სკანდალური წერილი ოთხი კონგრესმენის მიერ გიორგი გახარიას სახელზე

0
543

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას სახელზე ოთხი კონგრესმენის მიერ გამოგზავნილი წერილი ვრველდება.

აღნიშნულ წერილს მთავრობის ოფიციალური გვერდი ავრცელებს:

“ჩვენ გწერთ, როგორც იმ კონგრესის წევრები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში მხარს უჭერენ საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებსა და დასავლეთისკენ ინტეგრაციის გზას. თუმცა, როგორც 2019 წლის 13 დეკემბრით დათარიღებულ წერილში ზოგიერთმა ჩვენგანმა უკვე მოგწერეთ, შეშფოთებული ვართ დაპირებული დემოკრატიული რეფორმის ჩაგდების და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობის გამო. ასევე, საგანგაშოა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზირება.

საქართველო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. მოგიწოდებთ, რომ უზრუნველყოთ ამ არჩევნების ლეგიტიმურობა და დაცვა შიდა თუ გარე ჩარევებისგან. თქვენს წერილში, რომელიც 2019 წლის 17 დეკემბრით იყო დათარიღებული, პირობა დადეთ, რომ 2020 წლის არჩევნები უმაღლესი სტანდარტით ჩაივლის, თუმცა, Facebook-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, წაიშალა ანგარიშების დიდი ქსელი, რომლებიც „ქართული ოცნების“ მიერ იყო დაფინანსებული. ფაქტი, რომ ეს ანგარიშები ავრცელებდნენ ანტიდემოკრატიულ და ანტიდასავლურ განცხადებებს, უბრალოდ მიუღებელია.

ასევე, გვაწუხებს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული პროკურორები ძველ საქმეებს ანახლებენ ოპოზიციური პარტიის წევრების წინააღმდეგ. მაშინ, როდესაც ზოგიერთ ამ საქმეს, შესაძლოა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი, ზოგი აღქმულია, როგორც წამყვანი პოლიტიკოსების, მედიის მფლობელების, საერთაშორისო კორპორაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების მიზანში ამოღებად. კანონის უზენაესობისა და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის პატივისცემა ჯანსაღი დემოკრატიისა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის მთავარი საწინდარია, რასაც თქვენი პარტია გვპირდება.

1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ჩვენ თვალს ვადევნებდით ქართველი ხალხის სვლას დემოკრატიისკენ და დასავლეთთან ურთიერთობის გაღრმავებისკენ. თუმცა ბოლო დროის დემოკრატიული და ეკონომიკური ტენდენციები აშშ-ში საქართველოს იმიჯზე უარყოფითად აისახება. ეკონომიკური მაჩვენებლები საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მკვეთრ ვარდნას აჩვენებს და ამერიკული და ევროპული კომპანიები შევიწროების მსხვერპლი ხდებიან. ბევრ ამ ბიზნესს თავისი გეგმების შეცვლა უწევთ.

“ქართული ოცნების” მიერ ამერიკული მხარდაჭერის მქონე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის პოლიტიკური მოტივით სამიზნედ ქცევის აღქმამ, ხელი შეუშალა ამ პროექტში ამერიკული კომპანიების მიერ ინვესტიციების განხორციელებას. მოვლენათა ამგვარი განვითარება არახელსაყრელად აისახება ბიზნეს გარემოზე, რასაც შეუძლია სამომავლოდ ხელი შეუშალოს ამერიკულ ინვესტიციებს საქართველოში.

შემცირებული უცხოური ინვესიტიციები არა მხოლოდ აზიანებს ქართველ ხალხს, არამედ აძლიერებს ვლადიმერ პუტინის ხელს რეგიონში. საქართველოს შეუძლია იყოს ცენტრალური ჰაბი აშშ-დან და ევროპიდან ცენტრალური აზიისკენ და პირიქით მიმავალი სასაქონლო ტვირთებისთვის, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის სასარგებლო იქნება.

ჩვენ ამ წუხილს გამოვხატავთ იმ იმედით, რომ საქართველოს დემოკრატია გაძლიერდება და ხელს შევუშლით აშშ-ის კონგრესის საქართველოსადმი ორპარტიული მხარდაჭერის უარყოფითისკენ შეცვლას. იმედი გვაქვს, რომ თქვენი მთავრობა იმუშავებს აშშ-ის კონგრესთან, ელჩ კელი დაგნანთან, ევროკავშირთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა განამტკიცოს დემოკრატიული ინსტიტუტები და გაზარდოს ეკონომიკური კეთილდღეობა ქართველი ხალხისთვის ისე, რომ საქართველომ შეძლოს მომდევნო წლების განმავლობაში აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელება. მოუთმენლად ველოდებით თქვენს პასუხს”-წერენ ამერიკელი კონგრესმენები.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ