ქედუხრელი რაინდი — ნატო მარშანია

0
62

ნატო მარშანიამ ეს უნიკალური წიგნი, «ქედუხრელი რაინდი» დიმიტრი (არზაყან) ემუხვარს მიუძღვნა.

«ვწერ მათთვის, ვინც აფხაზებთან მოსალაპარაკებლად დადის ან წავა.
ჩემი დიდი ბაბუა — ტაგუ კვარაცხელია შეძლებული ვაჭარი ყოფილა, ჩამოსულა ჩხოროწყუდან სამურზაყანოში ( გალის რაიონი), მიწები შეუძენია და ცოლიც შეურთავს. 1907 წლისათვის მას უკვე სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს: ლიდია, შუშანა და მიტროფანე (ჩემი ბაბუა). სწორედ ამ დროს ტაგუ კვარაცხელიასთან მოდის დიმიტრი ემუხვარი, აფხაზი თავადი და აღსაზრდელად მოჰყავს მისი პირველი ვაჟი — ვლადიმერი (კუჭიკო). იმ დღიდან ეს ორი ოჯახი უახლოესი და უძვირფასესი ხდება ერთმანეთისათვის.
1918 წელს საქართველო აცხადებს დამოუკიდებლობას. პრეზიდენტი ნოე ჟორდანიაა და თუ იცით, ვინ არის აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ? დიმიტრი ემუხვარი.
მაგრამ 1921 წელს თბილისში შემოდის წითელი არმია და იწყება საქართველოს ოკუპაცია. ჟორდანიას მთავრობა ტოვებს საქართველოს. სამშობლოს ტოვებს დიმიტრი ემუხვარიც, მაგრამ მისი მეუღლე (მარიამ ჩიკვაიძე) და ორი ვაჟი ვერ გარბიან მასთან ერთად, რადგან უმცროს შვილს, გივის (გიორგი ემუხვარი) საყმაწვილო სენი შეეყარა და მაღალი სიცხე აქვს. ბავშვი კი გამოჯანმრთელდა, მაგრამ მერე უკვე დიმიტრის ოჯახისთვის ევროპაში წასავლელი ყველა გზა ჩაიკეტა.
1937 წელს ვლადიმერ (კუჭიკო) ემუხვარი დახვრიტეს. იმიტომ, რომ დიმიტრი ემუხვარის შვილი იყო. იმიტომ, რომ ქართველის ოჯახში იყო გაზრდილი და ქართველები უყვარდა. ასეთი აფხაზი მოსასპობი იყო, კრემლს სხვანაირი აფხაზი სჭირდებოდა.
1939 წელს პარიზში საეჭვო პირობებში მოიწამლა და გარდაიცვალა კუჭიკოს მამა, დიმიტრი ემუხვარი — აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი. მაგალითი იმისა თუ როგორი იყო სინამდვილეში ქართულ-აფხაზური ურთიერთობა. მაგრამ ასეთი ურთიერთობა იყო მოსასპობი და ასეთი ურთიერთობის თვალსაჩინო წარმომადგენელი — მოსაკლავი.
საჭირო იყო ახალი აფხაზის შექმნა. საბჭოთა ხელისუფლება ღიად და ამაყად აცხადებდა, რომ ახალ საბჭოთა ადამიანს და ახალ საბჭოთა ხალხს ქმნიდა. გამოუვიდა.
საბჭოთა ხელისუფლებამ მოგვტაცა აფხაზები, ხელები დაიკაპიწა და დაიწყო დაუღალავი შრომა ახალი აფხაზის შესაქმნელად. შექმნა კიდეც, ახალ აფხაზს ქართველი ეზიზღება და სძულს. თუ მეტყვით, რომ აფხაზებს მომხდარი ომის გამო შესძულდათ ქართველები, თქვენ საბჭოთა აფხაზეთზე, საბჭოთა კავშირზე, რუსებსა და მათ კაგებეზე არაფერი გცოდნიათ.
ქეთოს გაახსენდა დედის „იავნანა,“ აფხაზები გულზე ხელის დადებით გალობენ „მოი ადრეს სოვეტსკი სოუზ!“. რასაკვირველია საჭიროა მათთან შეხვედრა და საუბარი, მაგრამ გახსოვდეთ, თქვენ ლეკების მოტაცებულ ქეთოს არ ესაუბრებით, არც თარაშ ემხვარს „მთვარის მოტაცებიდან“, არც ჰაჯი-უსუბს „გამზრდელიდან.“ დღევანდელი აფხაზები დიდიან-პატარიანად კაგებეს შექმნილი და გამოზრდილი ხალხია, იმ კაგებესი, რომელმაც 1937 წელს სრულიად უდანაშაულო ვლადიმერ ემუხვარი დახვრიტა.» — ნანა კვარაცხელია (ანარია)
წიგნის ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ გადმოტვირთოთ და წაიკითხოთ აქ …  ქედუხრელი რაინდი 
ზემოაღნიშნულ წიგნზე დაყრდნობით გადაღებული დოკუმენტური ფილმი შეგიძლიათ იხილოთ აქ…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ