საინტერესო

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა

რუსეთის იმპერიაში 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ქართველმა სამღვდელოებამ გადაწყვიტა უსწრაფესად ესარგებლა შექმნილი ვითარებით და გამოეცხადებინა ავტოკეფალიის აღდგენა. 1917 წლის 12 მარტს მცხეთაში შეიკრიბა ათიათასობით მორწმუნე, სწირეს მღვდელმთავრებმა ლეონიდემ, გიორგიმ, ანტონმა და პიროსიმ. აქ იყვნენ საქართველოს ეპარქიათა წარმომადგენლები, საგუბერნიო და სამაზრო მარშლები. სვეტიცხოველში წირვისას „განიცადეზე“ სიტყვით გამოვიდა ეპისკოპოსი ლეონიდე და გამოაცხადა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალური მართვა-გამგეობის აღდგენა. მიულოცა ისტორიული დღე მთელ ქართველ ხალხს. წირვის დამთავრების შემდეგ „მრავალჟამიერი“ უგალობეს სინოდის მიერ დასჯილ ეპისკოპოსებს კირიონს და დავითს, არქიმანდრიტ ამბროსი ხელაიას, გადასახლებულთ.

ამბიონიდან გამოცხადდა, რომ: 1. 1917 წლის 12 მარტიდან გრძელდება ეკლესიის ავტოკეფალია, 2. დროებით კათალიკოსის არჩევამდე ეკლესიის გამგედ ინიშნება გურია-ოდიშის ეპისკოპოსი ლეონიდე, 3. ეკლესიის მმართველობა ევალება აღმასრულებელ კომიტეტს, რომელშიც შედიან სასულიერო და საერო პირები.

ამავე დღეს იქვე შედგა ოქმი, იმავე, ოღონდ უფრო განმარტებითი შინაარსისა, რომელსაც დაემატა ერთი მუხლი, რომ ეს დადგენილება მოხსენებოდა რუსეთის ახალი მთავრობის თავმჯდომარეს, მინისტრთა საბჭოს, სინოდის ობერპროკურორს და თბილისის კავკასიის კომისარიატს. მას მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ხელი მოაწერეს თავად-აზნაურებმა და ხალხმა (გაზ. „საქართველო“, 1917, №59). გადაწყდა, ქართველ სამღვდელოებას შეეწყვიტა კავშირი ყოფილ ეგზარქოსთან და საეგზარქოსოსთან. საქართველოს ეპარქიებიდან თხოვნები და მოხსენებები გაეგზავნათ ლეონიდესთან და საქართველოს ეკლესიის დროებით მმართველობასთან, არა რუსულ, არამედ ქართულ ენაზე შედგენილიყო დოკუმენტები; წირვისას რუსეთის სინოდის ნაცვლად კათოლიკოსის მოსაყდრე ეპისკოპოსი ლეონიდე უნდა მოეხსენიებინათ.

მეორე დღეს, 13 მარტს, ეპისკოპოსმა ლეონიდემ ოფიციალურად განუცხადა ეგზარქოს პლატონს, რომ იგი მცხეთის კრების დადგენილებით გადაყენებულია თანამდებობიდან და მოვალეა ეკლესიის ყოველი საქმე და ქონება გადასცეს კათალიკოსის მოსაყდრეს (ე. ნიკოლაძე, დასახ. ნაშრ.).

14 მარტს თბილისში მოწვეულმა კრებამ დაადგინა სიონში რუსულის ნაცვლად ღვთისმსახურების ქართულ ენაზე ჩატარება. ამასობაში რუსეთის დროებითმა მთავრობამ განიხილა 1917 წლის 12 მარტის აქტი და დაადგინა „მიეცეს საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია არა ტერიტორიული, არამედ ეროვნული ნიშნის მიხედვით. მართლმადიდებელი რუსებისა და არაქართველების ეკლესიები დარჩნენ რუსეთის სინოდის გამგეობის ქვეშ. საქართვევლოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება საბოლოოდ, ეკუთვნის რუსეთის დამფუძნებელ კრებას“ (გაზ. „საქართველო“, 1917, №63).

1917 წლის აპრილში რუსეთის მთავრობამ საეკლესიო საკითხის შესასწავლად საქართველოში გამოაგზავნა პროფ. ბენეშევიჩი რუსთა ინტერესების დასაცავად.

1917 წლის 15 აგვისტოს საქართველოს ეკლესიის მმართველობამ აღადგინა თბილისის სამიტროპოლიტო კათედრა. ეს უდიდესი მოვლენა იყო, რადგან რუსი ეპისკოპოსი თბილისის მიტროპოლიტად აცხადებდა თავის თავს და ცდილობდა რუსი მრევლის დამწყსვას. კათედრა თავის ხელში აიღო ეპისოკპოსმა ლეონიდემ.

23 აგვისტოს ქართველმა სამღვდელოებამ დაიკავა ეგზარქოსის სახლი.

ამასობაში დროებითმა მთავრობამ დაამტკიცა დებულება „რუსეთის სახელმწიფოში საქართველოს ეკლესიის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ“. რუსეთი ცნობდა საქართველოს ეკლესიის ტერიტორიულ ავტოკეფალიას, ანიჭებდა მას რუსეთის ეკლესიის თანაბარ იურიდიულ მდგომარეობას, ხაზინიდან აძლევდა შესანახ თანხებს. ასე რომ საქართველოს საეგზარქოსოს იურიდიულ მემკვიდრედ გამოცხადდა საქართველოს ეკლესია (იხ. გაზ. „სახალხო ფურცელი“ 1917, №851).

ყოფილმა ეგზარქოსმა იჩივლა იმჟამად მიმდინარე სრულიად რუსეთის საეკლესიო კრებაზე და განაცხადა, რომ საქართველო ჩამოშორდა მართლმადიდებლობას ავტოკეფალიის აღდგენით.

მაშასადამე, მხოლოდ დროებითი მთავრობის დადგენილება არ კმაროდა ეკლესიის მდგომარეობის განსამტკიცებლად. ამიტომ 1917 წლის 3-12 აგვისტოს ქართველი სამღვდელოების სხდომებზე გადაწყდა მოწვეულიყო საქართველოს ადგილობრივი დამფუძნებელი საეკლესიო კრება, რომელზეც მთელი საქართველოდან უნდა შეკრებილიყო დელეგატები.

1917 წლის 8 სექტემბერს სიონის ტაძარში საქართველოს I საეკლესიო კრებაზე შეიკრიბა 600 დელეგატი, აქ იყვნენ: თბილისის მიტროპოლიტი ლეონიდე ოქროპირიძე, ეპისოპოსები — პიროსი ოქროპირიძე, ანტონ გიორგაძე, გიორგი ალადაშვილი, არქიმანდრიტები, ბერ-მონაზვნები, საერონი. ეპისოპოსი კირიონი კრების პირველ სხდომებს არ დასწრებია. კრებას თავმჯდომარეობდა ლეონიდე, პრეზიდიუმის წევრები იყვნენ გიორგი ჟურული, ტრიფონ ჯაფარიძე და სპირიდონ კედია. კრებამ განიხილა ეკლესიის სხვადასხვა საშინაო საკითხი, მათ შორის უმთავრესი იყო ეპარქიებისა და საკათალიკოსო საბჭოს შექმნის საკითხი. 17 სექტემბერს დაინიშნა კათალიკოს-პატრიარქის არჩევნები. კენჭი უყარეს ორ კანდიდატს — ეპისკოპოს კირიონსა და მიტროპოლიტ ლეონიდეს. არჩევნებში მონაწილეობდა 440 კაცი. ფარული კენჭისყრით ლეონიდემ მიიღო 230 ხმა, კირიონმა 241. 11 ხმის უპირატესობით კათალიკოსად გამოცხადდა კირიონი. მას უგალობეს „აქსიოს“. იმავე დღეს, საღამოს, ამოირჩიეს ეპისკოპოსები: ქუთათელ მიტროპოლიტად ანტონ გიორგაძე, ჭყონდიდელ მიტროპოლიტად ამბროსი ხელაია, ურბნელ ეპისკოპოსად დავით კაჭახიძე, ალავერდის ეპისკოპოსად პიროსი ოქროპირიძე (გაზ. „საქართველო“, 1917, №205).

კათალიკოს-პატრიარქმა კირიონმა „გუჯარით“ მიმართა „დიდებულსა და ღვთივდაცულ ივერიას“, რომელშიც კერძოდ ნათქვამი იყო: „განმტკიცება ახლად აღდგენილ ეკლესიისა მის ისტორიულ უფლებებში — აი, პირველი საზრუნავი… დღესაც ვალად აძევს ჩვენს ეკლესიას ემსახუროს იმავე იდეას და მედგრად გაახსენოს კაცობრიობას სახელი ქართველი ერისა. მან ხელი უნდა შეუწყოს ჩვენს განმტკიცება-გაერთიანებას, რათა კაცობრიობის ფერხულში ჩვენც ვპოვოთ შესაფერი და დამსახურებული ადგილი. აი, მეორე საზრუნავი ჩვენი!“ („ჯვარი ვაზისა“, 1987, №1, გვ. 10).

კირიონმა ეპისტოლეებით მიმართა „აღმოსავლეთის პატრიარქებს“, რომის პაპს, სომეხთა კათალიკოს-პატრიარქს, ამცნო მათ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა.

კათალიკოს-პატრიარქის ტახტზე ასვლა კირიონს პირველმა მიულოცა თბილელმა მიტროპოლიტმა ლეონიდემ: „მე მიორკეცდება ძალ-ღონე, რომ მარტო არა ვარ და მეგულებით ჩვენი ეკლესიის უმაღლეს ხელმძღვანელად. ფიცს ვდებ მთელი ჩემი არსებით დაგეხმაროთ ტვირთის ზიდვაში, ჩვენი ეკლესიის საქმის გაძღოლაში“. (გაზ. „ჩვენი ქვეყანა“, 1917, №130).

მიტროპოლიტი ლეონიდე იყო ერთ-ერთი უდიდესი შემოქმედი ქართული ეკლესიის ავტოკეფალიისა კირიონთან ერთად, რომლის ღვაწლი დიდად დააფასა საეკლესიო კრებამ.

კირიონის მოღვაწეობის სურათი კარგადაა გადმოცემული მისსავე სიტყვაში, რომელიც წარმოთქვა 1917 წლის 21 ოქტომბერს თედო ჟორდანიას საფლავზე:

„ექვსი წელი ვსწავლობდით სემინარიაში ერთად და შემდეგ აკადემიის დამთავრებისა სხვადასხვა ასპარეზზე მოგვიხდა სამსახური, შენ საყვარელ სამშობლოში, მე კი უცხოეთში, აქედან იწყება ჩვენი მოღვაწეობა სამშობლო ეკლესიის აღსადგენად. ისეთი ძნელი დრო იყო მაშინ, რომ ავტოკეფალიაზე მხოლოდ ჩურჩულით ლაპარაკი შეგვეძლო. გამოჩნდა რუსეთში ღვთისნიერი და პატიოსანი ადამიანი ნ.ნ. დურნოვი, რომელიც ქადაგებდა უშიშრად ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიაზედ. ჩვენც ამოვუდექით მას მხარში და შევუდექით საქმეს. არავის ეგონა, რომ დურნოვი რუსი იყო. ფიქრობდნენ, რომ ჩემი გვარი (საძაგლიშვილი) რუსულად გადავთარგმნე და მე მაწერდნენ ამის ცხელ-ცხელ სტატიებს. 32-33 წელიწადი ვიღვაწეთ ერთად და აი, ვეღირსენით იმას, რასაც მოუთმენლად მოელოდნენ ჩვენი წინაპარნი… ჩამოგძახებ საფლავში: გიხაროდეს, ერთგულო მუშაკო… ჩვენი დიდი ხნის ნატვრა ასრულდა, აღსდგა კვლავ საქართველო, აუწყე ჩვენს წინაპართ, რომ ვსუნთქავთ თავისუფალ ეკლესიაში…“ (ეპისკოპოს კირიონის ფონდი 11245).

კირიონი თავდადებით შეუდგა ეკლესიის აღორძინების საქმეს. 1918 წლის 26 იანვარს, წმიდა დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, აკურთხა თბილისის ახლად დაარსებული უნივერსიტეტი, 1918 წლის 27 მაისს თავისუფლების მოედანზე პარაკლისის შემდეგ სიტყვით მიმართა საზოგადოებას, 1918 წლის 27 ივნისს მარტყოფის მონასტერში, რეზიდენციაში, კათალიკოს-პატრიარქი კირიონი ტყვიით განგმირული იხილეს. მაშინ იგი ყოფილა 68 წლისა, დამბლისაგან ხელი ჰქონდა გაკავებული. კირიონ II დაკრძალეს 7 ივლისს სიონის ტაძარში.

საქართველოს რესპუბლიკის მთავრობა სოციალისტურ მიმართულებას ადგა და ამიტომ ეკლესიის მიმართ გულგრილად იყო განწყობილი. „მენშევიკებად“ სახელდებულმა ათეისტური მრწამსის მქონე ხელისუფლებამ, რომელსაც მსოფლიო დემოკრატიის ბურჯად წარმოედგინა თავისი თავი, ვერ შეძლო აღექვა ქართული ეკლესიის ისტორიული დამსახურება და მომავალი მნიშვნელობა ქართველი ერის წინაშე. ამიტომ ქართულ ეკლესიას გულგრილად ეკიდებოდა. საერთოდ, აღსანიშნავია, რომ ისინი (მენშევიკები) ათეული წლების მანძილზე პოლიტიკურ ცხოვრებაში პირველ ადგილზე აყენებდნენ არა ქართველი ერის თავისუფლებასა და სახელმწიფოებრიობას, არამედ ჩაგრული სოციალური ფენის — მუშათა კლასის ინტერესებს. მხოლოდ ხელსაყრელმა ისტორიულმა ვითარებამ — I მსოფლიო ომში რუსეთის იმპერიის დამარცხებამ, რუსული არმიის გასვლამ ამიერკავკასიის ფრონტებიდან და ოსმალეთში იმჟამად, 1918 წ. გაზაფხულზე გამარჯვებულ უცხო სახელმწიფოთა კატეგორიულმა მოთხოვნებმა ფაქტიურად აიძულა ქართველი სოციალისტები, გამოეცხადებინათ რუსეთისგან საქართველოს დამოუკიდებლობა. ცხადია, მათთვის ეროვნული პრობლემები მეორე ხარისხოვანი იყო (ს. კაკაბაძე, „ქართველი ხალხის ისტორია“, 1997, გვ. 249). ყოველივე ეს იწვევდა კათალიკოს-პატრიარქ ლეონიდეს (1918-1921) აღშფოთებას. მენშევიკებმა პოლიტიკური უსუსურობის გამო ვერ გაითვალისწინეს ის საფრთხე, რომელიც მოელოდა თავისუფალ საქართველოს „სოციალისტური“ რუსეთისაგან, ყური არ დაუგდეს კათალიკოს-პატრიარქ კირიონის წინასწარმეტყველებას „მდუღარე რუსეთიდან“ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.

1920 წლის 27 ივნისს თბილისში შედგა მეორე საეკლესიო კრება, გაარჩიეს ეკლესიის სახელმწიფოსაგან გამოყოფის, სასულიერო სასწავლებლების სამინისტროსადმი გადაცემის, ეკლესიის ბიუჯეტის, სამღვდელოების საყოფაცხოვრებო და მცხეთა-თბილისის ეპარქიების გაერთიანების საკითხი. კრებამ კათალიკოს-პატრიარქად დაამტკიცა მიტროპოლიტი ლეონიდე (ოქროპირიძე).

Loading…

მსგავსი პოსტები

რატომ უყვარდებათ ადამიანები, ვინც მათ არ შეეფერება

Joni Kvaracxelia

სუპის ინგრედიენტები გამარჯვებულის თავზე …

Joni Kvaracxelia

ამ ფოტოზე — 1 დედა და მისი 69 შვილი

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი