შინაგანი რწმენითა და გულის კარნახით

0
222

ჩვენ იმდენად გადავგვარდით, მეც მათ შორის, ისე მივეჩვიეთ, რომ ყველა ტყუის, რომ ვერ ვბედავთ ვაღიაროთ ცხადი ჭეშმარიტება – მეუფე პეტრე წესიერი ადამიანია და ვეთანხმებით თუ არა მის აზრს, იმას ამბობს, რასაც ფიქრობს.
მიუხედავად უდიდესი წნეხისა, ის არ თვალთმაქცობს. მან უარი თქვა წოდებაზე, პატივზე, კეთილდღეობაზე და სიმართლისთვის თავი დადო. თქვა არა მერე, როდესაც ყველაფერი ჩამოართვეს, არამედ სანამ ეს ყველაფერი ჰქონდა. ჩვენ კი საკუთარ თავს იმასაც ვერ ვუმხელთ, რომ მღვდელთმათავარი როგორც მინიმუმ გულწრფელია.
მთავარი და შეუვალი არგუმენტი: მეუფე პეტრე სახელმწიფო სისტემისა და სახაზინო ეკლესიის წინააღმდეგ წავიდა, საკუთარი სიმართლისთვის ყველაფერი დათმო და უკან მაინც არ იხევს. ეს კი ცოტა ნამდვილად არაა, ამას უდიდესი გამბედაობა სჭირდება!
დიახ, მის თავდადებას ვერ ვიჯერებთ… რატომ? ჩვენ ხომ ამხელა სიმაღლიდან გადმოვარდნაზე ვერ წავიდოდით… კონფორმისტული ლოგიკა გვკარნახობს: ამას ხომ არცერთი ჭკუათმყოფელი ადამიანი არ გააკეთებს…
თუმცა, ერთი რამ კი აუცილებლად უნდა ითქვას – ყველაზე ცოტა, რაც ყველა ადამიანს მოეთხოვება, ეს ჩაგრულისა და დევნილის თუნდაც სიტყვით მხარდაჭერაა… ჩვენ ამ მცირეოდენსაც ვერ ვბედავთ…
ზემოთქმულს მკარნახობს გული და შინაგანი რწმენა. ამიტომ მოვალე ვარ ღმერთისა და საკუთარი თავის წინაშე ვაღიარო, რომ ყველა მხრიდან სიცრუის მოლოდინმა გამრყვნა და ამიტომ მიმძიმს, ვენდო ადამიანს…
დაე ვცდებოდე, ეს ისე მაწუხებდა, რომ არ შემეძლო არ მეთქვა.
ასეთი საშინელებაა ჭაობში ცხოვრება – სიცრუის ჩვევა და მოტყუების მუდმივი მოლოდინი. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ვერავინ, ვერასდროს ვერ გაბედავს ბოლშევიკთა კოლექტივის წინააღმდეგ წასვლას, მით უფრო, თუ ამის გამო ყველაფერს დაკარგავ და ერთ დღეს მარტო დარჩები…
ასეა თუ ისე, საქართველო იწყებს ტოტალური ტყუილისა და ფარისევლობის წუმპის ჩამორეცხვას. გაჭირვებით, ტკივილით, საზიზღარი წყლულების გამომზეურებით, მაგრამ მაინც იწყებს…
ამინ

ზურა ოდილავაძე

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ