საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი ექსტრადირების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა.
«ვერ გავიგე, უკრაინა დაბალი ღობე ჰგონია ივანიშვილს. ჰოლანდიის მუდმივი მცხოვრებელი რომ ვარ და ჰოლანდიური დოკუმენტებით რომ გადავაადგილდები მსოფლიოში, ჰოლანდიას რატომ არ გაუგზავნა მოთხოვნა ექსტრადირების თაობაზე. უკაცრავად, ეს ის ივანიშვილი ხომ არ არის და პროკურატურა რომელიც წელიწადის თუ წელიწადნახევრის წინ ეხვეწებოდა მუხლებზე პარაშენკოს, რომ შენი ჭირიმე, არ გადმოსცე საქართველოსო და საქართველოს ყველა აეროპორტი დაკეტა იმ პერიოდში, როცა კიევიდან აფრინდა ჩემი თვითმფრინავი, რომლითაც ქვეყნიდან ჩემს დეპორტაციას ახდენდა. თბილისი, ქუთაისი, ბათუმი — სამივე დაკეტილი იყო. ეს ის ივანიშვილი ხომ არ არის შემთხვევით, რომელსაც ღამე არ ძინავს და სტაფილოს წვენი გადაცდება ხოლმე ფიქრზეც კი, რომ მე შეიძლება დავბრუნდე საქართველოში. მინდა, ვუთხრა მას, რომ მე, რა თქმა უნდა, დავბრუნდები საქართველოში. ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში, დავალაგებთ სიტუაციას, ავაწყობთ რაღაცებს. დავეხმარები ახალ პრეზიდენტს. რა თქმა უნდა, დავბრუნდები საქართველოში, დავბრუნდები ძალიან მალე. ჩვენი მომხრეები ყველანი უნდა მოემზადონ და ჩვენი მომხრე არის საქართველოს აბსოლუტური უმეტესობა და ყველამ ეს იცის. იმ მომენტში, როცა ჩემი ფეხი დადგება საქართველოს მიწაზე, ერთი ვნახავთ, სად იქნება ივანიშვილი,»- განაცხადა სააკაშვილმა.