“შამბას განცხადება პირველივე სიტყვიდან დიდი თვალთმაქცობაა…”

0
221

სოციალურ ქსელში გავრცელდა სერგეი შამბას სიტყვა აფხაზეთში გამართული რომელიღაც თავყრილობაზე, რომლითაც კრიზისის მოტივით თავის ხალხს დაჩოქების პერსპექტივით აშინებს საქართველოს ან რუსეთის წინაშე, თუ შემდეგი ,,პრეზიდენტი“ ვინმე ასლან ბჟანია არ გახდება. ცუდად ცხოვრობენ თურმე.

შამბას განცხადება პირველივე სიტყვიდან დიდი თვალთმაქცობაა, რადგან ის და მისი თანამოძმეები კარგა ხანია მუხლმოყრილები არიან რუსების წინაშე სრულიად გაცნობიერებულად და ნებაყოფილებით. ვირეშმაკობის გარდა დიდი უზნეობაცაა, რომ ამის შემოქმედი, დამპყრობლის სტაჟიანი ზედამხედველი მონას თავისუფალს ეძახდეს, მხდალს-გამბედავს, უგნურს-გონიერს და კიდევ ქართველებით უსინდისოდ აშინებდეს.

შამბას ნათქვამი პირველივე სიტყვიდან არის კაცთმოძულე და ფაშისტური ისე, როგორც ადრე, რადგან მხოლოდ თავის ეთნოსზე საუბრობს, დღემდე არად აგდებს მშობლიური მიწა-წყლიდან 300 000 დევნილს და 35 ათას გალელ ქართველს, რომელსაც გულაგში აცხოვრებენ, არ ახსოვს სისხლის კალო, რომელიც მოგვიწყვეს, ურცხვად მიტაცებული ჩვენი მშობლების და წინაპრეპის ნაშრომ-ნაჯაფი, რომელშიც ახლაც ნებივრობენ და რომლითაც აქამდე სული მოიტანეს.

თუ რამის თქმა სურს ჩვენთვის, იმდენი ზრდილობა გაგვაჩნია, რომ მასაც მოვუსმინოთ, მაგრამ კარგად უნდა ახსოვდეს, რომ ჩადენილზე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა, კანონის წინაშე პასუხისმგებლობას!

ჩვენ არაფრად გვჭირდება არავის ფორთხიალი. მიუხედავად 25 წლიანი უბედურებისა, უსამართლობის, უსახლკარობის და სიდუხჭირისა, რაც თავს გადაგვხდა, არავისთან გასაყოფი არაფერი გვაქვს, არც სიძულვილი გვამოძრავეს და არც შურისძიება. ჩვენ ძალიან ბევრი დავკარგეთ და ამ დანაკარგს ვერაფერი აგვინაზღაურებს, მაგრამ თქვენგან განსხვავებით, სერგეი, კარგად ვიცით რისთვის ვიბრძოდით და რისთვის ვცოცხლობთ. აფხაზეთი საქართველოა! განუყოფელი საქართველო! იქ ჩვენი ფესვებია, ჩვენი სახლი, ჩვენი გარემო. აფხაზეთი ჩვენი სამშობლოა! ჩვენ ის სიგიჟემდე გვიყვარს და გვენატრება. ჩვენი შვილებიც-განათლებული, გონიერი, გულიანი და ზრდილი თაობა ზუსტად ასე არის განწყობილი. იმედიანად ვართ და ვერაფერი შეგვაჩერებს. ჩვენ ვალი გვაქვს მოსახდელი!

შორს არ არის დრო, როდესაც რუს ოკუპანტს საბოლოოდ ამოვუკვეთავთ ფეხს საქართველოდან, ქართული სახელმწიფო აუცილებლად დაბრუნდება აფხაზეთსა და ცხინვალში, ჩვენ დავბრუნდებით თავისუფლები და თავისუფლებით, სამართლიანები და სამართლით, ცოცხლები და სიცოცხლისათვის. ხელსაც გამოგიწვდით, თუ მუხლებიდან წამოდგომა ისურვეთ და ვერ შეძელით. მაგრამ, რაც მთავარია, დავბრუნდებით ღირსებით, რომელსაც, როგორც ჩანს, თქვენკენ ჯერ კიდევ არავითარი ფასი არა აქვს.

მალხაზ პატარაია, აფხაზთა კრება

ფაქტები.ჯი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ