ანალიტიკაპუბლიკაციები

შონტისთან — იტალიაში როგორ ცხოვრობთ, ემიგრანტო ქართველებო?

პირველი ნაწილი

ერთი კაცი ბედნიერების საძებრად ზღვებს მიღმა გაემგზავრა და დიდხანს შეყოვნდა. დაბრუნებულს თანამემამულეები ეკითხებიან:
— იპოვე ბედნიერების «ლურჯი ფრინველი?» აბა, გვაჩვენე-
— კი, აი, მშობლიური მიწა — უყურებენ და ვერ იგებენ.
— სად?
— აი, აგერ თქვენს ცხვირწინ, ფეხქვეშ დაიხედეთ — მშობლიური მიწა
— იფ, ეს რა ხდება. რისთვის გაგგზავნეთ, შე გამოშტერებულო —
ვერ გაიგეს. ისინი ხომ მის თავგადასავლებში არ მონაწილეობდნენ.

ამჯერად მხოლოდ ერთი დღე-ღამის შესახებ მოგიყვებით, რომელიც მაშინ სასაცილოდ ნამდვილად არ გამოიყურებოდა, მაგრამ ახლა სიხარულით ვიხსენებ მიუხედავად იმისა, რომ ფეხები ჯერაც მტკივა და სიმძიმისგან დაბრეცილი ბეჭიც თავს მახსენებს.
ეს საქმე ასე იყო:
დამსაქმებელმა მომიძებნა საქმე და იტალიის უკიდურეს სამხრეთისკენ ავიღე გეზი… რადგან თუ იმ დღეს არ წავიდოდი გზები იკეტებოდა. ტოტალური კარანტინი გამოაცხადა იტალიამ. ბოლო რეისის სამი ბილეთიდან ერთ-ერთი მე მერგო და ავტობუსში მოვკალათდი. კომფორტულ, თბილ ადგილზე დავჯექი, სადაც სამხარი და წყალი დამხვდა. ნახევარი გზის შემდეგ უკვე სხვა მიკროავტობუსში გადაგვიყვანეს და უმშვენიერეს გზებს გვაზიარეს ტრანსპორტის მესვეურებმა. ზოგადად ეს ქვეყანა ტურისტულია. აქ გზა მხოლოდ სიამოვნების მომგვრელია, თუ დაზაფრული არ ხარ ან სახლში დატოვებულების ან მომავლის შიშით, ეს არის საოცნებო და განუმეორებელი ქვეყანა მისი ნებისმიერი მხარით.
ბოლოსდაბოლოს დანიშნულ ადგილზე ვარ. მიუხედავად იმისა, რომ საათნახევრით გვიან ჩავდივარ, მახარებს ეს დაგვიანება, რადგან ვიცი, რომ მთელი ღამე გარეთ მომიწევს ყურყუტი. საქმე იმაშია, რომ ამ თვეში ეს ავტობუსი ბოლოა, რომელიც უკიდურეს ჩრდილოეთში ჩადის, გზები იკეტება და ღამის თერთმეტის ნაცვლად დღის სამ საათზე გამოვემგზავრე. ჩემს სავარაუდო მასპინძელს ძმა მოკვდომია და შვილი ჩამოსვლია ჩრდილოეთიდან, მასთან ვერ მივალ, მეორე ქართველს, რომელიც აქირავებს ბინებს სამუშაოს მომლოდინეებზე, ადგილი არ აქვს და ღამე როგორც მინდა ისე უნდა გავათენო. საკითხი ჩემი გადასაწყვეტია და მეც გადაწყვეტილება მიღებული მაქვს. ჩავდივარ შესანიშნავ ხასიათზე, უკვე მზად ვარ იმისთვის, რომ ღამეს ქუჩაში გავათენებ. ზაფხული, მეტი სითბო რომ იყოს, იცოცხლე, აგერ გაჩერებაზე დავწვებოდი, მე შენ გეტყვი და არავინ ჩამოიაროს და არ გნახოს ერთბაშად, ან არ გავნოს რამე… პოლიციის მანქანა აგერ მოციმციმებს და ასე იქნება მთელი ღამე… ან რამ უნდა გამიფუჭოს ხასიათი. ჯანმრთელები ვართ ყველანი. რაც უნდა სიძნელე გავიარო, ბოლოსდაბოლოს ყველაფერი დალაგდება, შინ სითბო და სიმშვიდე აქვთ ჩემებს. მე კიდევ ოცნება მისრულდება. მთელი სიცოცხლე ხეტიალზე ვოცნებობდი, პატარა შვილიშვილები სხვაგან წასვლა რომ არ შემეძლო, მთებში დამყავდა. არა, ბედს ვერ დავემდურები, ვარ ქვეყანაში, რომელზეც ბევრი ოცნებობს, მე კიდევ მილიონზე არ გავცვლიდი ჩემს ამ ყოფნას, პირადად განცდილ ემოციებს ვერაფერს შევადრი. ჩემი ცხოვრების რომელიმე ეტაპზე თუ ამას ვეღირსებოდი როგორ მეგონა.
ერთ-ერთი პროვინციის კუთხეში ეგრეთ წოდებულ გაჩერება სტაციონეზე ჩამომსვა, აქ ნამდვილად მამალი არ ყივის. აბა არა, დღისით ყველა მუშაობს, ახლა ღამე — დაღილ-დაქანცულები ისვენებენ. ადამიანის ჭაჭანება არ არის. იქნებ „კოვიდის“ შიშითაც… ვერ გაარჩევ რა ხდება.
გამაფრთხილეს, რომ არავინ დამხვდება და დავიწყე სასტუმროს ძებნა ვვარაუდობდი, რომ ერთი ღამის გათენება იაფი იქნებოდა. ვეძგერე პირველშემხვედრ პილიციელებს და ვთხოვე, ესწავლებინათ სად იყო უახლოესი სასტუმრო. ერთი კილომეტრიდან გამომძახეს პირაკრულებმა: აგერ სულ ახლოსო და თითის გაშვერით სადღაც მარჯვნივ — სწორედ ერთი ეს სიტყვა იცოდა ინგლისურად — მიმითითეს… ნუ იტყვით, ტრასისკენ, რომელიც სულ ცოტა ორიოდე კილომეტრით იყო დაშორებული იმ ადგილებს.
მაინც წავედი. სიარული არ მეზარება და მთელ იტალიას ფეხითაც სიამოვნებით შემოვივლიდი, რომ არა ზურგჩანთაში მშვიდად მძინარე უზარამაზარი პრიფესიონალი კომპიურტერი, რომელიც სულ ცოტა ათი კილომდე იქნება. ბეჭი რომ არ მეტკინოს ხშირხშირად ჩამოვიღებ ზურგიდან და ვისვენებ. დავდივარ და ვეძებ სასტუმროს, მე შენ გეტყვი, არავინ ნახო და არ კითხო. ჰოდა, გამოვტყდები: მაინცდამაინც არც მინდა და ვერც ვპოულობ და მადლობა ღმერთს. მორიგ შესვენებაზე ინტერნეტში ჩავიხედე, ვაიდა, ვიპოვო, ფასები ხომ უნდა ვიცოდე… და ვაი შენს პატრონს, ვეუბნები ჩემს თავს… როგორც ვვარაუდობდი, რომ რაღაც ნახევარი დღე ათ ევრომდე ეღირებოდა… ყველაზე იაფიანი სულ ცოტა 79 ევრომდე ღირს. ჯიბეში ასე ასორმოცდაათი ევრო მიდევს. ანუ ბიუჯეტის ნახევარი უნდა დავხარჯო იმ დროში, რომელიც შემიძლია ქუჩაში „მშვიდად“ გავატარო. ამდენი თანხის დახარჯვას მირჩევნია ჩემი საყვარელი «კომპი» ვზიდო და მშვიდად გავათენო… ისე ვფიქრობ მილიონერი რომ გავხდები, ეტყობა, მაშინაც დამენანება ფულის დახარჯვა ჩემი კომფორტისთვის, მაგრამ თუ სხვის დახმარებას შევძლებ, მაშინ გულით გავიღებ იმ მილიონსაც და ღამესაც ისევ გარეთ გავათენებ… არა, ფული ამქვეყნად განცდილ სიამოვნებასთან შედარებით არაფერია… გააჩნია, ვის რა მიაჩნია დიდ სიამოვნებად: მოგზაურობა, ფული, შხაპი, საჭირო დროს საპირფარეშოს პოვნა… თუ… მოიძებნება სხვაც… ახლა არ მითხრათ ყველაფერი ერთადო… მე ვერ მომართვეს, თქვენ ჯვარი გწერიათ…
და ისე, ცნობისთვის, უმთავრესი სიამოვნება ჩემთვის მხოლოდ ის იქნება, სხვების დახმარებას რომ შევძლებ… ვისთვის რა არის სიამოვნება, ხომ?
მორიგი სულის მოთქმაზე მატარებლის სადგურის არსებობა გამახსენდა. ვეცი ჩანთას, წამოვიკიდე და წავედი გზად… ვიარე ვიარე და ვიარე. ყოველი ერთი საათის შემდეგ ვისვენებ, ღიმილით და მადლიერებით ავხედავ ვარსკვლავებიან მაგრამ უცხო ცას, სადაც ვარსკვლავები იგივეა, რაც ჩემს ქვეყანაში, მაგრამ აქ „ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ“… მდუმარედ ვათვალიერებთ ერთმანეთს… და გზას განვაგრძობ… ორივე უადგილო ხომ არ არისო, არ მითხრათ… ვიღიმები მადლიერებით, უფალმა შემაძლებინა ძალიან ბევრი… წარმოუდგენლად ბევრი მას შემდეგ, რაც პენსიონერი გავხდი და მინდა ჩემს შთამომავლობას ვუსურვო იგივე… ნურასდროს შეხედავთ ცხოვრებას ავი თვალით, როცა ჯანმრთელი ხართ, ნურაფერს მიიჩნევთ გასაჭირად… ერთი შეხედვით, სრულიად ბედნიერსაც შეუძლია თავი უბედურად იგრძნოს, ეგონოს, რომ რაღაცა არ ყოფნის სული ბედნიერებისთვის. თქვენ მცირედი იკმარეთ, თუნდაც იმის უნარი სამოცი წლის შემდეგ, რომ ოცი კილოგრამი ტვირთით (კომპის გარდა რაღაცეებიც ხომ არის ზუგჩანთაში) ათი საათი იაროთ მცირედი შესვენებებით. თუ მას შეძლებთ უფლება არ გექნებათ ბედს დაემდუროთ, საუკეთესო დღეები კიდევ წინ არის, არადა, ჩემთვის შინ ყოფნისას მხოლოდ სიკვდილის ლოდინია დარჩენილი, რატომ უნდა ველოდო, თუ ზუსტად ვიცი, რომ ისედაც მოვა… უბრალოდ მინდა დააგვიანდეს… სულ ეს არის, და თუ როგორ მოვახერხებ ჩემზეა დამოკიდებული. ამაზე მეტი ბედნიერება რა არის.
ამ ფიქრებით მივუყვები გზას. არასად არავინ არ ჭაჭანებს. დავდივარ და დავდივარ… არც ფეხებს ვატან ძალას და არც ბეჭებს. დროდადრო ვისვენებ და აი, უკვე ხუთი საათი გახდა. მგონია ამ მომცრო ქალაქის არცერთი ქუჩა არ დამიტოვებია მოუვლელი. კიდევ კარგი
შედარებით სითბო იყო, ასეთი ღამე რომ ყოფილიყო, როგორც დღეს საღამოსაა: წვიმს თავგამეტებით, ქუჩებში მდინარეები გარბის, ადგილ-ადგილ მოზრდილი გუბეები დგას, ცივა და კიდევ ნუ დაგავიწყდებათ რომ ჩრდილოეთ იტალიაში მოთოვა. გუშინ კი…
მე დავდიოდი და დავდიოდი. ღმერთო, როგორი ბედნიერი… აგერ მეეზოვე ვნახე, გამოველაპარაკე, იტალიურად ვკითხე, სხვა ენას აქ კატეგორიულად არ ცნობენ: ტაქსის გამოძახება მინდა და დამეხმარეთ-მეთქი… ხომ არ ვეტყოდი, ჩემით გამოძახება ვერ გავბედე, ფასზე ლაპარაკის შემეშინდა და ამ მიზეზის გამო დაკვეთაზე უარის თქმა „ტეხავს“-მეთქი… სადგურზე წავალ იქნებ გავთბე-მეთქი. გაიცინა: სადგური ზღვისპირასაა და იქ უფრო ცივა, ვიდრე აქ და ცხვირსაც ვერსად შეყოფ, გადახურულიც არ არისო. ამ ინფორმაცის უფრო მნიშვნელოვანიც დაამატა: ისე ტაქსს მაინც ვერ გამოიძახებ, დილამდე არ მუშაობენო. მერე ის ვკითხე, დავუშვათ, შენსავით მეეზოვედ მინდა მუშაობა, შევძლებ-მეთქი, არა, ადგილობრივს არ გავხარ, ან პოლონელი იქნები არ რუმინელი და მათი საბუთებით მუშაობა აქ შეუძლებელიაო.
მადლობა გადავუხადე მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდებისთვის. წავედი, მორიგ გზას გავუდექი. ცოტაც და კანტიკუნტად მაგრამ მანქანები დაძრეს ადგილებიდან.
ვაუ, თენდება ლამაზად თენდება დედამიწაზე იტალიაში… მოვდივარ ჯერაც არ მცივა, ყველაფერი ნორმალურად არის. ცოტაც და მომაკითხავენ და წამიყვანენ.
უკვე მეორე დღეა.
ყოველი დღე ახალახალ წარმატებებს მოიტანს, არ ვიცი, ვისთვის რა არის წარმატება, ჩემთვის ესეც საკმარისია.

ქეთევან ჩემია
მილანი, ნოემბერი — 2020 წელი

Loading…

მსგავსი პოსტები

,,ერთმორწმუნე» რუსეთის გაკვეთილები

Joni Kvaracxelia

«მოყვარეები მიშას დავით აღმაშენებელს ადარებენ, რაც მისი მტრების უკიდურეს გაღიზიანებას იწვევს. შევადაროთ ემოციების გარეშე …»

Joni Kvaracxelia

სფორცას ციხე-სიმაგრე — ისტორიულად საქართველოს ბედის მოზიარე

1 კომენტარი

შონტისთან — იატალიაში (ნაწილი მეორე) | ფაქტები-ge 12.10.2021 at 13:28

[…] პირველი ნაწილი იხილეთ აქ:  […]

Reply

დატოვე კომენტარი