საინტერესო

ფესახის დღესასწაული დაიწყო

ხშირად გამიგონია, ებრაელების „აღდგომა“ ჩვენს „აღდგომას“ ერთი კვირით ასწრებსო. აქამდე მეც ასე მეგონა.
სინამდვილეში ასეა საქმე:
ისრაელში ფესახის დღესასწაული ერთი კვირა, ხოლო დიასპორებში ერთი დღით დიდხანს გაგრძელდება.
ამ დღეს ებრაელები ბიბლიურ მოვლენებს უკავშირებენ. ტრადიციების ერთგულება მათ სამომავლოდ უფრო მეტ სიკეთეებს პირდება.
სამი რელიგიის სამშობლოში იერუსალიმის წმინდა მიწაზე ულამაზეს სასტუმროში ვიზიარებ სადღესასწაულო განწობილებას.
უკვე შემობრძანდა ფესახი და გულით მინდა ჩემი განწყობილება გადავცე ქართველებს და ებრაელებს, რომლებსაც ბევრი საერთო გვაქვს.
ჩვენ სისხლხორცეულად ვართ დაკავშირებულები.
მინდა კიდევ უფრო გაღრმავდეს.
ამიტომაც ვწერ, თუმცა ძალიან მცირედს იმ საოცრად საინტერესო ისტორიებიდან ებრაელების გენეტიკურმა მეხსიერებამ რომ შემოინახა:
ამ გახსენებაზე:
კომკავშირელების, ანუ ახალგაზრდა კომუნისტების პირველ ყრილობაზე გადაწყდა „ღმერთი არ არსებობს“… ყრილობათა სასახლიდან გამოსულებმა, ყველა მათგანი იარაღს ატარებდა, ნიშნად უშიშრობისა, გადაწყვიტეს ცისთვის ტყვიები დაეშინათ. მხოლოდ ერთმა მათგანმა გააპროტესტა: თუ არ არის, რას უნდა ვესროლო და თუ არის, მაშინ რატომ უნდა ვესროლოო… იმას, რომ ადამიანს რწმენის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია თავად უღმერთო ათეისტმა კომუნისტებმა დაამტკიცეს. მართალია ადამიანებისთვის ცნობილი რელიგია აკრძალეს, მაგრამ ლენინის და კომუნიზმის სახით სრულიად ახალი — გამოგონილი ღმერთი არწმუნებინეს… და ასეთები ძალიან ბევრნი ვიყავით.
ჩემს მეხსიერებაში არ შემორჩენილა არავინ, ვისაც კომკავშირელობაზე უარი ეთქვას. თუმცა გაგონილი მქონდა, რომ იყვნენ ასეთები, ძირითადად „კანონიერ ქურდობაზე“ რომ დებდნენ თავს და ძალიან ცოტანი, ვინც დისიდენტებად გახდნენ ცნობილნი. სულ ეს იყო. სხვას არც ურწმუნობა გაუპროტესტებია და არც რელიგიის არქონა. რწმენა ყველას თავისი ჰქონდა. არც ის მახსოვს, ვინმე ებრაელებისთვის აეკრძალოს წესებს ნუ მისდევთო.
ისე დიდი უცნაური ხალხი ვართ ქართველები. უცხოტომელებისადმი განსაკუთრებული მოკრძალებული, სხვა სახელი ვერ მოვუნახე, მოწიწების მსგავსი დამოკიდებულება გვაქვს, რომელსაც საკუთარი თვისტომისადმი მაშინ გამოვხატავთ, როცა სტუმარია. ანუ, ჩვენი გენეტიკა უცხოტომელს სტუმრად აღიქვამს და ქვეცნობიერად მისადმი მოწიწებით განგვაწყობს. ვინ არ იცის, სვანეთში დღესაც არის შემორჩენილი წესი: ოჯახში რამდენიმე ხელი თეთრეული ხელუხლებლად ინახება, რაც უნდა მოხდეს არავის აქვს უფლება მიეკაროს ოჯახის დიასახლისის განკარგულების გარეშე. ეს მაშინ მოხდება, თუ იმ მთებში, სადაც ხანგრძლივი ზამთარია, სტუმარი მოვიდა… არა, ძალიან ლამაზი თვისებები შემოგვრჩა, ეს გვალამაზებს. უცხოელებისადმი, როგორც საპატიო სტუმრისადმი ფაქიზი დამოკიდებულებაც, მათ შორის. გვიყვარდეს — რაც გვამშვენებს.

Loading…

ებრაელები უხდებოდა ჩვენს ყოფას.
ჩვენ კვლავ გვაქვს მათთან, ოღონდ მათსავე ქვეყანაში ცხოვრების ბედნიერება.
ღმერთო ნუ მოგვიშლი იმას, რაც ასე გვიხდება ორივე ერს..
დღეს ისრაელში დიდი დღესასწაული — ფესახი უკვე დაიწყო.
იერუსალიმში — სამი რელიგიის სამშობლოში ვარ. ჩემს წინ მისი დიდებული ხედებია გადაშლილი. დღეც და ღამეც ლამაზია აქაურობა, მაგრამ იმდენად უკაცრიელია, მოკრძალება მიპყრობს… თითქოს რაღაც ახალი იბადება… ფეხაკრებით მოდის ის რაღაც ახალი ლამაზი, სრულიად სხვა და ამავე დროს ნაცნობი — ხვალინდელი დღე… ფანჯარას ვაღებ და სიჩუმეს ვაყურადებ.
კარანტინის მიუხედავად დიდი ხმაური იყო ეს დღეები და რამდენადმე ამ ლამაზი დღესასწაულის მონაწილე ვარ. საფესახე ღვინოც მომიტანეს. სავსე ჭიქა წამექცა… ნათელში იყოს ყველა, ვინც ამქვეყნიდან წასულია…
ხვალ ახალი დღე იწყება…
ყოველი ახალი ხომ მოულოდნელობით და მოუთმენლობით გვავსებს.
სრულიად უნიკალური ადამიანების გვერდით ვცხოვრობ. აქ რელიგია და ეროვნება ერთსადაიმავეს ნიშნავს. საუკუნეების მანძილზე ამ ერმა საკუთარი წარმომავლობისადმი გასაოცარი მოთმინება, გამძლეობა და ერთგულება გამოიჩინა. ქართველებმა ვიცით თქმა „მრავალჭირგადანახადი“… ამას საკუთარ ერზე ვამბობთ… ამ ერს არანაკლები, იქნებ უფრო მეტი განსაცდელიც კი — აქვს გადატანილი. რელიგიისთვის წამებული არაერთი ეროვნული გმირი ჰყავთ. მათ ტანჯვა-წამებას საზღვარი არ ჰქონია. არაერთი ისტორიული ფაქტი ადასტურებს მათ განუმეორებელ გამძლეობას.
თუ საკუთარს აფასებ, სხვისას აუცილებლად დაინახავ…
დიახ, ჩემს ერს, მის განსაცდელს ვხედავ და მასთან ერთად ამ ადამიანების წარმოუდგენლად ძლიერ თვისებებს ვაფასებ.
მხიარული, საზრიანი, ხმაურიანი, უბოროტო… არა, შრომისმოყვარეო, ვერ ვიტყვი, გონივრულად წარმართავენ საქმეს. მათია გამონათქვამი: ადამიანი ოცდაოთხი საათი კი არა, გონებით უნდა მუშაობდესო… ფიზიკური დატივრთვა იმდენად ეხებათ, რამდენადაც სხვების მუშაობას უნდა ადევნონ თველყური. ეს არანაკლებ დამღლელია. დამეთანხმება ყველა, ვისაც გონებრივი დაძაბული შრომა ჰქონია. ებრაელებს ძირითადად გონებრივი შრომა აქვთ, თუმცა ფიზიკურადაც არც თუ იშვიათად „ასწორებენ დღედაღამეს“.
ამიტომაც კარგად ცხოვრობენ!
ღმერთმა უფრო მეტი მისცეთ!
ენა — ივრითი — საოცრება. ნეტავი თუ იციან ჩვენებმა ბოკერიებმა, ბასარიებმა, ხოფერიებმა, შელეგიებმა, არნანიებმა, არონიებმა… მათი გვარების მნიშვნელობა ივრითზე: ბოკერ-დილაა, ბასარ-ხორცი, ხოფერ-ფიფქი, შელეგ-თოვლი, არნან-ღრუბელი, არონ-განჯინა… მოკლედ, ივრითულ ყოველ სიტყვას ქართულთან რაღაცით ვაკავშირებ და ესეც შენი ენის შესწავლა… არა, რათქმა უნდა ვაჭარბებ… ენა მართლა კი არ ვიცი, მაგრამ ვცდილობ ვისწავლო.

ჰო, ფესახზე საუბარს ვაპირებდი.
2020 წელს იუდეველები ფესახს შეხვდებიან ხვალ — 8 პრილს მზის ამოსვლისას და 16 აპრილამდე — ხუთშაბათამდე გაგრძელდება.
აღინიშნება ეგვიპტიდან გამოსვლა. მას შეიძლება ეწოდოს ებრაელი ერის დაბადების დრო. ფესახზე აღინიშნება ფიზიკური და სულიერი მონობისგან გათავისუფლება.
თავად დღესასწაული ერთი კვირა გრძელდება, მაგრამ მისთვის მზადება გაცილებით ადრე იწყება.
სეფიდური გამოთქმა: ბარუხ ამა, ადო-ჰაი ე-ლო-ეინყ მელეხ აოლამ, აშერ კიდეშანყ ბემიცვომად დეცივანუ ალ ბაურ ხამეც. — კურთხეული ხარ შენ უფალო, ღმერთო ჩემო, სამყაროს მფლობელო, განმანათლებელო ჩვენო საკუთარი მცნებებით და მბრძანებელო გავანადგუროთ ხამეცი.
ხამეცი ქვია ყველაფერს, რაშიც საფუარი ურევია და ფესახის დღესასწაულისთვის მისი ნამცეცი არ უნდა იყოს არცერთ ებრაულ ოჯახში.
ივრითული სიტყვა ფესახი „ჩაიარას“ აღნიშნავს და ბიბლიური წარმოშობა აქვს. „ძველი აღქმის“ მიხედვით ეგვიპტის ფარაონმა უარი თქვა ებრაელების მონობიდან გათავისუფლებაზე, რის გამოც მას და მისი ქვეყანას საშინელი სასჯელი დაატყდა თავს. ბოლო მათგანი იყო ყოველ ოჯახში პირველშობილის სიკვდილი. ეს სასჯელი უბედურება მხოლოდ ებრაელებს არ შეხებია, მათ სახლებს, უფალის ნებით „გვერდზე ჩაუარა“.
სიკვდილს ვერ გაექცა ფარაონის ვაჟიც. მომხდარით შეძრწუნებულმა მამამ ებრაელების გათვისუფლება გადაწყვიტა.

„ფესახზე“ სწორედ ამ მოვლენას აღნიშნავენ — ეგვიპტიდან — მონობიდან ებრაელების გამოსვლის ხსოვნას დღესასწაულის სახით წმინდად ინახავენ..
ქრისტიანულ პასექთან, რომელიც მხსნელის მკვდრეთით აღდგომას ვდღესასწაულობთ, თითქოს არაფერი უნდა ჰქონდეს საზიარო, თუმცა ზოგიერთი პარალელი მაინც შეინიშნება. საქმე იმაშია, რომ მაგალითად 14 ნისანი — (აპრილი) „ახალი აღთქმის“ მიხედვით „საიდუმლო სერობის“ დღეა, ამ დღეს ქრისტე დასჯის წინ — უკანასკნელად შეხვდა მოწაფეებს. სახარებაში იესო ქრისტე საკუთარ თავს ფესახის ბატკანს ადარებს, რომელიც გადმოცემის თანახმად, ეგვიპტიდან გაქცევისას იუდეველებმა უფალს მსხვერპლად შეწირეს.
კრავი — ნამცხვარი აღდგომის ბრწყინვალე დღისადმი მიძღვნილ ქრისტიანულ სადღესასწაულო სუფრაზე ერთ-ერთ უცვლელ ატრიბუტად ითვლება. სათანადო ყალიბებიც კი ერთდროს ყოველ ოჯახში ინახებოდა.
და კიდევ, აღდგომის დღესასწაულის რიცხვიც მოძრავია ისევე, როგორც ფესახის და გაზაფხულზე, მაგრამ სხვადსხვა დროს აღინიშნება. თუ რატომ ქრისტიანობაზე საუბრისას მინდა დავწერო.
უფალი მოგვასწრებს.
უკვე იმდენი რამე ვიცი ორივე დღესასწაულის შესახებ, ვცდილობ რაც შეიძლება მოკლედ გამომივიდეს და ძალიან მიძნელდება.
ამის უთქმელობა არ ივარგებს:
ყოველი მორწმუნე ებრაელისთვის ფესახის დღესასწაულის ყველა წესი მკაცრად დასაცავია, იმიტომ, რომ ამ მიზნით მომზადებულ ყოველ კერძს განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვა აქვს.
14 ნისანის, აპრილის ღამეს, მთელი ოჯახი ელოდება მზის ჩასვლას იკრიბებიან ვახშამზე — სედერზე. ეპატიჟებიან უქონელებს და იმ ნაცნობებს, ვისაც რაღაც მიზეზით დღესასწაულის აღნიშვნა საკუთარ ახლობლებთან არ შუძლია. მაგიდაზე საგანგებოდ ფესახისთვის განკუთვნილი კერძებია. ხომ გახსოვთ, ქრისტიენებშიც დაახლოებით ასევეა, პასკა აუცილებელ ატრიბუტად მიიჩნევა და მხოლოდ წელიწადში ერთხელ სააღდგომოდ ცხვება. ქართულად „საპასექო ნამცხვარი“ ქვია.
ფესახზე უმთავრეს კერძად მიიჩნევა მაცა — უსაფუარო პური, რომლის მირთმევა ტრაპეზის განმავლობაში რამდენიმეჯერ არის აუცილებელი.
სუფრაზე უნდა იყოს მაროსი — ეგვიპტური მონობის სიმბოლო — მწარე; მწვანილი; ხაროსეტი — გახეხილი ვაშლისგან, თიხა — თხილით და ფინიკით შეზავებული, როგორც ებრაელების მონობის დროს ნაკეთები აგურების მასალის სიმბოლო.
ძირითადადია ვახშმის მეორე ნაწილი, რომელიც ებრაელების ასევე სადღესასწაულო კერძებით გამოირჩევა: თევზი სხვადასხვა შიგთავსით; ზროა — ცხვრის ხორცის მოზრდული ნაწილი მთლიანად ძვლიანად შემწვარი, რომელიც იერუსალიმში მსხვერპლთშეწირვის შესახსენებლადაა მოწოდებული.
თავად სადღესასწაულო ვახშამი გადის რამდენიმე ეტაპად, რომლის განმავლობაში სვამენ ოთხ ბოკალ ღვინოს, ბავშვებისთვის ალკოჰოლს ყურძნის წვენით ანაცვლებენ. ციფრი ოთხი — ღვთის მიერ რჩეული ერისთვის მიცემული დანაპირების სიმბოლოა. მეხუთე ბოკალი ივსება, მაგრამხელუხლებელია რჩება, რადგან მოციქული ელიაჰისთვისაა გამიზნული, რომელიც გადმოცემის თანახმად ფესახის დღესასწაულის სუფრაზე ყოველ ებრაელს დაეწვევა.
სედერის დროს ასევე კითხულობენ ლოცვებს და სრულდება ღვთისმსახურება, რაც საღამოს ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელია. სადღესასწაულო ტრაპეზის დასასრულს იჭმევა მაცას (აფიკომან) ნაჭერი, რომელსაც მოზრდილები მალავენ ბავშვებისგან, მათ კი უნდა იპოვონ.
სედერის ბოლოს ხუთი, ასე ვთქვათ „ყოველდღიური დღესასწაულია“ და ფესახი მთავრდება დასვენების დღით, როცა „ძველი აღქმის“ თანახმად „ზღვის წყლების გაყოფის ცერემონია“ ტარდება: როცა ფარაონმა, თავიდან ებრაელები ეგვიპტიდან მართალია გაუშვა, მაგრამ მოგვიანებით უკან დასაბრუნებლად ჯარით გამოუდგა, მაგრამ წითელი ზღვის წყლებმა ლტოლვილების წინაშე უკან დაიხია, რათა გაღმა გასულიყვნენ, ხოლო მდევრების წინ კვლავ შეეერთდა და შთანთქა ეგვიპტელი ჯარები. ამის ხსოვნის ნიშნად იუდეური წმინდა წიგნის „თორას“ — შესაბამის ნაწყვეტებს კითხულობენ.
ბევრს ლაპარაკობენ აკრძალვების შესახებ ფესახზე. დიახ, სადღესასწაულო დღეებში უმთავრესი აკრძალვაა პროდუქტზე, რომლის ცომში გამოყენებულია საფუარი. პირველ რიგში ეს არის პური და მკაცრად იკრძალება. ასევე არ შეიძლება ლუდი, სპირტიანები… 14 ნისანისთვის ოჯახში მსგავსი თუ არის, დაწვავენ, ან სიმბლურ ფასად გაიყიდება არაებრალებზე. უფრო ხშირად გააჩუქებენ ხოლმე. შემდეგ ლაგდება ირეცხება, ყოველგვარი ნამცეცისგან სუფთავდება საცხოვრებელი. სახლში ხამეცის ნამცეცი არ უნდა დარჩეს. ჭურჭელიც კი, რომელიც სედერზე გამოაქვთ, ცდილობენ ძველი არ იყოს, ახლით შეცვალონ.
ყველა აკრძალვა ასევე დადგენილია იუდეველების ეგვიპტიდან გამოსვლის მეხსიერების გამო. მონობის ადგილის მალე დატოვებისკენ ლტოლვისას, ებრაელები ვერ დაელოდნენ მოზელილი პურის ამოფუებას, ამიტომ მთელი გზა უდაბნოში მტკნარი წყლით მოზელილ ცომზე — მაცაზე გადადიოდნენ.
გახურებულ უდაბნოსი მზეზე გამოსულებს თავზე წყალზე მოზელილი ცომი ეხურათ და საღამოს უკვე გამომცხვარს მიირთმევდნენო, ასე გამიგონია, მაგრამ ვერსად წავიკითხე და დავადასტურე ეს გადმოცემა. სამაგიეროდ დადასტურებულია, რომ მაცა 18 წუთში უნდა გაკეთდეს. არც მეტი არც ნაკლები.
ფესახის პირველ და ბოლო დღეებში იკრძალება ნებისმიერი მუშაობა.
მეტიც დეტალურად არის გაწერილი მისი გამოცხობის წამებიც კი. იმ წამიდან, როცა ფქვილს წყალი დაემატება და გამოცხობამდე არ უნდა გავიდეს 18 წუთზე მეტი, ითვლება, რომ მერე უკვე იწყება ამოფუების პროცესი, ეს დაუშვებელია. ფორმას კი არა აქვს მნიშვნელობა. მაცა შეიძლაბა მრგვალიც იყოს და კვადრატულიც, განსხვავება იმაშია, რომ პირველი დამახასიათებელია სახლში გამოცხობილისთვის, ხოლო კუთხოვანი ფაბრიკის პირობებში გამოდის.
საინტერესოა იუდეველების რელიგიის ისტორია ისევე, როგორც თავად ერი იუდეველები და მათი გასაოცარი ენა.

ვულოცავთ მათ ფესახის დღესასწაულს და ვუსურვებთ არაფერს ახალს, მხოლოდ იმას, რასაც ფულით ვერ იყიდიან, რადგან ფულით რისი ყიდვაც შეიძლება მათთვის პრობლემა არ არის. სხვა პრობლემები არასდოს გქონოდეთ.
რედაქცია უერთდება ავტორის სურვილებს და ებრაელ ერს ულოცავს პესახის დღესასწაულს.
ჩვენო ძვირფასო ადამიანებო შინ და გარეთ ებრაელო მრავალჭირგადანახადო, ნაწამებო, მაგრამ გაუტეხელო ერო:
დარჩით ჯანმრთელები, იყავით ბედნიერები, გამჩენმა მოგცეთ ყველა ადამიანური სიკეთე სიყვარული, ბედნიერება, სილამაზე, სილაღე… თქვენ ეს დაიმსახურეთ.
ჰახსამეახ ჩემო ძვირფასებო!

ქეთევან ჩემია
იერუსალიმი
2020 წლის ფესახის დღესასწაულის დასაწყისი
9 აპრილი

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

რამდენი ვეფხვია ამ სურათზე? ტესტი, რომელიც გამოითვლის თქვენს IQ- ს

Joni Kvaracxelia

ასტრონომიული მოვლენები, რომლებიც დაამშვენებს 2024 წელს. იხილეთ ისინი შეუიარაღებელი თვალით

როგორ მუშაობს ისრაელის სამხედრო საჰაერო თავდაცვის სისტემა ანტიდრონი «Drone Dome» (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი