უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის არმიამ დონეცკისა და ხერსონის ოლქებში რუსეთის იერიშების მოგერიება შეძლო.
მათი ცნობით, დონეცკის ოლქში რუსეთის არმია რამდენიმე მიმართულებით შეტევით ოპერაციებს ატარებდა , მათ შორის ქალაქ ბახმუტთან და უგლეგორსკის თბოელექტროსადგურთან, მაგრამ როგორც უკრაინის გენშტაბში განაცხადეს, რუსეთის ქმედებები წარუმატებელი აღმოჩნდა. ამას გარდა, რუსეთის არმია ცდილობდა შეტევას ავდეევკის რაიონში, თუმცა უკრაინელებმა მათი მოგერიება შეძლეს.
„დონეცკი-პესკისა და ნოვოსელოვკა-ალექსანდროპოლის მიმართულებებით საბრძოლო მოქმედებები გრძელდება“, – ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, რუსეთის არმიის შეტევა მიმდინარეობს ასევე ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს, დასახლებულ პუნქტ ივანო-დარიევკასთან ბრძოლა გრძელდება.
ხერსონის ოლქში რუსი სამხედროები ცდილობდნენ შეტევის წამოწყებას დასახლებული პუნქტების, სუხოი სტავოკისა და ლოზოვოეს მიმართულებით, თუმცა როგორც უკრაინის არმიის გენშტაბში აცხადებენ, ამ შემთხვევაშიც, რუსეთის იერიშს შედეგი არ ჰქონია.