ანალიტიკაპუბლიკაციები

სეპარატისტულ აფხაზეთში, ჩრდილოეთ კორეის მუშაკთა პლიაჟები და საბჭოთა რელიქვიები

ორი წლის წინ, 2017 წლის დეკემბერში, გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია ჩრდილოეთ კორეის შესახებ. შემოღებულ იქნა სანქციები, რომლებიც, სხვა მოთხოვნებთან ერთად, გაეროს წევრ ქვეყნებს უკრძალავს მათ ტერიტორიაზე ჩრდილოეთ კორეელი მუშახელის ყოლას. სანქციები ყველაზე მეტად შეეხო რუსეთსა და ჩინეთს, რომლებიც დიდი რაოდენობით ჩრდილოეთ კორეელებს ასაქმებდნენ. მოსკოვმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად მარტივ გზას მიმართა: დაიწყო ჩრდილოეთ კორეელი მუშების გაგზავნა საკუთარი ტერიტორიიდან იმ რეგიონებში, სადაც გავლენა აქვს და სადაც, ფაქტობრივ, არ მოქმედებს გაეროს სანქციები. როგორც Washington Post-ში 13 ოქტომბერს გამოქვეყნებული სტატიის ავტორი, ეიმი ფერის-როტმანი წერს, ამით მოსკოვი სტრატეგიულ თამაშს ეწევა: „კრემლს იმედი აქვს, რომ აფხაზეთში მცირე რაოდენობის მუშების გაგზავნა მას დაეხმარება კიმ ჩენ ინის რეჟიმის გულის მოგებაში მაშინ, როცა მოსკოვი ცდილობს გააძლიეროს აზიაში გავლენა.“ აფხაზეთში დაახლოებით 400 ჩრდილოეთ კორეელი მუშა მუშაობს, ძირითადად მამაკაცები, რომლებსაც სამშობლოში დატოვებული ოჯახები ჰყავთ სარჩენი. ისინი ძირითადად სოხუმში მუშაობენ და აშენებენ საცხოვრებელ სახლებს და კომერციულ ნაგებობებს, აგებენ რკინიგზის ლიანდაგს. აფხაზეთში მომუშავე 400 მუშა ზღვაში წვეთია, თუ გავითვალისწინებთ, რომ, როგორც Washington Post-ი იტყობინება, მსოფლიო მასშტაბით 100 000-მდე ჩრდილოეთ კორეელი მუშა მუშაობს საზღვარგარეთ. ისინი წელიწადში 500 მილიონამდე დოლარს აგზავნიან სახლში. მაგრამ არც რუსეთის და არც, მით უმეტეს, აფხაზეთის შემთხვევაში მუშების რაოდენობა არ არის გადამწყვეტი. კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკიდან ე.წ. „გასტარბაიტერების“ ჩამოყვანა პოლიტიკის სფეროს უფრო განეკუთვნება, ვიდრე ეკონომიკისას. მოსკოვისთვის ეს ფხენიანთან სასიცოცხლო კავშირების შენარჩუნების ერთ-ერთი გზა არის. კრემლი „ზედმიწევნით ასრულებს საერთაშორისო სანქციების რეჟიმით გათვალისწინებულ მოვალეობებს“, უთხრა Washington Post-ს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ და დასძინა, აფხაზეთში ჩრდილოეთ კორეელი მუშების ყოფნას რაც შეეხება, ეს, ჯობია, შესაბამის სახელმწიფოსთან ან დამქირავებელთან გაარკვიეთო. „აფხაზეთი ცდილობს თავი დამოუკიდებელ რესპუბლიკად წარმოადგინოს, მაგრამ ეს შორსაა რეალობისგან. გასეირნება სოხუმის ცენტრში, სადაც რუსეთის საელჩოს ახალაშენებული შენობა კაშკაშებს მზეში, ნათელყოფს, ვინ განაგებს აფხაზეთის საქმეებს“, შენიშნავს Washington Post-ი. როგორც Washington Post-ი შენიშნავს, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა ცდილობს, განავითაროს ეკონომიკური კავშირები სხვა სახელმწიფოებთანაც, რომლებსაც ზურგს აქცევს საერთაშორისო თანამეგობრობა და მხარს უჭერს რუსეთი. მათ შორისაა სირია და აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტული რეგიონები. მაგრამ ფხენიანის შემთხვევაში საქმე სხვაგვარადააო, ირწმუნებიან აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში — ჩრდილოეთ კორეელები თვითონ მოვიდნენ ჩვენთანო. „ისინი დაგვიკავშირდნენ და შემოგვთავაზეს იაფი მუშახელი,“ ამბობს თაიმლა მერცხულავა, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სავაჭრო და სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი, რომელიც შარშან ესტუმრა ფხენიანს. „ესაა ის, რის ექსპორტიც შეუძლიათ.“ რამდენიმე თვის შემდეგ ჩრდილოეთ კორეის დელეგაცია ესტუმრა აფხაზეთს. როგორც Washington Post-ი აღნიშნავს, სტუმრებმა დააგემოვნეს ღვინო, კივი და მანდარინი. მაგრამ ვიზიტისას ყველაზე უფრო მეტად მოსწონებიათ ექსკურსია სტალინის აგარაკზე.

წყარო: Washington Post

თარგმნა თამარ ქუთათელაძემ

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

მსოფლიო გოთვერნობის სამი კანონი

Joni Kvaracxelia

ოქრო, მამონა და …

Joni Kvaracxelia

«მიშამ კარგად იცის რას აკეთებს…»

დატოვე კომენტარი