ისრაელის საელჩო შეძრწუნებულია მინისტრის მოადგილის ირანისთვის სოლიდარობის გამოცხადებით
ისრაელის საელჩომ შეშფოთება გამოხატა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის მიერ ირანის საელჩოში გამართულ სოლიდარობის ღონისძიებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. საელჩოს განცხადებით, აღნიშნული ქმედება მორალურად გაუმართლებელია, განსაკუთრებით იმ დროს, როცა დასავლეთი გმობს ირანის თავდასხმებს ისრაელის მოქალაქეებზე და ცდილობს მისი ბირთვული ამბიციების შეჩერებას.
ღონისძიება 26 ივნისს გაიმართა და ირანის საელჩოში სამძიმრის წიგნში დაიწერა ჩანაწერები იმ პირების ხსოვნისადმი, რომლებიც ირანის განცხადებით, „ისრაელის თავდასხმას“ შეეწირნენ. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში თურქმენეთის, ყაზახეთის, ერაყის დიპლომატიური წარმომადგენლები, ჩინეთის სამხედრო ატაშე და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რომ მონაწილეობა სამძიმრის წიგნში ჩანაწერის გაკეთებას გულისხმობდა, როგორც საერთაშორისო დიპლომატიურ პრაქტიკას.
