სტუმრად იქ…

0
124

სტუმრად იქ…
მსოფლიოს მერვედან პირველ საოცრებასთან…
საოცრებაში…
ვინმეს რომ ჩემი აზრი აინტერესებდეს ვიტყოდი: ჩემთვის მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრებად უნდა იყოს აღიარებული — სვანეთი!
ვინც სვანეთს ხშირად სტუმრობს, მეტიც, საერთოდაც ადგილობრივია, მათთვის ეს სილამაზე ჯადოსნური ჯოხის ერთი მოქნევით ერთი თვალის შევლების შემდეგ უამრავ პრობლემად გადაიქცევა… მაგრამ პირველად მნახველისთვის:
სვანეთი სრული შოკია!
სვანეთი ნანახი თუ არ გაქვთ, ნუ დაიტრაბახებთ: მსოფლიო მაქვს შემოვლილიო.
სვანეთი — თავად არის მსოფლიო — სამყარო, სრულიად შეუცნობელი და ნაცნობი, რთული რელიეფით და სრულიად გამორჩეული ბუნების თავისებური ხასიათის, ხშირად იუმორისადმი გულგრილი… ადგილობრივების „სერიოზული“ დამოკიდებულებით…
ქართული ენისგან განსხვავებული მისტიური — დიახ, სულაც არ მეშინია ამ სიტყვის, მინდა ვიცოდე და ვფლობდე ამ სრულიად წარმოუდგენელად საინტერესო ენას…
***
სვანეთი ბევრი ჩვენთაგანისთვის ჭუბერთან ასოცირდება…
აი, გავცდით იმ ჩასახვევს, სადაც ქართული ჩვეული დაუდევრობით ძლივს გასარჩევად წერია: ჭუბერი…
რა ვიცი, ვისგან, მაგრამ მაინც:
მალულად გავყურებ…
გულწრფელი მინდა ვიყო:
ცოტა არ იყოს, თვალის არიდება მინდა, რადგან გონებისკენ ის საზარელი „გოლგოთა“ გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების მოგონება ჭრელი სერპანტინივით მოცოცავს და თავის დაღწევა მიჭირს…
რა შემიძლია ამ მხარისთვის გავაკეთო იმის სანაცვლოდ, რომ ის ასე ამაყად დამცქერის და მაბედნიერებს იმის შეგრძნებით, რომ:
მე შენი ვარ… შენ იმ ქვეყნის შვილი ხარ, სადაც ეს საოცრება არსებობს… დიახ, მთელმა მსოფლიომ იცის მსგავსი ადგილები, თუკი ყველაფერი შედარებითია, მაშინ: იქნებ არანაკლებ ლამაზიც, მაგრამ შედარებით მცირე ფართობზე…
სვანეთი კი…
სულ სხვაა ჩვენი სვანეთი მისი წელიწადის სამი დროით
ერთდროულად:
გაზაფხულის მიწურულია და ყვავილები გამწარებით ყვავიან, ზაფხულივით ცხელა და ერთი თითის გაწვდენაზე ღრმა ზამთარია: ხელუხლებელი თოვლი ისევ ისე დევს, როგორც შუა ზამთარში და მომდევნო ზამთრამდე ასე იქნება…
შემოდგომა? — გამოვტოვოთ…
განა ცოტა რამეს გამოვტოვებთ ხოლმე ჩვენს ცხოვრებაში და ესეც გამოვტოვოთ…
დავტკბეთ იმით, რაც გვაქვს. განა ცოტა ერთ სეზონში ჩატეული წელიწადის სამი თვე…
საზღვარგარეთ ჩემი ყოფნა კარგი ცხოვრებით არ იყო გამოწვეული, მაგრამ შიგადაშიგ მაინც ბევრი ლამაზი ცნობილი ადგილების ნახვა მომიწია, მაგრამ ასეთი?
მივდივარ და მგონია დავფრინავ… ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით: ყოველი მოსახვევიდან ქარაფს დაყურებ და თავადაც დევივით დაგყურებს…
როცა საქართველოში ვბრუნდებოდით დარწმუნებული ვიყავი, რომ საქართველოს ყურებით ვერ გავძღებოდი (აბა, „დავნაყრდებოდი“ ხომ არ ვიტყვი) და ჩემი ამ სიხარბის დაკმაყოფილება სვანეთით უნდა დამეწყო და როცა ტურუსტულ ფირმებს შორის არჩევანი თამარ გრიგოლიაზე შევაჩერე, დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ყველაფერი მაღალ სტანდარტებში ჩაეტეოდა… „ეს ხომ საქართველოა“ — ვფიქრობიდ — და წინასწარ აკვიატებული იდეების მოთოკვას თავიდანვე ვცდილობდი, ვემზადებოდი, რომ ბევრი რამ მომსახურების კუთხით არ მომეწონებოდა, მაგრამ უნდა ამეტანა უყოყმანოდ, სრული კომფორტის იმედი არ უნდა მქონოდა…
ამ წლების მანძილზე როგორ ჩამოვრჩენილვარ და რა მოხარული ვარ…
როცა დავბრუნდით, და მას უკანაც, არ მომეცა საშუალება ქალბატონი თამარისთვის ხმამაღლა და საჯაროდ მეთქვა:
„ბოდიშს გიხდით თქვენი მომსახურების მაღალ დონეზე შესრულებაში ეჭვის შეტანისთვის“… რაც იმდენად მნიშვნელოვნად არ მიმაჩნდა, სანამ პირისპირ არ აღმოვჩნდი:
და მადლობა, თამარ
შესანიშნავად გატარებული სრულიად არასაკმარის-არასამყოფი დღეებისთვის… კომფორტულ საოჯახო სასტუმროში მზიური ჯაფარიძესთან, ღამის მესტიის მისტიურ გარემოს ნახვისთვის.
სხვა სასტუმროში პატარა გოგო-ბიჭებივით შეპარვისა და იქიდან „ღამის მესტიის“ დანახვისთვის…
სხვა?
კიდევ?
ბუნება — სრული შოკი… გზები ადრენალინის წყარო…
სვანური კოშკის დანიშნულება, სამეურნეო ნივთები, ეკლესიები… ტანში ჟრუანტელის მომგვრელი ამ მოგონებების სიმრავლისა და გამეორების სურვილისთვის…
და კიდევ:
სვანეთიდან დაბრუნების შემდეგ რომ გავიცანი (მაპატიებს უფალი) წმინდა ივლიტას და კვირიკეს ისტორიას, უშგულის, შხარას… უამრავი ჭეშმარიტად საოცრებებს… არცერთი მათგანი არ არის ჩვეულებრივი მთა…
ვერცერთი მათგანი ჩემს გონებასა და სხეულში ვერ ჩავატიე…
სანახაობით მოხიბლული ჩემი შვილიშვილის მზერა იყო ჯილდო, რომელიც მერგო, როგორც ბედნიერების მწვერვალი.
თუ „მაწანწალობას“ აპირებთ, ჯობია საკუთარ სამშობლოში გააკეთოთ ეს…
და აუცილებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრებიდან სვანეთიდან დაიწყეთ…
დამეჯერება….
სიტყვაზე უნდა მენდოთ, მანამ სანამ საკუთარი თვალით იხილავთ და საყვედურს არ მეტყვით:
ხოლო იმას: სხვა ვერაფერი ნახეო! — გარწმუნებთ ვერ იტყვით!
***
კვლავ შენთან მინდა
სვანეთო!
ხანგრძლივად და იქნებ სამუდამოდაც…
გთხოვ, უარი არ მითხრა…
***
ჰმ, მოგონება მესტიის ბუნებაზე
ბაბუაწვერას ყვავილები ქილიდან ცნობისმოყვარედ მიმზერენ.
იცოდით, რომ ეს ბაბუაწვერას ყვავილებია?
ყოჩაღ, თუ იცით!
მე არ ვიცოდი.

ქეთევან ჩემია

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ