ბოლო დღეებში საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე შექმნილი შეფერხებების გამო, სომხეთის საბაჟო სამსახურმა მეწარმეებს ურჩია, დროებით თავი შეიკავონ საქართველოს ტერიტორიაზე სატვირთო მანქანებით გადაადგილებისგან. უწყების განცხადებით, გადაწყვეტილება მიღებულია არსებული ვითარების არ გაუარესებისა და დამატებითი შეფერხებების თავიდან ასაცილებლად.
ამ დროისთვის, რამდენიმე ათეული სატვირთო, რომლებიც სომხეთიდან რუსეთში კონიაკს ეზიდებიან, კვლავ დგას საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე.
როგორც სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა, გევორქ პაპოიანმა განაცხადა, გასულ კვირას 50 დღეზე მეტხანს გაჩერებულ სატვირთოებს მიეცათ ნებართვა, გადაკვეთონ საქართველოს ტერიტორია და გააგრძელონ გზა რუსეთის მიმართულებით. მიუხედავად ამისა, 72 სატვირთო კვლავ რჩება გზაში და ელოდება გადაადგილების ნებართვას.
სომხური კონიაკის მწარმოებლები ამ პრობლემის გამო პროტესტს ხშირად გამოხატავენ და აცხადებენ, რომ „ზემო ლარსის“ მონაკვეთზე მათი პროდუქცია ხშირად ექვემდებარება გაუთვალისწინებელ ლაბორატორიულ შემოწმებებს, რაც იწვევს ტრანზიტის სერიოზულ დაგვიანებას და ფინანსურ ზარალს.
სომხეთის შემოსავლების კომიტეტი განმარტავს, რომ მიღებული რეკომენდაცია დროებითია და მიზნად ისახავს მეწარმეთა ინტერესების დაცვას. უწყება იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დაგროვებული ტვირთების პრობლემა მალე მოგვარდება და სატვირთოები შეუფერხებლად შეძლებენ გადაადგილებას.