რიონის ხეობის ერთ-ერთი “მცველი” ვარლამ გოლეთიანი ოჯახზე და ცხოვრების დეტალებზე «სარკესთან» საუბრობს.
«მამა ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაშია, 28 სოფლის მღვდელია. აქ ცოტანი არიან მოძღვრები, თითო სასულიერო პირზე ბევრი სოფელი მოდის.
ტრადიციული ოჯახი გვაქვს, და და ძმა მყავს. მეც სასულიერო აკადემიაში ვსწავლობდი და თეოლოგიური განათლება მივიღე. გალობის ისტორიას ვასწავლი ქუთაისის ტრადიციული მუსიკის სასწავლებელში. ფოლკლორულ ანსამბლ „სახიობას“ წევრი ვარ და სიმღერითაც ვიყავი დაკავებული.
ლეჩხუმს საფრთხე რომ შეექმნა, რადგან ფაქტობრივად 80% წყლით იფარება ჰესის აშენების შემთხვევაში, მეც ჩავერთე ბრძოლაში…
დედაჩემი აღმოსავლეთმცოდნეა. რაღაც პერიოდი უნივერსიტეტში მუშაობდა. ახლა, ისიც ჩართულია ამ პროცესებში, ერთად ვართ მთელი ოჯახი.
შიგნით რთულადაა საქმე, დაძაბულები და ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ვართ. ერთი სული მაქვს, როდის მორჩება ეს ყველაფერი, რომ ყოველდღიურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ, თორემ ეს ყველაფერი გრძელვადიანად რთული გასაძლებია.»-განაცხადა ჟურნალ “სარკესთან” ვარლამ გოლეთიანმა.