღლეზე აფრენილი «ტუშკას» მარჯვენა ძრავის ფირფიტების ჩაშლამ ხანძარი გამოიწვია და სანამ თვითმფრინავს «კუდი» მთლიანად მოწყდებოდა, უფლის ნებით — სასწაულებრივად მიწაზე უვნებლად დავეშვით, რაც იმ «ჩიბურაშკას» ტრაგედიის ფონზე, აბა, რა მოსატანია.
გამოძიებისა და სასამართლოს მიერ საბოლოდ დადგინდა, რომ «ჩებურაშკა» საფრენი ბილიკის ცენტრში ისე იდგა, რომ ჩვენს შორის ძალიან მცირე მანძილი იყო, ამიტომ მიუხედავად პილოტის მცდელობისა შეჯახების გარეშე აევლო გვერდი, არ გამოვიდა, მართალია პირდაპირი შეჯახება თავიდან აიცილა, მაგრამ უზარმაზარი თვითმფრინავის «ტუ-134»-ის ფრთამ სულ რამდენიმე «სეკუნდში» სიკვდილის კალო დაატრიალა: კონსერვის ქილასავით გადასერა «ჩებურაშკას» მთელი ჭერი, ბორტზე მყოფ მგზავრებს და მფრინავებს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა და შემდეგ «იუველირული სიზუსტით» გადახსნილი ჭერი კვლავ თავის ადგილას ისე დავარდა, რომ ქმნიდა ილუზიას, თითქოს, თვითმფრინავი უვნებელი იყო…
გაირკვა: სოხუმი-ქუთაისი-სოხუმის ამ საბედისწერო რესის «ელ-410» — «ჩებურაშკას» ხომალდის მეთაურ გრიგორი გეტმანენკოს დიდი რაოდენობით ალკოჰოლი ჰქონდა მიღებული და არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა დისპეტჩერის ნებართვის გარეშე ასაფრენ ზოლზე თვითნებურად გავიდა. ისიც დადგინდა, რომ, პილოტს რუსეთიდან ჩამოსული საცოლე ქუთაისში ელოდებოდა და მასთან მიიჩქაროდა.
სასამართლო გადაწყვეტილებაში ეწერა: «სამსახურებრივ გულგრილობას და დაუდევრობას» შეეწირა სრულიად უდანაშაულო 19 ადამიანი, მათ შორის ქუთაისელი მექორწინეები — ახალგაზრდა სიძე-პატარძალი და მთელი მაყრიონი… მისი მეორე პილოტი, ვიქტორ გრიგორიევი — უკეთილშობილესი და უპატიოსნესი ახალგაზრდა კაცი, ყველასთვის უსაყვარლესი, ასვე აეროპორტის — თანამშრომლის, პროფესიონალი მომღერლის, ტონია გრიგორიევას ერთადერთი ვაჟი, რომლის დაღუპვა საბედისწერო აღმოჩნდა მისი დედისთვისაც…
— მსხვერპლებს შორის ასევე იყვნენ: ადგილობრივი — ბაბუშარის მკვიდრები, ჩვენი აეროპორტის თანამშრომლები, ჩემი მეგობრები, მეზობლები და ახლობლები.
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები!
ამ ამბებს ხომ შემდეგ აფხაზეთის დაკარგვა მოჰყვა და ამდენი გასაჭირგადატანილი დღესაც ვაღიარებ, ბევრად უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, «ჩებურაშკაზე» მსხვერპლი რომ არ ყოფილიყო…

ქეთევან ჩემია

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

წმინდა ქეთევანის მადლი გფარავდეთ!

Joni Kvaracxelia

ჩვენ ვართ ერთიანები, მაგრამ არა ერთნაირები

მზარდი კრიმინოგენური მდგომაროება და ეკონომიკური კრიზისი

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი