შავ ზღვაში საფრთხის შემცველი თევზის — ტეტრაოდონის, იგივე ვერცხლისფერი მუცელეკლიანის (Lagocephalus sceleratus) — დაფიქსირების შემთხვევებმა მეცნიერებისა და გარემოს დამცველების ყურადღება მიიპყრო.
ექსპერტების შეფასებით, ეს სახეობა არა მხოლოდ ეკოლოგიურ, არამედ ეკონომიკურ და საზოგადოებრივ რისკებსაც შეიცავს.
როგორც იხსენებს იქთიოლოგი არჩილ გუჩმანიძე, ტეტრაოდონი შავ ზღვაში 2014 წლიდან იჩენს თავს, თუმცა ბოლო პერიოდში დაფიქსირებული შემთხვევების რაოდენობამ ზრდა დაიწყო, რაც შესაძლოა კლიმატის ცვლილებებსა და წყლის ტემპერატურის მატებას უკავშირდებოდეს.
„ტეტრაოდონს შავ ზღვაში აქტიური გავრცელების პოტენციალი აქვს, რაც თევზჭერასა და ეკოლოგიურ ბალანსზე სერიოზულ გავლენას მოახდენს,“ — ამბობს გუჩმანიძე.
ტეტრაოდონი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის მკვიდრია. ხმელთაშუა ზღვაში ის სუეცის არხის გავლით მოხვდა და მალევე გავრცელდა. ამჟამად ის უკვე შავ ზღვაშიც გვხვდება.
თევზი ცნობილია ძლიერი ნეიროტოქსინით — ტეტროდოტოქსინით, რომელიც მის სხეულშია კონცენტრირებული. ეს შხამი უმცირესი რაოდენობითაც კი ფატალურ მოწამვლას იწვევს, თუ თევზი საკვებად არასათანადოდ დამუშავდება.
გარდა ამისა:
-
ტეტრაოდონს გააჩნია ძალიან ძლიერი ყბები და ეკლები, რომლებიც აზიანებს სათევზაო ბადეებს, თოკებს და სხვა ინვენტარს;
-
ის იკვებება მოლუსკებით, თევზებითა და კიბოსნაირებით, რითაც ადგილობრივ სახეობებს ანაცვლებს;
-
მისი გავრცელება მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზარალს იწვევს — ხმელთაშუა ზღვაში უკვე ფიქსირდება მეთევზეებისთვის სერიოზული ზარალი.
გუჩმანიძე სოციალურ ქსელში მოქალაქეებს აფრთხილებს და მოუწოდებს, რომ უცნობი თევზის აღმოჩენის შემთხვევაში:
-
გადაიღონ ფოტო ან ვიდეო;
-
ჩაიწერონ აღმოჩენის ადგილმდებარეობა;
-
დაუკავშირდნენ შესაბამის სამეცნიერო ან გარემოსდაცვით სტრუქტურებს.
„ეს მონაცემები მეცნიერებს დაეხმარება უკეთ აკონტროლონ ინვაზიური სახეობების გავრცელება,“ — აღნიშნავს სპეციალისტი.
ტეტრაოდონის გამოჩენა შავ ზღვაში არ უნდა იქნას შეფასებული როგორც მხოლოდ ბიოლოგიური იშვიათობა — ეს რეალური რისკია როგორც ბუნებისთვის, ისე ადამიანისთვის.
კლიმატის ცვლილების ფონზე ამ სახეობის გავრცელების არეალის გაფართოება კვლავაც მოსალოდნელია.
მოვუწოდებთ როგორც მეთევზეებს, ისე ადგილობრივ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და აქტიურად ითანამშრომლონ სპეციალისტებთან.