თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში ერთ-ერთ საინტერესო ისტორიას იხსენებს:
„2008 წლის იანვარში გერმანიის ციხიდან საფრანგეთის ციხეში გადამიყვანეს.
«ლა სანტეს» ციხე 1800-იანებშია აშენებული და მუზეუმივითაა, როგორც არქიტექტურულად, ისე სტუმრებით. სტუმრებში ჩემი სტატუსის ადამიანი საშუალო დონედ ითვლებოდა, ისეთი ანტიკვარების ფონზე, როგორებიც იყვნენ «ტურა კარლოსი», ნორიეგა, ჟაკ მერინი თუ ასობით ბასკი ტერორისტი.
მესამე დღეს დილის 8 საათზე პროკურორთან უნდა მივეყვანე და ადრიანად მომიწია მომზადება. პარიზის სასამართლოს შენობა სენას ერთ-ერთ კუნძულზეა აშენებული და მთლად მუზეუმია საინტერესო ისტორიით. სიგარეტის მოსაწევად სადაც გავყავდი ეზოში იმ ადგილას დასაჯეს მარი ანტუანეტა სიკვდილით. ციხიდან სასამართლომდე თხუთმეტი წუთის სავალია. პროკურორთანაც 30 წუთზე მეტი არ გჭირდება, მაგრამ მერე მთელი დღე სასამართლოს კამერაში გიწევს ლოდინი სანამ ბოლო პატიმრის სასამართლო არ დამთავრდება, რომ ყველა ერთად წაგვიყვანონ უკან «ლა სანტეში».
სასამართლოს შენობა, რომ კარგად წარმოიდგინოთ, ფილმი «სიცილიური კლანი» გაიხსენეთ, როდესაც პატიმარი ალენ დელონი და კომისარი ლინო ვენტურა ერთმანეთს ხვდებიან. საქმის განხილვაზე რომ მიგიყვანონ შენობის სარდაფის ულამაზესი ლაბირინთები უნდა გაიარო, ზუსტად ისე როგორც ალენ დელონი მიყავს ჟანდარმს ხელბორკილმიბმული. მეც ზუსტად ასე მიმიყვანეს პროკურორთან პირველივე, როგორ «ვიპ» პერსონა და იმანაც ფორმალობის დაცვით ჩემი ბიოგრაფია ჩაიკითხა: ამის მინისტრი, იმის მინისტრი, ამის გენპროკურორი, იმის გუბერნატორი, პარლამენტის წევრი, ქალაქის საბჭოს წევრი და ა.შ. კითხვის დროს ვატყობ, რომ მდივანს და ჟანდარმს ჩემ ბიოგრაფიაზე თვალები უფართოვდებათ. არა, ჩემი ბიოგრაფია კი არ უკვირდათ, ჩემნაირი მაგ შენობას როგორც ხაშურში იტყვიან «ვედრო მანეთი» ახსოვს, ვერ იჯერებდნენ ჩემ ასაკში «ამდენი» როგორ უნდა მოგესწრო.
მორჩა პროკურორი, ავდექი და ჟანდარმს მარცხენა ხელი გავუწოდე ბორკილის დასადებად. პატარა ბიჭი იყო, გამოუცდელი და ეუხერხულა, ამდენი რამის მინისტრი ყოფილა კაცი და ბორკილით ხომ არ წავიყვანო და გამომყევიო მითხრა. გავყევი მეც სარდაფის ლაბირინთებში. მიმიყვანა კამერების გასანაწილებელთან და რომ დამინახა მთლად უფროსმა ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ბორკილის გარეშე, იქ ატყდა ერთი ამბავი. უხსნის ახალბედა ჟანდარმი ჩემ ბიოგრაფიას დეტალურად, მაგრამ უფროსი ლანძღავს, არ მაინტერესებს ვინაა, წესი დაარღვიე ხელბორკილი რომ არ დაადეო. მოკლედ, მეორე წაყვანაზე გავიგე, რომ გააგდეს კაცი სამსახურიდან ჩემს გამო.
შემიყვანეს საკანში, ვზივარ და მთელი დღე ველოდები ბოლო პატიმრის სასამართლოს დამთავრებას. ვინანე, რომ რამე წიგნი არ წამოვიღე. ამ დროს თვალი კედლებისკენ გაგირბის, რომელზეც მინიმუმ ათი წლის განმავლობაში პატიმრების გაკეთებული წარწერებია სხვადასხვა ენაზე, მაგრამ ძირითადად ლათინური შრიფტით. ყველა მის ან სატკივარზე წერდა ან მისი ნაციონალური იდენტობის ხაზგასასმელ ფრაზას. წარწერებს ნახავდით ფრანგულად, რუსულად, ჩინურად, ინგლისურად, ესპანურად, არაბულად, სომხურიც კი ვიპოვე და ბევრი სხვა. პატიმრების უმეტესობა, ვინც მე შემხვდა ტერორიზმისათვის დაჭერილი ბასკები იყვნენ. საერთოდ იშვიათად შევხვედრივარ მასიურად ეგეთ ამაყ, გაწონასწორებულ და მიზანსწრაფულ ხალხს. წარწერების უმრავლესობაც ბასკების მიერ იყო გაკეთებული და მარტივად მიხვდებოდით ყველა წინადადების შინაარს, რომელშიც ორი სიტყვა აუცილებლად ერია: «ლიბერტე» და «ბასკ». სადღაც სამი ოთხი საათის თვალიერების შემდეგ საკუთარ თავს სანაძლეო დავუდე, რომ ქართულ წარწერასაც ვიპოვიდი და ამის გაფიქრებიდან 20 წუთში ქართულ ასოებს წავაწყდი. თვალები წარწერას წაუკითხავად მოვაშორე იმის ინტრიგით, რომ ინტუიციით მივხვდებოდი თუ რა შეიძლებოდა ქართველს დაეწერა ყველა სხვა «ლიბერტეს» ფონზე. გონება დავძაბე, მაგრამ ინტუიციამ არაფერი მითხრა.
თქვენ რას ფიქრობთ, რა ეწერა?
წაკითხვისთანავე კარგა, ხმამაღლა შევუკურთხე დამწერსაც და ჩემ ინტუიციასაც, მიუხედავად აკრძალვისა სიგარეტს მოვუკიდე და ღრმა ნაფაზი დავარტყი.
პარიზის ციხეში რომ მოხვდები, ეგეთ შენობაში გასამართლებენ და თავისუფლების გარდა არაფერზე რომ არ ფიქრობ რატომ უნდა დაწერო
ფრაზა «დიდება სტალინს»?
ეგეც ჩვენი სნობიზმი, გაუნათლებლობა, პროვინციალიზმი და შეზღუდული აზროვნება.“-წერს ირაკლი ოქრუაშვილი