ჩვენი მასპინძელი შონტი ამ დღეებში ოთხმოცდათოთხმეტი წლის გახდა. პირველივე დანახვაზე ასაკი მკითხა… რომ ვუთხარი, გაუხარდა, ჩემი ხნის ყოფილხარ, დავმეგობრდებითო.
საოცრება… ზოგადად აქ ასაკი არც არავის ეტყობა, არც ყურადღებას აქცევენ და არც ვინმეს რამეში აინტერესებს… გარკვეულ დრომდე… ეს.
შონტი მანქანას მარჯვედ ატარებს… საყიდლებზე ფულს არ გვახდევინებს… უფრო ხშირად წამოწოლილია და მისი „ბუსუნი“ არ ისმის…
კალაბრიის ოლქის ერთ-ერთ ქალაქ პალმში ვართ.
ყველაზე კარგი ლაბორატორია ადამიანის ტვინია, რომელშიც წამში სიკეთესთან ერთად საშინელი გეგმებიც იბადება. ამ ლაბორატორიაში იხსნება ნებისმიერი ამოცანა. ამიტომ ვერ დავთანხმდები სხვა რამეს, მართალია მეცხრამეტე საუკუნე არ არის, მაგრამ გონიერება ჯერაც ფასობს.
იტალიაში ყოფნაზე არ შეიძლება არ დაიწეროს. რაც უნდა ბევრი იწუწუნოს მსოფლიომ, რომ მკითხველები არ არიან, არ არის სწორი. მკითხველი და ზოგადად განათლებული ადამიანი არასდროს გამოილევა და სანამ თუნდაც ერთი მკითხველი არის უნდა წერონ, ვისაც ხელეწიფება.
მსუქანი ბუზები ყველაზე სწრაფად იკრავენ მსუყე ქონის — დიდი ფულის სუნს.
ამბობენ, ძველად, მიცვალებულებს პირში მონეტას უდებდნენ, ჩვენთანაც ხდებოდა ხოლმე, რომ მიცვალებულს ხელში ფულს ჩაუდებდნენ, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცოდა, რომ ეს ჰარონის გადასახადია, რადგან ადამიანებს სჯეროდათ, რომ ჰარონს მიცვალებულთა სულები დავიწყების მდინარის ერთიდან მეორე ნაპირზე გადაჰყავდა, ამიტომ ამ სახით მასთან გადასახადს ატანდნენ.
ახლა ფული ცოცხლებს უფრო სჭირდებათ ცხოვრების ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასასვლელად.
ევროკავშირის ქვეყნებისკენ მიმავალ გზაზე არანაირი შემაფერხებელი არ არის, თუ საბუთები წესრიგში გაქვს შედიხარ ნებისმიერი აეროპორტით ნებისმიერი გზით ქალაქ რომში თუ მის შემოგარენში იტალიის ნებისმიერ მხარეს გზა ხსნილი გაქვს, მიდიხარ საითაც გული გაგიწევს, კარგია, თუ გელოდებიან… არც ამის გარეშეა პრობლემა… თავს გაიტან. ყოველ შემთხვევაში უმუშევარი არავინ დარჩება… იქნებ ცოტა დრო დასჭირდეს, ესაა და ეს…
ამას ვერც კორონა შეაჩერებს და ვერც ვერაფერი.
ძნელია სამსახურის შოვნა ახლა, როცა კორონამ „გააწითლა“ ნახევარი იტალია და ამას საშობაო დღეებიც დაერთო. მართალია მოსავლელი ხანდაზმულების რაოდენობა მატულობს, მაგრამ სამუშაოს შოვნის მსურველების რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, ქართველების გარდა რუმინელები, პოლონელები, ყველაზე დიდი რაოდენობა უკრაინელები, სამხრეთ აფრიკელები… სამუშაოდ ჩამოსული მომავალი „ბადანტეები“ ყველგან სავსეა და დასაქმებულის, მით უფრო დროებით დაუსაქმებელის ბედს ვერავინ დახარბდება.
მიუხედავად ამისა, ვიცი შემთხვევა, როცა ბინის მეპატრონეს, სადაც სამუშაოს მომლოდინე ქალები არიან, დამსაქმებელმა დარეკა, სასწრაფოდ გვჭირდება მომვლელი ქალი, თუნდაც ენის უცოდინარიო, იმ დღეს ჩამოსული ქალბატონი, რომელმაც იტალიური ერთი სიტყვაც არ იცოდა, გაგზავნეს ათასექვსას ევროდ ღირებულ საქმეზე. სხვას კიდევ ნათესავი დახვდა და ჩამოსვლისთანავე მოაწყვეს ათას სამას ევროიან სამსახურში. შეიძლება არც ისე ბევრი, მაგრამ ნამდვილად არიან ბედის ნებიერები. თუმცა წლობით რომ ექვსას, ან შვიდას ევროდ მუშაობენ ისეთები უფრო მეტია, მაგრამ შინ სრულიად უფასოდ ყოფნას, ცხადია ჯობია, ისიც კი სჯობს საქართველოში უსაქმობას რომ იტალიაში თვეობით ელოდებიან სამსახურს. ეს ახლა, კოვიდის საფრთხისა და შობა-ახალი წლის მოლოდინში, თორემ შემდეგ ისევ ყველაფერი ძველ ადგილს დაუბრუნდებაო დალაგდებაო, ამბობენ, მაგრამ მანამდე ყოველი დღე მათი გადასატანია. ყოველი დღე ნერვიულობა და დაუსრულებელი მოლოდინის საშინელება სწორედ მათი გადასატანია, ვისაც ბედისწერამ რჩეული ხვედრი არ არგუნა და ჩვეულებრივი მოკვდავის ბედით ცხოვრობს ვიღაცის ბინაში, ძლივძლივობით ირჩენს თავს და ხვალ უკეთესი ხვედრის შორეული იმედს უხმობს, რომელიც ხან ოდნავ ბჟუტავს, ხან ჩაქრობას ლამობს და ხანდახან კიდევ შინ სასწრაფოდ დაბრუნებით იმუქრება.
მართალია გაღატაკებული და დაცლამდე მისული ქვეყანა ვართ, არც ძველი ტრადიციების გვაქვს სათუთად შემონახული და ვერც ბევრი სხვა ღირსებით დავიტრაბახებთ, მაგრამ ღვინის ქვეყანა კიდევ სადმე თუ არსებობს, მათ შორის ჩვენც აუცილებლად კანონიერად უნდა მოვიხსენიოთ ჩვენი თავი.
ღვინო ადამიანებმა ერთმანეთის დალოცვის მიზეზით შემოიღეს ჩვენმა ქვეყანამ ეს დაამტკიცა. ხოლო თუ სხვა სპირტიანი სასმელებითაც ამბობენ სადღეგრძელოს, უბრალოდ ტრადიციის გაგრძელებაა.
აბა, ვინ წარმოიდგენს საქართველოში სული უხსენონ მიცვალებულს ჭიქის აწევის — (ადრე წაქცევა ერქვა, თურმე, რადგან მიცვალებულის ხსენების შემდეგ ჭიქას წააქცევდნენ) — გარეშე… კიდევ კარგი ეს დარჩა წარსულიდან. თორემ სადღაა სუფრებზე ლამაზად წარმოთქმული სიტყვა-სადღეგრძელოები. ამისთვის ხანდახან საგანგებოდ ქირაობდნენ კიდევაც სათანადოდ აღჭურვილებს და იყო მოლხენა და დღეგრძელობის სურვილი ერთმანეთისადმი, არ გამორჩებოდათ სამყარო, სამშობლო, მშვიდობა, შვილები, მშობლები, წასულები, მომავალი… ბოლოსდაბოლოს იმდენს დალევდნენ სადღეგრძელო ამოეწურებოდათ და თავს ზემოთ ანთებული ჭაღის სადღეგრძელოს მიაყოლებდნენ, როგორც ოთახის მანათობელს. ასე ძალიან მოხერხებული იყო.
ახლა არ ვიცი ვინმეს თუ ახსოვს ქართული სუფრა რომ აკადემია იყო და თამადა აუცილებლად კარგად მოლაპარაკე, მოსაუბრე განათლებული იუმორიანი და მოკლედ საკმაოდ ღირსებით შემკული უნდა ყოფილიყო, რომ სტუმრებისთვის სადღეგრძელოებიც ლამაზად ეთქვა და სიამოვნებით დაელიათ. ერთ დროს დაძალების წესიც იყო, გინდოდა თუ არ გინდოდა, დაგალევინებდნენ, იმდენად უაზრო იყო ეს ტრადიცია — მალე გადავარდა. ბევრი რამე შეიცვალა, ბევრი გადაფასდა და სხვა იერი მიიღო, მაგრამ ჭირისა თუ ლხინის დროს ჭიქა ღვინის სწორედ ღვინის და არა სპირტიანი სხვა სასმელის მიღების წესი, ანუ „ჭიქის აწევი“ს წესი დარჩა როგორც სამუდამოდ დაწესებული.
ისე ძველებური მოლხენა წარსულ მიეცა, მაგრამ გარდაცვლილს, ვინც უნდა იყოს, აუცილებლად ჭიქას აუწევენ, პატივს მიაგებენ და ისე გააცილებენ საფლავამდე.
რატომღაც ასე მეგონა, რომ მთელ მსოფლიოში ასეა და ამას ვერაფერი შეცვლიდა, თურმე სადა ხარ, სად ბანაობ უწყლო აუზში…
ისრაელში ცხოვრების ოთხი წლის განმავლობაში ბევრი გაოცება მელოდა. უფრო ტრადიციების დანახვისას. მიცვალებულის და ცოცხლის პატივისცემა ერთნაირად იციან, საოცარია, მაგრამ ვერ გავიგე ვერასდროს, ვერც ერთისგან რატომ ვერ გავიგონე აწგარდაცვლილის სახელი რომ ეხსენებინათ და ერთი ჭიქა გადაექციათ სულის მოსახსენებლად. სხედან, სავსე სუფრასთან ნაირნაირებს მიირთმევენ, სვამენ და საუბრობენ დაუსრულებლად ამ მთისას და იმ მთისას, მაგრამ ვის გამოც არიან თავმოყრილები, სიტყვას ვერ გაიგონებ. ვერც ღვინოს დაინახავ ამ მიზნისთვის. ზოგადად სხვა სპირტიანებს ეტანებიან.
იტალიაში, ძველ რომში თქმულა პირველი სადღეგრძელო… წავიკითხე სადღაც… აქ კი ეკლესიაში დასვენებული მიცვალებულის ირგვლივ თავმოყრილები თავს მოვალედ თვლიან რამდენიმემ მაინც ორიოდე სიტყვა თქვას, ან ათქმევინოს ვინმეს. ეს არის და ეს.
დღეს მიცვალებულის მეცხრე დღეზე ვიყავით. ნებისმიერ ინფორმაციას ნახავთ ინტერნეტში, ტრადიციები და წესები ცნობილია და მაინცდამაინც ვერავის გააკვირვებ იმით რაც ვნახე. მე კი გაკვირვებული ვარ არა იმით, რაც ვნახე, არამედ წესით, რომელიც ვერა და ვერ წარმომედგინა, ანუ სუფრა ღვინით და არც ერთი სიტყვა მის გარშემო, ვის გამოც არის თავყრილობა.
ჩვენი სუფრა ჩვენებურ აჩმით დაიწყო, რომელიც სოკოს ნაკრებით ყველით და სხვა სანელებლებით იყო შეზავებული. როგორც ჩანს ტრადიციული სამზარეულოს სრული დაცვით იყო გაკეთებული, საუცხოო სურნელება იდგა… პირველად დავაკვირდი იმას, რაშიც შემდეგ აქ ცხოვრებამ დამარწმუნა: აქ ზედმეტი არაფერია… ყველაფერი იმდენია, რამდენიც ამ ჯერზე იკმარებს. ხვალ ყველაფერი ახალი კეთდება და არავითარ „გუშინდელს“ და „ნამცეცობას“ ადგილი არა აქვს… ყოველ წევრზე თითო მოზრდილი ნაჭერია გათვლილი. ჩვენს კერძებს თუ სხვაგვარი ეშხის სურნელება და გემო აქვს, არაფერი სატრაბახო აქ არ არის, რადგან ჩვენი დამსახურება კი არა მიწისაა, რომელიც საუცხოო ნაყოფს ბადებს.
სუფრას ზუსტად ათი ვუსხედით, მეათე მე ვიყავი. ყველა რომ მორჩა ჭამას, წაიღეს საინები და შემოიტანეს ზეთში მოხარშული მომცრო ცომეული ხორცეულის და კიდევ რაღაც ჩემთვის უცნობი შიგთავსით, ასევე ბრტყლად შემწვარი — ბეკონი არა, რაღაც სხვა ტრადიციული, შემწვარი და შემდეგ წყლით დანამული კარტოფილი კამით. ბოლოსთვის ლარნაკით ხილი დადგეს, ვაშლი ავიღე, სხვებს ხელი არ დაუკარებიათ. მალე ისევ გაიტანეს. ბოლოს მაგიდაზე სხვადასხვა სახის ნამცხვარი გამოიტანეს, როგორი შეფუთულიც მოიტანეს სტუმრებმა იმავე სახით დადგეს, მრავალფეროვნებისთვის არავის გადაუნაწილებია, საგანგებოდ არც ერთჯერადი საინები მოუწოდებიათ და „კოკა-კოლაც“ სუფრიდან უკვე აღებული იყო. როგორც ჩანს ასეთია ტრადიცია. ღვინო ბოთლებით თავიდან იდგა ორმა წევრმა დაისხა, მათ შორის მეც და შემდეგ ბოთლები აღარ მინახავს, მაგრამ მაცივრიდან რამდენიმე სახის დასალევი დაალაგეს. ლიქიორი ვარჩიე. სანამ ნება-ნება ვსვამდი, ჩამოვრჩი მოტრაპეზეებს, ისევე, როგორ აჩმას მირთმევისას და თავი იმით ვიმართლე, რომ ჩემთვის ასეთი დიდი და მსუყე ნაჭერი და ერთი სირჩა ლიქიორი ძალიან ბევრია.
არაჩვეულებრივ ტრადიციულ ნამდვილ იტალიურ ოჯახში, რომელსაც ამ რამდენიმე დღის წინ ჩემი მასპინძლის — შონტის დაახლოებით ას წელს მიღწეული ძმა გამოაკლდათ და რომლის სულის სახსენებლადაც მოაწყვეს წვეულება, სიტყვა არ თქმულა მის შესახებ… კმაყოფილი დავრჩი, მაგრამ მისი სულის რა მოგახსენოთ, სახელი არც უხსენებიათ, თორემ მეც მეცოდინოებოდა და ვიტყოდი…
გაანათლოს უფალმა სადაც არის.
სიკვდილი ყოველი მოკვდავის ხვედრია, მაგრამ მისი შთამომავლობისგან სახელის ხსენება უპრიანი იქნებოდა. მაგრამ… ამის გარემოების მიზეზის დადგენას სამომავლოდ შევეცდები.
იმის თქმა მინდა, რომ აქ ყველაფერი გათვლილი და მოზომილია. გონივრულად და მარტივად გადაწყვეტილი. — ოღონდ ჩემთვის ცოტა გაუგებარი… მისაღებადაც ცოტა საძნელო… როგორც ჩანს ასაკის გამო…
სხვამხრივ ალბათ არაფერი …
ყოველივე ამას წინ უძღვოდა სრულიად წარმოუდგენელი დღე და ღამე, იტალიაში სამუშაოს მაძიებლის ერთი დღე და ერთი ღამე.
ვისაც იტალიაში სამუშაოდ წასვლა უნდა ვერავინ დაუშლის და სწორიც არის. ყოველი ადამიანი თავის ბედს თვითონ წყვეტს და ბედისწერას მიენდობა, რომელიც საბოლოოდ კორექტირებას გაუკეთებს და მიაგებს კუთვნილს. იმ შემთხვევაშიც კი, თუნდაც
ქმრები, მოუთმენელი ოჯახის სხვა წევრები გამუდმებით იმას უჩიჩინებენ, თუ არ მუშაობ და ისე ზიხარ, იზუთხავ სიტყვებს, იტალიურის სასწავლად იტალიაში რად მიდიოდი, აქაც შეგეძლო შინ დამჯდარსო.
მოკლედ სასაყვედურო ისეთი ადამიანებისთვის ყოველთვის მოიძებნება, არადა, იმიტომ არიან წამოსული, რომ ოჯახს სული მოათქმევინონ: ბინა აქვთ ჩადებული მევალე და ბანკი სულს ხდით, მაღაზია, საწყობი გამოვსებული დატოვეს სულით ხორცამდე გაძარცულებმა, ცალკე სახელმწიფო და ცალკე კერძო მევალეებისგან გატანჯულებმა, ზოგს პრობლემა შვილმა აკიდა და ზოგს კიდევ სიძემ, აქ სამსახური ნაშოვნი არა აქვს და მოსდით ახალ-ახალი ინფორმაცია მათი ვალების ზრდის და გამრავლების-გაორმაგების შესახებ.
ასეთი ძალიან ბევრია ზოგი უკვე ჩასულია იტალიაში, ზოგიც უნდა ჩავიდეს რადგან ხსნა აქ ეგულება. თურქეთში ექვსას და ხუთას დოლარიანი სამუშაოები სამასამდე ჩამოვიდაო, წუხან იქ მომუშავენი. მოკლედ საითაც გაიქცევი იქით გელოდება წაქცევა და ძალიან ძნელი დასაჯერებელია, რომ ხვალ ყველაფერი კარგად იქნება, არადა ნამდვილად კარგად იქნება, მაგრამ იმ „ხვალამდე“ მისვლა ხომ გინდა.
აქ არიან ისეთი ქართველები, ვისაც მოსავლელებმა ქონება, ბანკში ანგარიშები, სახლ-კარი განძიც კი დაუტოვეს. არიან უკვე დაფუძნებული, ენას საკმაოდ დაუფლებული და სხვა ჩვენებურები, აქ მომვლელების შეყვარება, პატივისცემა და დაფასება იციან. მაგრამ იქამდე უნდა მიხვიდე და საუბარია მათზე, ვისაც ჯერაც არა აქვს და მომავლის იმედით „შრება“: ვნახე ზეთისხილის დაკრეფაზე დარჩევასა და გადარჩევაზე მომუშავეები, რომლებიც საკმაოდ დიდ ფულს იღებენ და არც ჩერდებიან სამ თვეზე მეტხანს. გავა სეზონი, ჩაიდებენ ჯიბეში ფულს და სახლში გაუტევენ.
მოკლედ ამას იღბლიანებზე მოგახსენებთ. სხვების რიგიც მოვა, მაგრამ მანამდე მათ ხვედრზეა საუბარი…
ქეთევან ჩემი
მილანი, ნოემბერი 2020 წელი