კრიმინალი

სისტემა, რომელიც უნდა დაინგრეს — ზონდერების პირისპირ მიტოვებული დაუცველი ხალხი შველას უშედეგოდ ითხოვს

წლების განმავლობაში არაერთი მცდელობის მიუხედავად, შეპირებული ინტერვიუ ბოლოს და ბოლოს შედგა — ლომინი მამფორია საკუთარი ოჯახის წევრის მაგალითზე ამხელს სისტემას, რომელიც მორგებულია არა კანონმორჩილ, წესიერ მოქალაქეზე, არამედ — კრიმინალზე.

რა ინფორმაციას ფლობს ლომინ მამფორიას შვილი, მამუკა მამფორია «ქართული ოცნების» წევრებზე ისეთს, რომ სარგებლობს აბსოლუტური ხელშეუხებლობით, რის სანაცვლოდ მონაწილეობს მშვიდობიანი მომიტინგეების ცემასა და დაშინებაში?! ზუსტად არც მამამ იცის, მაგრამ ვარაუდები ბევრია.

paqtebi.ge-თვის მამუკა მამფორია «საინტერესო» ჯერ კიდევ 7 წლის წინ გახდა, როგორც მმართველი პარტიის ზონდერი. მაშინ, ხალხს არ სჯეროდა, რომ ზონდერჯგუფები ხელისუფლებას ჰყავდა და ფიქრობდნენ, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს მმართველი პარტიის მხარდამჭერი მოქალაქეები დამოუკიდებლად ესხმოდნენ თავს, თუმცა გასული წლის გაყალბებული არჩევნების შემდეგ, ყველაფერი ცხადი გახდა. არალეგიტიმური ხელისუფლება ზონდერებს ქვეყნის მასშტაბით აგროვებს.

სწორედ ამის გამო არაერთხელ ვცადეთ ინტერვიუზე დაგვეთანხმებინა მამა, ლომინი მამფორია, თუმცა ამ დრომდე უარს ამბობდა. ამჯერად კი დუმილს არღვევს და ამბობს, რომ მისი შვილი მამუკა მხოლოდ მომიტინგეებს არ ერჩის, ძალადობდა ცოლზე, ძალადობს მამაზე და სიკვდილით ემუქრება ნახევარძმას, დათო მამფორიას. ამის მიზეზი კი ოჯახის კუთვნილი უძრავი ქონებაა. პოლიცია საქმის კურსშია, თუმცა როგორც აღვნიშნე, მამუკა მამფორია ხელშეუხებელია და მას არანაირი დანაშაულისთვის არ აკავებენ, რადგან ხელისუფლება ხელშეუხებლობის სანაცვლოდ ბინძურ საქმეებში — სტუდენტების ცემასა და დაშინებაში იყენებს. ის ერთ-ერთია, რომლის იდენტიფიცირებაც თავად მომიტინგეებმა შეძლეს და როგორც სხვა ზონდერები, ისიც თავისუფალია და კრიმინალი წახალისებული.

«მამუკა პირველი ქორწინებიდან მყავს, მას შემდეგ რაც ოჯახი დამენგრა, განსაკუთრებულად ვზრუნავდი მამუკაზე. მას არც მორალური, არც მატერიალური არაფერი დაკლებია, თუმცა ნარკოტიკების მოხმარება დაიწყო და სულ წავიდა ხელიდან. სცემდა ცოლს, ოჯახი დაენგრა. ბათუმში უნდოდა ცხოვრობა და ბინა ვუყიდე, რომელიც ნარკოტიკების გამო ერთ წელიწადში გაყიდა. ციხეშიც იჯდა სისხლიანი გარჩევის გამო, მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს და «ქართული ოცნების» ამნისტიით გამოვიდა. მერე იქორწინა და ცოლზე ძალადობა, გააწამა საწყალი გოგო და იმანაც იჩივლა მშვიდობიანად რომ ვერ დაშორდა… მერე თურქეთში დადიოდა და ნარკოტიკები შემოჰქონდა, როგორც ვიცით მოარული ხმებით, ამის გამო თურქეთშიც ციხეში მოხვდა. სულ ვცდილობდი, შანსები მიმეცა და ცხოვრების წესი შეეცვალა, გაჭირვებული არასოდეს ვყოფილვარ, ვფლობ კომერციულ ფართს, სახლს და როცა პირველად იძალადა მამუკამ ჩემზე, კომერციული ფართი ჩემს მეორე შვილს დავითს გადავუფორმე, რომ თუ განმეორდებოდა ძალადობა ან მომკლავდა, დავითი ოჯახს ამ ფართის არენდით მიხედავდა. სხვათაშორის, დავითი მამუკსაც სულ ეხმარებოდა, არაა მომხვეჭელი ბიჭი. მისთვის თანადგომა არ დაგვიკლია, ციხიდან საპროცესო შეთანხმებით გამოვიდა და საჭირო ფულადი ჯარიმა მე გადავუხადე, რომ არ გაბოროტებულიყო, რომ შანსი გამოეყენებინა და სწორ გზაზე დამდგარიყო, მაგრამ ჩემს მიმართ უფრო აგრესიული გახდა, ძალადობა ხშირად ხდებოდა. პოლიციაც გამოვიძახე, მაგრამ განცხადება არ დამაწერინეს, სიტყვიერად გავაფრთხილებთო… მაშინვე ვიეჭვე, რომ მამუკა პოლიციასთან იყო შეკრული. დავითსაც ცხოვრება გაუმწარა. ჩემი ეს ინტერვიუ ერთგვარი აღსარებაა, ხალხის მერიდება, რომ ასეთი სახედაკარგული, უნამუსო კაცი გავზარდე. იმდენი ქნა მამუკამ, რომ დავითი ქვეყნიდან გამიქცია, ვერც ის გახდა ვერაფერს პოლიციასთან, არაფრის ფასად არ აკავებენ მამუკას, ის კი სულ უფრო და უფრო სასტიკი ხდება. სახლიც კი დაგვიწვა, რომელიც დავითისთვის მინდა. მოითხოვს, ძმამ ყველაფერი მამუკას გადაუფორმოს. ძმის წინააღმდეგ მამუკამ კრიმინალური დაჯგუგებაც ჩართო და საშინელება დატრიალდა. მადლობა უფალს, რომ მათ დავითმა ქვეყნიდან ცოცხალმა გაასწრო. ამდენი დარდისგან ინსულტი დამემართა, მეტყველება 10 დღეზე მეტ ხანს დაკარგული მქონდა, ექიმებმა დამაყენეს ფეხზე, თუმცა მე სიცოცხლე აღარ მინდა, რა ფასი აქვს? ჩემი ერთი შვილი მეორე შვილს სასიკვდილოდ ფულის და შენობის გამო იმეტებს. ჩემი შვილი (მამუკა) სტუდენტ ბავშვებს უმოწყალოდ სცემს და უკრძალავს პროდასავლურ აქციებზე გასვლას.

მამუკა რომ თბილისში ხალხის საცემრად დადიოდა ფოთელი გოგოსგან გავიგე და კინაღამ გული გამისკდა სირცხვილისგან. მასთან ვერც ჩვენ — ოჯახი და ვერც ხალხი ვერაფერს ვხდებით, რადგან «ქართული ოცნების» კრიმინალურ დაჯგუფებასთან ახლობლობს მამუკა და მათ დაკვეთებს ასრულებს, სანაცვლოდ არ აკავებენ და თავის ნებაზეა მიშვებული. მინდა, თქვენი მეშვეობით თითოეულ მომიტინგეს, მათ ოჯახებს ბოდიში მოვუხადო მამუკას გაზრდისთვის. მინდა ბოდიში მოვუხადო დავითსაც, რომ მას სიცოცხლის შესანარჩუნებლად უცხო ქვეყაში გადახვეწა მოუწია, არა და, რა ჰქონდა წასასვლელი?! ფინანსურად საკმაოდ მყარად იყო. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ მე ან დავითს თუ რამე მოგვივა, ეს მამუკას ხელით მოხდება. ამიტომ, არ მინდა დათო დაბრუნდეს და უდანაშაულო, წესიერი, კანონმორჩილი ბიჭი მომიკვდეს. ოღონდ იცოცხლოს და დაე, მენატრებოდეს… მამუკა უგულო ადამიანია, რომელიც არავიზე ფიქრობს — დავითს კუთვნილი შენობის არენდაც კი არ შეარჩინა, დააშინა არენდატორები და ქირის თანხას ხელზე ართმევს, ახლა დავითის წილი სახლის გადაფორმებას მოითხოვს ჩემგან რომ ისიც ნარკოტიკებს მოახმაროს. ამბობს, ცოცხალს არ დავტოვებ და მაინც ჩემი გახდება მთელი ქონებაო. ასეთი ბიჭი გამოდგა სამწუხაროდ, ის ოჯახს არ ინდობს და ჩვეულებრივ ხალხს დაინდობს? თუ დაავალეს ან თავად მოუნდა მკვლელობაზეც წავა, არავისი და არაფრის ეშინია. რა გავაკეთო აღარ ვიცი. პოლიცია თავისი უმოქმედობით, ან ჩემს თავს მოაკვლევინებს მამუკას და მამის მკვლელი გახდება, ან თავდაცვის დროს, მე შემომაკვდება და მერე დაიწყებენ გამოძიებას. პრევენციისთვის კი არაფერს აკეთებენ, რადგან თავიანთ ბინძურ საქმეში მამუკას ნაირებს იყენებენ. მე თუ მომკალავს არაუშავს, ცხოვრებისგან და სირცხვილისგან გამწარებული კაცი ვარ და დავისვენებ. მთავარია, დავითი სამშვიდობოსაა და მას იქ ვერ მიწვდება, ბოლოს და ბოლოს იცოცხლებს დავითი,» — ამბობს ლომინი მამფორია.

paqtebi.ge შსს-ს ესაუბრა, თუმცა სამართალდამცავ უწყებაში მამუკა მამფორიას შესახებ კომენტარს არ აკეთებენ და დუმილით მის დანაშაულებებს წაახალისებენ…

მსგავსი პოსტები

ქალი დაიჭირეს, შიგნით შეათრიეს, დააბეს და გახეთქეს ცემაში- მორიგი ძარცვა გლდანში

თბილისში არასრულწლოვანი ბიჭი გააუპატიურეს

ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინეს-პროკურატურის განცხადება

roma sajaia

დატოვე კომენტარი