ბენიერი ვარ შეგახსენოთ, რომ სწორედ ასეთი ადამიანების სამშობლოდ რჩება საქართველო. ასეთები ბევრი არცერთ ქვეყანაში არ ჰყავთ. ხანდახან მაინც უნდა გავიხსენოთმეთქი, ვფიქრობ და სიამოვნებით გაგიზიარებთ იმას, რაც იცით, მაგრამ მაინც გეამებათ კიდევ ერთხელ ნახოთ და წაიკითხოთ. ამქვეყნიდან წასვლის შემდეგაც გვილამაზებს ამქვეყნიურ ცხოვრებას. ინებოს უფალმა კიდევ ბევრი გვეყოლოს ასეთი შვილები.
— „84-ში დაბადებულ“ ამ ახალგაზრდა კაცს სოციალურ ქსელებში ვეძებდი, ვინ არის, აქამდე როგორ არაფერი გამეგონა ამ გასაოცარი მოაზროვნის შესახებმეთქი.
საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში მის შესახებ წერია: ერეკლე ტატიშვილი. დაბადების ადგილი: ქ. გორი. დაბადების თარიღი 28 აგვისტო 1884 წელი. გარდაცვალების თარიღი 1 თებერვალი 1946 წელი (61 წლის ასაკში). იყო ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, საქართველოში დასავლურ ენებსა და ლიტერატურას ერთ-ერთი პირველი მასწავლებელი. კულტურის მოღვაწე, ერუდიტი და პოლიტოლოგი.
აი, ვინ არის 84-ში, ოღონდ ორიოდე საუკუნის უკან დაბადებული ეს ახალგაზრდა.
მაგრამ მაინც უმნიშვნელოვანესია, თუ რას წერს ერეკლე ტატიშვილი ფრიდრიხ ნიცშეს — „ესე იტყოდა ზარატუსტრაზე“ და წამძღვარებული აქვს თავად წიგნს, რომლის თარგამანი ერეკლე ტატიშვილს ეკუთვნის: ერეკლე ტატიშვილი როგორც სახელმწიფოსთვის არაკეთილსაიმედო ორჯერ დააპატიმრეს ჯერ გორში, შემდეგ პეტერბურგში. 1904-1913 წლებში პეტერბურგის, გერმანიის და ინგლისის უმაღლეს სასწავლებლებში მიიღო განათლება. ერთი პერიოდი სტამბოლში ფრანგულ ენას ასწავლიდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ გორსა და თბილისის უნივერსიტეტებში ჯერ ფრანგულ და გერმანულ ენებს ასწავლიდა, შემდეგ საერთაშორისო საჯარო და საერთაშორისო კერძო სამართლის კურსს კითხულობდა. იყო უცხო ენათა კათედრის გამგე და კომისიის თავჯდომარე. აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დაარსებიდან კითხულობდა აღმოსავლეთის დიპლომატიის ისტორიის კურსს. თანამშრომლობდა ანარქისტულ გაზეთებში «მუშა» და «ხმა». ეკუთვნის ესეები: «კრიშნა», «ექსტასისი», «ფრიდრიხ ნიცშე», «საკია-მუნი». ფ. შილერის «ვერაგობა და სიყვარული» (დადგა მარჯანიშვილის სახელობის თეატრმა, 1935), ე. პოს «სიჩუმე» თარგმნა და საყოველთაო აღიარებით ქართულ მთარგმნელობითი ლიტერატურის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია.
ერეკლე ტატიშვილი – ფრიდრიხ ნიცშე
„ნიცშეს ცხოვრება მისი საკუთარი აზროვნების დრამის განცდაა. იგი თვითონ არის თავისი სულიერი ტრაგედიის გმირი, ჯალათი და მსხვერპლი. მისი ყოველი აზრი პერსონაჟია, რომელიც ლანდის სახით კვლავ იზიდავს მას მომხიბლავი მაცდურობით შემეცნების წარმტაც, მაგრამ სახიფათო მწვერვალებისაკენ. ნიცშე უკიდურესობის ჯადოქარია, ახალი სიტყვის მაუწყებელი. მასში ბრძენი, მეცნიერი და მსახიობი ერთმანეთს გამარჯვებას ეცილებიან და შეურიგებელ ბრძოლას შეშლილობის აპოთეოზით აგვირგვინებენ.
ვაგნერის ტიტანურმა პიროვნებამ და მუსიკამ სრულიად შეიპყრო ყრმა ნიცშეს სული და გაიტაცა. შოპენჰაუერის აზრით, მუსიკა საგნების სულის მხილებაა და მათი უშუალო ექსპრესია. ვაგნერის დრამები თითქმის ჩვენი თვალით გვაყურებინებენ მათი გულის ძგერას.
ნიცშეს გაბედულმა
სიტყვამ და ტრაგედიის გამარტივებამ ვაგნერის მუსიკის შემწეობით გამოიწვია გაშმაგებული კრიტიკა, რომელიც ცდილობდა მისი აღმაფრენის ფრთების შეკვეცას, მაგრამ ამაოდ… ამიერიდან ნიცშე უკვდავების წიაღშია მოქცეული!
იგი აღნიშნავს: „ჩემი ცხოვრების უდიდესი გამოცდილება, ჩემი სნეულებისაგან განთავისუფლებაა, ვაგნერი ერთი ჩემი სნეულებათაგანი იყო“.
„რა დაემართა ღმერთს? მე გეტყვით! ჩვენ ის მოვკალით! ჩვენ ყველანი მისი მკვლელები ვართ!“ მაგრამ შესძლებს თუ არა ნიცშე ამის ატანას? რა წყალი გაჰბანს მის ღმერთების სისხლში გასვრილ ხელებს?
ოცდაათი წლის ზარატუსტრა შეუდგა განდეგილის ცხოვრებას. ათი წელიწადი ცხოვრობდა გამოქვაბულში თავის საყვარელ ცხოველებთან — არწივსა და გველთან — ერთად და ტკბებოდა თავის მარტოობით. ათი წლის შემდეგ გადაწყვიტა ადამიანებს გამოხმაურებოდა და მათთვის თავის სულიერი საუნჯე გაენაწილებინა.
„თქვენ განვლეთ გზა ჭიაყელიდან ადამიანამდე და ბევრი თქვენგანი ჯერ კიდევ მატლია. ერთ დროს თქვენ მაიმუნები იყავით და ეხლაც ადამიანი უფრო მაიმუნია, ვიდრე სხვა რომელიმე მაიმუნი… ერთ დროს ღმერთის შეგინება უსაშინელესი გინება იყო, მაგრამ ღმერთი მოკვდა და მას თან გადაჰყვნენ მისი მაგინებელნიც... გაფიცებთ ძმანო, იყვნეთ ერთგულნი ამა სოფლისა და არ დაუჯეროთ მათ, ვინც საიქიო იმედებზე გელაპარაკება!.. მე თქვენ გასწავლით ზეკაცს, რომელიც არის აზრი ქვეყნიერებისა…“ ბრბო ვერ მიხვდება ზარატუსტრას ქადაგებას. მატლი — მაიმუნი ადამიანი — მკვდარი ღმერთი და მის ადგილას ზეკაცი — გაუგებარია. ამისათვის საჭიროა ადამიანის სამჯერ გარდაქმნა.
„ადამიანი უნდა გარდაიქცეს აქლემად, ლომად და ბავშვად“. აქლემი მომთმენი და ბევრის ამტანი ცხოველია, რომელიც ზიდავს მძიმე ტვირთს, ადის მაღალ მთებზე, სვამს უწმინდურ წყალს და იკვებება ხმელი ბალახით. ამგვარადვე მოიხვეჭს სული მისთვის საჭირო საუნჯეს. მაგრამ ერთ დღეს აქლემი უდაბნოში ლომად გადაიქცევა და შეებრძოლება თავის ღმერთს, თავის ვეშაპს, რომელსაც აქამდე ემსახურებოდა და რომლის სახელიც არს: „შენ მოვალე ხარ“, „მე მსურს“, შესძახებს ლომი, მოსპობს თავისი სიყვარულის საგანს მოვალეობას და შეიქმნება თავისუფალი. რა საჭიროა მძლავრი ლომისათვის ბავშვად გარდაქმნა? ბავშვი უმანკოებაა, ლაღობა, თავდავიწყება, ინსტინქტი, რომელიც ქმნის ახალ ცას და ახალ დედამიწას. ბავშვი სარკეს მიაწოდებს, ჩაიხედავს და შიგ დაინახავს საშინელი დემონის მოხარხარე სახეს. რას ნიშნავ ეს? მართლა მტერთა კარიკატურას ზარატუსტრას მოძღვრებაზე?.. თუ ეს სინდისის უკანასკნელი გამაფრთხილებელი ხმაა, მკვდარი ღმერთის ლანდი? მაგრამ სინდისის ქენჯნა უძლურთა ხვედრია და ზეკაცის გულს არ ეკარება“.
ტექსტის წაკითხვა გაფიქრებინებს, რომ ერეკლე ტატიშვილი ნიცშეს „ასე იტყოდა ზარატუსტრას“ კი არ კითხულობდა, გულით ატარებდა და მისი ამ ნაწერით იგებ გაცილებით მეტს, ვიდრე ნაწარმოების წაკითხვისას გაიგებდი. ა
ერეკლე ტატიშვილი იმ გენეტიკური ძალის მატრებელი მოაზროვნე რჩება.
მძიმე დღეები გადავა და სამყარო დაადასტურებს მის კეთილგანწყობას საქართველოსადმი, რომელსაც ასეთი მოაზროვნეების სამშობლოა.„და ბოლოს ის, რაც წიგნის ბოლოში წერია:
„ზარატუსტრას“ მთარგმნელის პიროვნებასა და ღვაწლზე შესანიშნავად, ღრმა ფსიქოლოგიური წვდომითა და სიმართლითაა მოთხრობილი ვახტანგ ჭელიძის ესეიში„ერეკლე ტატიშვილი“
(წიგნში: „ფიქრები ხვალინდელ დღეზე“, 1975) და მისივე ვრცელ ლიტერატურულ ნარკვევში „ათი წელი ერეკლე ტატიშვილთან“ (წიგნში: „ძვირფასი სილუეტები“, 1989). ზოგიერთი ცნობისათვის იხ. აგრეთვე მანანა გელაშვილის „ერეკლე ტატიშვილი“ („ლიახვი“, 1986) და ჩემი ესეი „სევდა ერეკლე ტატიშვილისა“ („ცისკარი“, 1986).
ქეთევან ჩემია, ისრაელი