სად არის თადუმაძის დიპლომი? – რა განათლება აქვს მოქმედ მთავარ პროკურორს და მომავალ მთავარ მოსამართლეს? – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ შესწავლილი დოკუმენტებით შეუსაბამობა დგინდება მოქმედი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის დიპლომთან დაკავშირებით. კერძოდ, დიპლომში მითითებულია, რომ შალვა თადუმაძემ სასწავლებელში 1993 წელს ჩააბარა მაშინ, როდესაც თავად ინსტიტუტი 1994 წელს დაფუძნდა. შეუსაბამობა იკვეთება სასწავლებლის დამთავრების თარიღთან დაკავშირებითაც – დიპლომში 1998 წელია აღნიშნული, შალვა თადუმაძეს ბიოგრაფიაში კი 1999 წელი აქვს მითითებული. აღსანიშნავია ასევე ადმინისტრაციული ორგანოების ის საეჭვო ერთსულოვნება, რომლითაც ისინი მრავალი თვის განმავლობაში სხვადასხვა მოტივით უარს გვეუბნებოდნენ თადუმაძის დიპლომის ასლის მოწოდებაზე.
არსებული მიგნების საფუძველზე აუცილებელია, შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა შეისწავლონ გენერალური პროკურორის დიპლომი და წარმოადგინონ დასაბუთებული განმარტებები არსებულ შეუსაბამობებთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეჭვქვეშ დარჩება შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობა.
პირველი რადიო
