საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეროვნულ მუზეუმში განაცხადა, რომ სკოლებში ქართული საგალობლების შესწავლა სავალდებულო გახდება.
პატრიარქმა ილია მეორემ რამოდენიმე დღის წინ ამ თხოვნით მამუკა ბახტაძეს მიმართა.
„დღევანდელი დღე, ეს არის დიდი ნაბიჯი წინ. მე მახსენდება ჩვენი შეხვედრა პრემიერ მინისტრთან. მე მას ვთხოვე, რომ საშუალო სკოლის პროგრამებში შევიდეს გალობა და ხალხური სიმღერა. პრემიერ მინისტრი შემპირდა, რომ ეს იქნებოდა. ყველას გილოცავთ ამ დღეს. ქართული სიმღერა და გალობა ეს არის დიდი ნაწილი ქართული კულტურისა. ღმერთმა დაგლოცოთ და მე მჯერა, რომ ეს ნაბიჯი არ იქნება ერთი ნაბიჯი და მას მომავალი ნაბიჯებიც მიჰყვება ამას“, – განაცხადა ილია მეორემ.
„სახელმწიფო პროგრამა დავიწყეთ, რომლის მიხედვითაც ჩვენი სურვილი და მოწოდებაა, რომ საქართველოში ყველგან, ყველა დასახლებულ პუნქტში ისწავლებოდეს ქართული ფოლკლორი და მათ შორის, ჩვენი უნიკალური საგალობლები. რამდენიმე დღის წინ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ, როდესაც გამოიცა უნიკალური რვა ტომეული ჩვენი საგალობლების. თუმცა ეს პირველი ნაბიჯებია, ვინაიდან აღნიშნული საგანძური იმდენად დიდია, რომ კიდევ წლებია სამუშაო რათა, სრულად დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს გამოცემული ყველა ქართული საგალობელი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მე-10 საუკუნის ჰიმნოგრაფიულ კრებულებში დაცული სამუსიკო ნიშნების – ნევმების კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე განაცხადა.
