,,საყდრისი, გელათი, ცხინვალი, აფხაზეთი თქვენთვის საქართველოა?”

0
293

გარეჯის საკითხის ისტორიული და იურიდიული მხარეები ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს ისევე, როგორც სხვა, მაგალითად, იმ ანტითურქული ისტერიის შემთხვევაში, რომელიც ჩვენში მიზანმიმართულად წამოიწყეს რუსული პროპაგანდის პოლიტიკურმა ჯგუფებმა რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის გადასაფარად, თუ გასაფერკმრთალებლად.
ისტორიული, კულტურული, ეროვნული იდენტურობის თვალსაზრისით საკითხი ერთმნიშვნელოვანია. გარეჯი-საქართველოა. რაც შეეხება იურიდიულ აპექტს, საქართველოს სახელმწიფო მსოფლიო თანამეგობრობის, გაეროს და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ცნობილია საბჭოთა საქართველოს სამართალმემკვიდრედ, მისი ტერიტორიის ფარგლებში. ამის თაობაზე აგრეთვე გვაქვს ორმხრივი სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებები როგორც მეზობლებთან, ისე ყველა სხვა ქვეყანასთან (აქ რუსეთი გამონაკლისია, რომელიც ამჟამად ამასაც არ ცნობს). სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ურყევი და ყველასგან აღიარებული პრინციპი არის საზღვრების ურღვეობა და ხელშეუხებლობა, რომლიდანაც გამომდინარეობს ჩვენი, უკრაინის, იგივე აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ასევე საყოველთაოდ აღიარებული პრინციპი და მოთხოვნა. აქედან გამომდინარე, ამ შემთხვევაში რა არის ჩვენი და რა არა სხვა უკვე იურიდიული სინამდვილეა და გასაგებია, არ ემთხვევა ისტორიულ მემკვიდრეობას არც ჩვენთან და არც სხვაგან (მაგალითად, იაპონიის, ფინეთის შემთხვევები, რომლებიც უცებ გაგვახსენდება).
ამ სამართლებრივი რეალობიდან გამომდინარე, როგორც არ უნდა გვინდოდეს, საბჭოთა სამართლებრივი მემკვიდრეობით ბერთუბანი აზერბაიჯანის ტერიტორიაა, უდაბნო და ჩიჩხიტური სადავოა. შესაბამისად, სამართლებრივი გაგებით როდესაც ვინმე ამბობს, რომ გარეჯის ნაწილი საქართველო არ არის, ის შეცდომას არ უშვებს ან მით უფრო ღალატს არ სჩადის. რა თქმა უნდა, თემის სენსიტიურობის გამო და ინტერპრეტაციებზე სპეკულაციების გამოსარიცხად გაცილებით უკეთესი იქნება ზემოთმითითებული ორი შინაარსი ტერმინოლოგიურად არ გავაიგივოთ და განვასხვავოთ.
ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია საკითხის გადაწყვეტის პოლიტიკური კონტექსტიც. აზერბაიჯანი მეგობრული სახელმწიფო და მოკავშირეა. შესაბამისად, სადავო, შეუთანხმებელი საკითხები განხილული უნდა იყოს ამ სულისკვეთებით, დიპლომატიური მექანიზმების გამოყენებით და მაქსიმალურად ფრთხილად, სწორი და მყარი არგუმენტაციით. თუ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, რომ სადავო საკითხების შესახებ ცალმხრივი განცხადებები არ უნდა გაკეთდეს (სავარაუდოდ, ეს ასეც იქნებოდა მრავალწლიანი წარსული პრაქტიკიდან გამომდინარე), ეს პრინციპი უნდა დავიცვათ. ამჟამინდელი ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის გართულება, სწორედ ამ მიდგომის დარღვევამ განაპირობა ჩვენი პრეზიდენტადწოდებულის მხრიდან, რომელმაც სამხედრო ფარაჯაში გამოწკეპილმა მეტად გაუზარებელი (უფრო ვფიქრობ – საკმაოდ გააზრებული) განცხადებები გააკეთა ჩიჩხიტურის მონახულებისას.

Loading…

რაც შეეხება იმას, ვინ როგორ უფრთხილდება საქართველოს, მის ტერიტორიას, აქ ხელისუფლების მხრიდან საერთოდ კატასტროფულად გვაქვს საქმე. როდესაც ,,ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო პროგრამაში, შემდგომ ხელისუფლებაში ყოფნისას, მისმა ბელადმა არაერთხელ, სალომე ზურაბიშვილმა ხმაშეწყობით განაცხადეს, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო, ეს შინაარსობრივად ნიშნავდა, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არ ყოფილა საქართველო. ამ დროს ისინი ქვეყნის მთლიანობას ,,კოსოვიზაციას“ უმზადებდნენ მოსკოველ მფარველებთან ერთად, მათი დაკვეთით და ძალიან დიდ ხანს თავისას არ იშლიდნენ. ამისთვის ყბადაღებული კარასინ-აბაშიძის ფორმატი მოგვახვიეს, ჟენევის ფორმატის შეცვლა და ოკუპირებული ტერიტორიების კანონის გაუქმებაც კი განიზრახეს. ძლივს ჩააკმენდინა მათ ხმა ოპოზიციამ, ქართულმა საზოგადოებამ, საერთაშორისო თანამეგობრობამ, მაგრამ კიდევ ვინ იცის სად და როგორ დაგვიდგება წინ მათი ეს მართლაც რომ მოღალატური განცხადებები და ქმედებები.
იქნებ ცოტა იქითაც წავიდეთ და ბ-ნმა სუბარმა გაიხსენოს, როგორ უჭერდა მხარს შევარდნაძის ხელისუფლებას ეროვნული განძის საქართველოდან გატანაში. ამისათვის სხვებთან ერთად როგორ ქმნიდა საზოგადოებრივ აზრს და რომ არა ისევ მაშინდელი ოპოზიციის, განსაკუთრებით ილია ჭავჭავაძის საზოგადოების, ზოგადად მთელი საზოგადოების პოზიცია, კიდევ ვინ იცის რა ბედი ეწეოდა ჩვენს ეროვნულ საუნჯეს.
იქნებ მან და სხვებმა მეხსიერებაში აღიდგინონ იმავე ხელისუფლების, მინისტრის ნადიბაიძის განზრახვა იგივე დავით გარეჯის ტერიტორიაზე სამხედრო პოლიგონის აღდგენისა და იქ ესენგეს ეგიდით რუსების ხელახლა შემოყვანა შესახებ, სადაც სროლებიც უკვე დაწყებული იყო. მაშინ თითქმის 2-წლიანი უმძიმესი პოლიტიკური და სამართლებრივი ბრძოლა გადავიტანეთ. ისევ ოპოზიციამ, ქართულმა საზოგადოებამ ივარგა და გავაუქმეთ სამონასტრო კომპლექსისათვის გამანადგურებელი, ქართული სახელმწიფისთვის უზარმაზარი ზიანის მომტანი გადაწყვეტილება. თუმცა, არც ამ დროს მახსენდება ისინი, ვინც დღეს განსაკუთრებულად მჯიღს ირტყამს გულზე გარეჯის გამო. არადა, მათი ასაკის, საზოგადოებრივი მდგომარეობის თუ გნებავთ, ამბიციურობის ხარისხის გათვალისწინებით ნამდვილად უნდა გამოჩენილიყვნენ. ისიც კარგად მახსოვს, თავდაპირველად სასამართლო პროცესზე ადგილობრივმა ბერებმა როგორ დაუჭირეს მხარი ხელისუფლებას და ვინ იცის, რომ არა მეუფე ზენონის (მაშინ ის პატრიარქის მდივანი იყო) თავდადება, კიდევ რამდენ სირთულეს წავაწყდებოდით ამ ბრძოლისას.
ასე, რომ ხელისუფლების უსინდისო სატრაპებო და მასთან გამორჩენისთვის მიკედლებულებო, სანამ სხვის თვალში ბეწვს იპოვიდეთ, იქნებ საკუთარ თვალში უზარმაზარი დირეებისთვის მიგეხედათ? სანამ ,,გარეჯი საქართველოაო“ ფარისევლურად დაიძახებდეთ, იქნებ გეპასუხათ თქვენი უმსგავსოებებიდან გამომდინარე სავსებით მარტივ და ლეგიტიმურ კითხვაზე: ,,საყდრისი, გელათი, ცხინვალი, აფხაზეთი თქვენთვის საქართველოა?”

მალხაზ პატარაია, აფხაზთა კრება

paqtebi.ge

 

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ