PACE-ის ვიცე-პრეზიდენტი: “თუ დღესვე არ ვიმოქმედებთ, საქართველო მეორე ბელარუსად გადაიქცევა”
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი კნუტ აბრაჰამი საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე დაუყოვნებელ რეაგირებას ითხოვს. მისი განცხადებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრება, დემონსტრანტების ცემა და სამოქალაქო საზოგადოების დაშინება მკაფიოდ ახსენებს რუსეთსა და ბელარუსში არსებულ ვითარებას:
„თუ არ გვსურს მეორე ბელარუსი კავკასიაში, საჭიროა დაუყოვნებლივი მოქმედება. საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრს, ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულება აქვს,“ — აცხადებს აბრაჰამი და მინისტრთა კომიტეტს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი, საქართველოს დემოკრატიულ საფუძვლებზე თავდასხმად აფასებს ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრებას და მოითხოვს უსამართლოდ დაკავებული ჟურნალისტებისა და აქტივისტების გათავისუფლებას.
განსაკუთრებული აღშფოთება გამოხატა ALDE-ს პრეზიდენტმა სვენია ჰანმა:
„ეს პოლიტიკური დევნაა. „ქართული ოცნების“ რეჟიმმა პატივი უნდა სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაპატიმრებული ოპოზიციონერები.“
ოპოზიციის ლიდერებს — ზურაბ ჯაფარიძეს, გიორგი ვაშაძეს, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიასა და ირაკლი ოქრუაშვილს — პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობისთვის 7-დან 8 თვემდე თავისუფლების აღკვეთა და თანამდებობის დაკავების 2-წლიანი აკრძალვა მიესაჯათ.
სხდომაზე მხოლოდ ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია გამოცხადდა, თუმცა მეორე დაბარებაზე მას დისტანციურად ჩართვაზე უარი უთხრეს. მისი საქმე პროკურატურაში ჯერ არ გადაგზავნილა.
