საპრიზო კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, 2023 წლის Sjur Lindebække-ის მემორიალური პრემია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის მიენიჭოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.
«ჩემთვის დიდი პატივია ადამიანის უფლებების და დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტის ქვეყნისგან ჯილდოს მიღება, ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში.
ამ პრემიამ ნორვეგიისგან უნდა დააფიქროს ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც წლების განმავლობაში წამოეგო ჩემი გაშავების კამპანიას. უნდა დაფიქრდნენ ისინი, ვისაც ჩემი სრულიად უსამართლო და სამარცხვინო პატიმრობა დემოკრატიის და ადამიანის უფლებების საკითხად კი არა, რაღაც პოლიტიკურ გარჩევად მიაჩნია. ის, რომ ჩემს პატიმრობაზე ამხელა ნეგატიური რეაქციაა მთელ ცივილიზებულ სამყაროში და პოზიტიური მხოლოდ კრემლში და ოცნებაში, თითოეული ქართველის განსჯის საგანი უნდა იყოს» — ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ Sjur Lindebrække Memorial Prize ყოველწლიურად ენიჭებათ ინდივიდებს ან ორგანიზაციებს, რომლებიც გარდაცვლილი ნორვეგიელი პოლიტიკოსისა და პოლიტიკური მოაზროვნის Sjur Lindebrække-ს სულისკვეთებით აქტიურად იცავენ ადამიანის ძირითად, პოლიტიკურ და ეკონომიკურ თავისუფლებებსა და უფლებებს და მიზნად ისახავს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას.
მიმღებებს ირჩევს მცირე კომიტეტი, რომელსაც თავმჯდომარეობს პოლიტოლოგიის პროფესორი ჯანე ჰალანდი მატლარი. კომიტეტი გასცემს პრიზს ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის სახელით, მაგრამ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს.
პრიზს თან ახლავს ფულადი ჯილდო 50 000 NOK. საპრიზო თანხა გამიზნულია მიმღების არაკომერციული მუშაობის გასაადვილებლად.