არსებული მონაცემებით მთავრობას საშინაო ვალის აღება გაუძვირდა. სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდა სექტემბრიდან დაიწყო. საპროცენტო განაკვეთების ზრდა ინფლაციის დონის მატებამ და ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული განაკვეთის 6%-დან 7%-მდე ზრდამ განაპირობა. რაც შეეხება საგარეო ვალს, სახელმწიფო საგარეო ვალს იღებს იმის გამო, რომ კაპიტალის შიდა ბაზარზე ამ მოცულობით თანხა არ არის ან ძვირია. შესაბამისად, საგარეო ვალის აღება, თუნდაც სავალუტო რისკების პირობებში, უფრო ხელსაყრელადაა მიჩნეული. თავის მხრივ, ვალის აღება ზრდის კომპანიების საწარმოო შესაძლებლობებს, ბიზნესი ფართოვდება და ეკონომიკა იზრდება, რაც რათქმაუნდა დადებითად მოქმედებს ქვეყნის სხვა ფაქტორებზეც, წინსვლაზე. თუმცა ოლიგარქიული სისტემის სახელმწიფოში ეს ასე არ ხდება.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 17.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოს საგარეო ვალი 385 მლნ დოლარით გაიზარდა. ბოლო მონაცემებით საგარეო ვალი 18 მილიარდ დოლარს გასცდა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბოლო მონაცემებით სულ სახელმწიფოს ვალი ამჟამად 19 მილიარდ დოლარს აღემატება.
მიუხედავად აღებული სესხებისა და ვალებისა, სიღარიბის დონე, უმუშევრობა, ლარის გაუფასურება, საწვავის და სამომხმარებლო ფასების ზრდა ისევ ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემად რჩება იმ უამრავ დაგროვილ პრობლემებთან ერთად, რომელთა მოგვარება ვერ მოხერხდა. ახლო მომავალში კი საერთო გათვლებით ფასების ზრდა არის მოსალოდნელი და დაანონსებულიც, როგორიცაა გაზის, დენის ტარიფები და სხვა.
გლობალურ კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველო 8 ადგილით ჩამოქვეითდა და ამ მხვრივ გვისწრებენ მეზობელი ქვეყნები სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი. საქართველოში ყოველი 10 მოქალაქიდან 7 -ს ბანკის ვალი აქვს, ამ მხრივ არც პენსიონერებია გამონაკლისი, საქართველოში მცხოვრებ ყოველ მეორე პენსიონერს ბანკის ვალი აქვს. საპენსიო სესხში ისინი სხვა დანარჩენი მოსახლეობისგან განსხვავებით, ყველაზე მაღალ საპროცენტო განაკვეთს, 31%-ს იხდიან.
მიგრაციის გამომწვევი მიზეზებიც, ძირითადად, ეკონომიკური ხასიათისაა. ქვეყანაში მაღალშემოსავლიანი სამუშაო ადგილების სიმცირე, ბანკის ვალები, უმუშევრობა, შიმშილი აიძულებს ადამიანებს საარსებო სახსრები ქვეყნის ფარგლებს გარეთ ეძიონ, რაც ქვეყნისთვისაც დამღუპველად აისახება. სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს ყოველ წელს დაახლოებით ასიათასი ადამიანი ტოვებს. ქვეყანაში არსებული სიდუხჭირე, უმუშევრობა და უკუსვლა აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ მიუხედავად მილიარდობით აღებული სესხებისა ეს თანხა არ მიდის სახელმწიფოს განვითარებაზე და ხალხის კეთილდღეობაზე.
ოლიგარქიული მმართველობა ნელნელა ახრჩობს ქვეყანას და მის მოსახლეობას. ოლიგარქიულ სახელმწიფოში ყოველთვის ფიქსირდება სიღარიბის დონის მაღალი მაჩვენებელი, ქყვეყნიდან მოქალაქეების გადინება, კორუფცია, კრიმინალთან გარიგება, ეკონომიკური სტაგნაცია, სახელმწიფოებრიობის ჩამოშლა და მისი მხოლოდ ფორმალური ხასიათის მიღება, შავი ფულის გათეთრება და სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტის არაფორმალურ მმართველის ხელში ჩაგდება. ოლიგარქიის პირობებში ასევე ცოტაა თავისუფლად მოაზროვნე ადამიანების მით უმეტეს ახალგაზრდების შესაძლებლობები. ხოლო იმ სახელმწიფოში სადაც ახალგაზრდების წინსვლისთვის არ არის შექმნილი პირობები ან უქმნიან დაბრკოლებას, სახელმწიფოს ეკარგება სწრაფი განვითარების ტემპები და უკიდურეს შემთხვევაში განიცდის უკსვლას, რასაც თვალნათლივ ხედავს ქვეყნის მოსახლეობა, რაც ასევე ასახულია არსებულ სტატისტიკურ მონაცემებში.
ალბერტ ჭანია, იურისტი, სამართალმცოდნე.