«ფრესკოს“ დამფუძნებელმა, ვასილ სოფრომაძემ მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც კითხვებით მიმართავს ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს.
ვასილ სოფრომაძე განმარტავს, რომ სამინისტროს საგადასახადო სამსახურმა „ფრესკოს“ თანხები უსაფუძვლოდ გამოსძალა.
«საქართველოს ფინანსთა მინისტრო, ივანე მაჭავარიანო, ვინ ბრძანდებით თქვენ? — უნიათო მინისტრი, თუ გამომძალველი და რეკეტიორი მინისტრი — მესამე უბრალოდ არ არსებობს. ორი დღის წინ, თქვენმა საგადასახადო სამსახურმა ყოველგვარ ლოგიკას, კანონს, ჭეშმარიტებას და საფუძველს მოკლებული ქმედებებით კიდევ ერთხელ გადაწყვიტა „ფრესკოსთვის“ ფულის ახევა. კითხვა მაქვს თქვენთან — ვინ ბრძანდებით თქვენ? თუ ფრესკო დამნაშავეა, ამ სამი წლის განმავლობაში რატომ ვერ დააჯარიმეთ? თუ „ფრესკო“ მართალია, მაშინ რატომ არ შეეშვებით, იმიტომ რომ რეკეტს ატარებთ? სამი წელიწადია ჰაერში გყავთ ჩამოკიდებული ამხელა კომპანია, რომელმაც პანდემიის დროსაც კი საქართველოს ბიუჯეტში მილიონზე მეტი შეიტანა. რატომ არ შეეშვებით ფრესკოს? მითხარით, რა მიზნით და რამდენი გადაუხადეთ ბიუჯეტიდან „კარფურს“ სოციალურ პროდუქტებზე ფასების დასტაბილურებისათვის? ამიხსენით, როგორ აკეთებდა ფასების სტაბილიზაციას „კარფური“, თუ ამ პერიოდში კომპანია „ფრესკოზე“ მეტ ფასად ჰყიდდა ამ პროდუქციას და ამ პროდუქციის ნაწილი საერთოდ არ ედო მარკეტებში. ამ დროს ჩვენ ყოველგვარი მარჟის და მოგების გარეშე ვყიდდით ამ პროდუქციას. კითხვა მესამე — როგორ ახერხებთ იმას, რომ ბიზნესისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილბებს თქვენ ღებულობდით ღამის საათებში, საღამოს გამოგვიცხადებდით და დილით ეს თქვენი კანონები შედიოდა მოქმედებაში. ჩვენ კი ღამის რამდენიმე საათი გვქონდა, რომ დაგველაგებინა სიტუაცია, რასაც რამდენიმე დღე მინიმუმ სჭირდება, რომ ქსელი და მარკეტები არ დაიკეტოს. მიუხედავად ეკონომიკის ვარდნისა, ჩვენ დავიწყეთ ახალი ობიექტის მშენებლობა წერეთელზე. კითხვა მაქვს — მაქვს მე იმის გარანტია, რომ მიუხედავად ნებართვისა, რომელიც გამოგგლიჯეთ კბილებიდან, მილიონობით პრობლემას არ შემიქმნით, რომ გააჩეროთ ბიზნესი, რომელიც თქვენი კონტროლის ქვეშ ვერ მოაქციეთ. ალბათ გაგიკვირდებათ, თქვენ რატომ გეხებათ ეს კითხვა. ორი დღის წინ, თქვენმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თქვენ ერთი გუნდი ხართ, „ქათული ოცნების“ გუნდი მისი თავმჯდომარის მეთაურობით. თქვენ უნდა გერქვათ „აუხდენელი ოცნება“, „ქართულ-ჯიგრული ოცნება“, თქვენ საქართველოს ოცნება ნამდვილად არ ხართ. ველი პასუხს — როდის შეგვეშვებით და როდის შეეშვებით ჩემს კომპანიას. ხომ იცით, რომ მე არაფერს არ დაგითმობთ!!“ — ამბობს ვასილ სოფრომაძე ვიდეო-მიმართვაში.