რუსული მედიის ინფორმაციით, ქართველი “კანონიერი ქურდი“ ტარიელ ონიანი დღეს, სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს. ონიანს სასჯელი შეუმსუბუქდა და სწორედ ამიტომ მას ვადაზე ადრე გათავისუფლება მოუწევს.
2010 წელს ონიანს, მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადამიანის გატაცებასა და ფულის გამოძალვაში დასდეს ბრალი. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თავდაპირველი სასჯელის მიხედვით, ონიანი 2019 წლის 11 ივნისს უნდა გათავისუფლებულიყო, თუმცა მან სასამართლოს გზით სასჯელის შემსუბუქება შეძლო და საბოლოო დასკვნის მიხედვით ე.წ. კანონიერი ქურდი სასჯელაღსრულების დაწესებულებას 2019 წლის 9 აპრილს დატოვებს.
გათავისუფლებისთანავე კრიმინალურ ავტორიტეტს დეპორტაცია ემუქრება. რუსული პრესის ინფორმაციით, სად გაგზავნიან ონიანს რუსეთიდან ჯერჯერობით უცნობია. მას ამ მომენტისთვის რუსეთის და ესპანეთის მოქალაქეობა აქვს. ესპანეთის სამართალდამცავების მიერ ონიანი კარგა ხანია ძებნილად არის გამოცხადებული, მას ბრალს ფულის გათეთრებაში სდებენ და თუ მისი დეპორტაცია ამ ქვეყანაში მოხდა, ის რუსეთის ციხიდან ესპანეთის კოლონიაში მოხვდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ის დეპორტაციით საქართველოში გამოამგზავრონ, თუმცა 2006 წლიდან ონიანი საკუთარი სურვილით, საქართველოს მოქალაქე აღარ არის.
პირველი რადიო
