ქ. ბათუმში მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის მეორე პანელი საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მისწრაფების შესახებ მსჯელობას დაეთმო.
„საქართველოს სწორი არჩევანი: სვლა ნატოსა და ევროკავშირისკენ“ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ, ლიეტუვას თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ვიტაუტას უმბრასასმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა.
სესიის მონაწილეებმა ნატოს ღია კარის პოლიტიკაზე და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების სტრატეგიულ მომენტზე იმსჯელეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ საქართველოს მიერ ნატოში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება და რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში არსებულ განწყობებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველო ტექნიკურად რეალურად მზად არის ნატოს წევრობისთვის და არსებულ გამოწვევებზე კონსოლიდირებული პასუხი ალიანსში საქართველოს ინტეგრაცია იქნება. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებაზე საქართველოში საყოველთაო თანხმობაა და საქართველოს სხვა ალტერნატივა არ გააჩნია.
ლიეტუვას თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე რეფორმირების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ხაზგასმით აღნიშნა. ყურადღება გამახვილდა ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისადმი მოსახლეობის მაღალ მხარდაჭერაზე. აღინიშნა, რომ საქართველოს, როგორც პასუხისმგებლიან პარტნიორს, წვლილი შეაქვს მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და აქტიურად იყენებს პარტნიორობის ყველა მექანიზმს. „მინდა ნათლად განვაცხადო, რომ ნატოს კარი ღიაა, რისი მაგალითიც ალიანსში მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის გაწევრიანებაა. ჩვენ გვესმის და მტკიცედ ვუჭერთ მხარს თქვენს სურვილს შეხვიდეთ ამ კარში. ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომელზეც გავლენას ახდენს პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რამაც თქვენს სტრატეგიულ მიზანს არ უნდა დაგაშოროთ“, — განაცხადა ვიტაუტას უმბრასასმა. მისი განცხადებით, საქართველო სწორ გზას ადგას და რეფორმირების პროცესი უნდა გააგრძელოს. „ლიეტუვა იყო და იქნება საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვიხილოთ საქართველო ნატოს წევრებს შორის“ — აღნიშნა ლიეტუვას თავდაცვის მინისტრის მოადგილემ და საქართველოს და დასავლელ პარტნიორებს ამ გზაზე სტრატეგიული მოთმინებისკენ მოუწოდა.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა აღნიშნა, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ამ მიმართულებით გერმანიის წვლილსა და პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, ნატოს ღია კარის პოლიტიკა ძალაშია და არც ერთ მესამე ძალას არ შეუძლია განსაზღვროს სხვა ქვეყნის ბედი.
დისკუსიას მოდერატორობას „New Eastern Europe“-ის რედაქტორი, ადამ რაიხარდტი უწევდა.