ხელისუფლება ამბობს რომ მათ აღკვეთეს პარლამენრის შტურმი და ძალის გამოყენება ლეგიტიმური იყო. ტყუილია!!! მოვლენებს ახლოდან ვადევნებდი თვალს ისევე როგორ მრავალი ათასი მომიტინგე, რომელიც მშვიდად იდგა აქციაზე. მხოლოდ წინა რიგებში მდგომები ეჯაჯგურებოდნენ ჭიშკრიდან გამოსულ სპეცრაზმელებს ცარიელი ხელებით და ისიც მარტო იმიტომ, რომ მიუხედავად იმ დღის აბსოლუტურად აღმაშფოთებელი მოვლენებისა პარლამენტში, მისი თავმჯდომარის ძალიან ნათელი და აშკარა ბრალეულობისა და აქციის მოთხოვნისა, ამ უკანასკნელმა ჩვეული უტიფრობით განაცხადა, რომ არც კი ფიქრობდა გადადგომას. ამან უაღრესად დამუხტა ვითარება არა მარტო აქციაზე, არამედ მთელს ქვეყანაში. ვითარებას განსაკუთრებით ამძაფრებდა ხელისუფლების დუმილი. იმ ადგილას საკმაოდ მყარი რკინის გისოსებია, რომლის მეორე მხრიდან პარლამენტი და მისი ეზო, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, გაძეძგილი იყო პოლიციელებით და სპეცრაზმელებით. მათ იქ შეყვანასაც შევესწარი ერთ-ერთი შესასვლელიდან და ვხედავდი თუ რა რაოდენობით იყვნენ.
პირველი კითხვა: ასეთ ვითარებაში შეიძლებოდა თუ არა პარლამენტის უსაფრთხოების დაცვა სპეცრაზმის ჭიშკრის გარეთ გამოყვანის გარეშე?- ჩემი აზრით, შეიძლებოდა.
მეორე კითხვა: რატომ იქნა გამოყვანილი სპეცრაზმი ჭიშკრის გარეთ?- ჩემი აზრით, მომიტინგეთა კიდევ უფრო მეტად გასაღიზიანებლად და ხელოვნურად მუხტის ასაწევად.
მესამე კითხვა: აწარმოა თუ არა მოლაპარაკებები ხელისუფლებამ მანიფესტანტების წარმომადგენლებთან?-არა და, როგორც ვიცი, არც სურვილი გამოუთქვამს.
მეოთხე კითხვა: როდის დაიწყო მომიტინგეებზე შტურმი?- როდესაც მანიფესტანტებმა გაიზიარეს ლიდერთა წინადადება მოლაპარაკების შესახებ, პრემიერ მინისტრმა 10 წუთით ადრე განაცხადა, რომ არ გამიყენებდნენ გაზსა და ტყვიებს, ვითარება დაშოშმინდა. სწორედ ამ პაუზით ისარგებლა ბრძანების გამცემმა და მომიტინგეებზე ტყვიებითა და გაზით დაიწყო შეტევა.
მეხუთე კითხვა: იყო თუ არა აქციის სასტიკი, სისხლიანი დარბევა წინასწარი განზრახვით?-იყო, რადგან ამაზე მეტყველებს სპეცრაზმელების არსენალი. განსაკუთრებით რეზინისა და ლეტალური ტყვიები, რომლებიც დიდი რაოდენობით წინასწარ შემოზიდეს. მომიტინგეები აქციის დაშლის შესახებ არ გააფრთხილეს. წყლის მანქანა დარბევის ბოლო სტადიაზე ფორმალურად გამოიყენეს, როდესაც უკვე იყო უამრავი დაჭრილი, პარლამენტის წინ მანიფესტანტები არ იყვნენ და წყლით პრაქტიკულად არავინ დასველებულა. მიუხედავად პოლიციის ასეთი ძალადობისა, მომიტინგეებისაგან არავინ და არაფერი დაზიანებულა, არცერთ მათგანს ჯოხიც კი არ სჭეირია ხელში.
მეექვსე კითხვა: რატომ იყო სროლა მანიფესტანტთა მისამართით პირდაპირი დამიზნებით თავში, მიჯრით, განურჩევლად ყველაზე, ქალების, მოზარდების, ჟურნალისტების, ხელებაწეულ ადამიანების მისამართით, რატომ აგრძელებდნენ ადამიანებზე ნადირობას ალექსანდროვის ბაღში, მთელს რუსთაველის პროსპექტზე და მიმდებარე ქუჩებზე?-იმიტომ, რომ საკუთარი ქმედებებისათვის განსაკუთრებული სისასტიკის სახე მიეცათ მოსახლეობის დასაშინებლად და დასათრგუნად.
მე-7 კითხვა: რა ჰქვია ასეთ მოქმედებას ხელისუფლების მხრიდან ლეგიტიმური ძალის გამოყენება თუ ძალადობა? ჩემი აზრით და ეს სრულებით აშკარაა-განურჩეველი, ორგანიზებული და მასობრივი ძალადობა.
ახლა, ყველა კითხვასა და პასუხს თავი რომ მოვუყაროთ, მივიღებთ შემდეგ სურათს: არათუ პროპორციული ძალის, არამედ საერთოდ ძალის გამოყენების აუცილებლობა არ იყო არც ვითარებიდან გამომდინარე და არც მომიტინგეებთა მოლაპარაკების შესაძლებლობის თვალსაზრისით. ხელისუფლებამ საგანგებოდ, წინასწარ, განზრახ დაგემა აქციის მინაწილეებთან სისხლიანი ანგარისწორება. მოტივი კი გახლდათ აგრესორის და ოკუპანტის წინაშე თავის გამოჩენა ქართული საზოგადოების მძლავრი და მრავალრიცხოვანი ანტისაოკუპაციო აქციისათვის, პუტინის საამებლად მანიფესტანტთა სამაგალითო დასჯა იმ დილით პარლამენტში და შემდგომ მის გარეთ განვითარებული მოვლენების გამო.
შესაბამისად, აქციის დარბევა სპეცოპერაცია ,,გავრილოვის“ პირდაპირი გაგრძელება იყო. წარმატების შემთხვევაში საქართველოში დამყარდებოდა კრემლიდან მართული ერთი პირის სრული ოლიგარქიული დიქტატურა, ფაქტობრივად და იურიდიულად საბოლოოდ გაფორმდებოდა სახელმწიფო გადატრიალება, რომელსაც არაფორმალურ მმართველობას ვუწოდებთ. ასე რომ, თუ ვიხმართ სიტყვა ,,გადატრიალებას“, მხოლოდ ხელისუფლების კონტექსტში. გადატრიალებას ხელისუფლება ახორციელებდა სასტიკი სადამსჯელო აქციით, რომელიც იყო და არის შეთქმულება საქართველოს დემოკრატიული წესწყობილებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მტრულ სახელმწიფოსთან თანამშრომლობით.
და ბოლო კითხვა: ვინ გასცა ბრძანება დარბევის შესახებ? -ჩემი აზრით, მოსკოვიდან -პუტინმა, შუშის სასახლიდან-არაფორმალურმა მმართველმა ივანიშვილმა, აღასრულა შს მინისტრმა გახარიამ. ამ უკანასკნელმა სრულად იცოდა გეგმის თაობაზე, მისი მოსალოდნელი შედეგები, მონაწილეობდა და ხელმღვანელობდა სისხლიანი ეგზეკუციის განხორციელებაში. მას შეეძლო არ დამორჩილებოდა დანაშაულებრივ განკარგულებას, გადმოსულიყო მანიფესტანტების მხარეზე ისევე, როგორც ამის შანსი 9 აპრილის მოვლენების დროს ჰქონდა ცეკას 1-ლ მდივანს პატიაშვილს და ეს არ გააკეთა. პირიქით, გახარია მოქმედებდა როგორც პირწავარდნილი რუსი სალდაფონი.
ასე, რომ 20-21 ივნისის ღამეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, მასობრივი და განურჩეველი ძალადობითა და სისატიკით ადგილი ჰქონდა მხოლოდ და ერთმნიშვნელოვნად მმართველი კლანის მხრიდან და ეს გადატრიალება აღკვეთა ქართულმა საზოგადოებამ, რომელმაც მედგარი, შეუპოვარი და რაც მთავარია, მშვიდობიანი წინააღმდეგობით დაიცვა ქართული სახელმწიფო. კითხვები გაცილებით მეტია და ვიმედოვნებ, რომ მოვა დრო, როდესაც ყველა მათგანი გამოძიებისათვის ლეგიტიმური გახდება.
მალხაზ პატარაია, აფხაზთა კრება
Loading…