იტალიის საელჩომ საქართველოში იტალიის რესპუბლიკის ეროვნული დღე 3 ივნისს აღნიშნა და „ექსპოჯორჯიას“ მრავალფუნქციურ სივრცეში გამართული საზეიმო ღონისძიების მრავალრიცხოვან სტუმრებს უამრავი სიურპრიზი დაახვედრა.
ღონისძიება, რომელსაც საქართველოს პოლიტიკური, ეკომონიკური და კულტურული წრეების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ასევე, საქართველოში მცხოვრები იტალიელები დაესწრნენ, იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ გახსნა და იტალიასა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო კავშირზე ისაუბრა.
იტალიისა და საქართველოს ჰიმნები ნიჭიერმა ახალგაზრდა მეცო სოპრანო ნინო კიკილაშვილმა იმღერა, ვოკალური ჯაზ-კომპოზიციები კი ცნობილმა ქართველმა მომღერალმა ელენე კალანდაძემ შეასრულა. გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის” მოცეკვავეებმა წარმოადგინეს ნაწყვეტები საბალეტო სპექტაკლიდან „ბეატრიჩე“, რომელიც იტალიის საელჩოს მხარდაჭერით, დანტე ალიგიერის გარდაცვალების 700 წლისთავის აღსანიშნავად შეიქმნა (მუსიკის ავტორი იტალიელი კომპოზიტორი დარიო მარიანელი, დამდგმელი რეჟისორი და ქორეოგრაფიის ავტორი კი მარიამ ალექსიძეა).
სტუმრებს დახვდათ იტალიური დიზაინერული ნაკეთობები (ავეჯი, მრავალფეროვანი აქსესუარები და იტალიის სიამაყედ ქცეული Alfa Romeo-ს ავტომობილები), სახელგანთქმული ენოგასტრონომიული პროდუქცია (პროსეკო, აპეროლი და საუკეთესო იტალიური ღვინოები), იტალიიდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოტანილი დელიკატესები და საქართველოში უკვე კარგად ცნობილი ორი იტალიელი შეფ-მზარეულის, ენცო ნერისა და „მასტერშეფის“ ფინალისტის, დიეგო ბუტილიონეს მიერ მომზადებული დესერტი.
დღესასწაულის ღამეს თბილისის სატელევიზიო ანძა იტალიის დროშის მწვანე, თეთრ და წითელ ფერებში აინთო.
აღსანიშნავია რომ სამ ივნისს ჩვენ ჩავწერეთ თსუს რომანული ფილოლოგიის კათედრის ასისტენტ პროფესორი სალომე კენჭოშვილი რომელსაც მრავალი რამ აქვს გაკეთებული ქართული იტალიური ურთიერთობის გაღრმავებისთვის ბოლო 20 წლის მანძილზე და ასევე მეცო სოპრანო ნინო კიკილაშვილი რომელმაც ღონისძიებაზე ორი ქვეყნის ჰიმნი მართლაც რომ შესანიშნავად შეასრულა.
ახლა გთავაზობთ მათ ვრცელ კომენტარებს იტალიის ეროვნულ დღესასწაულთან და ზოგადად იტალიურ ქართულ ურთიერთობებთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება მეტად ამ ურთიერთობების გაღრმავება განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის.
სალომე კენჭოშვილი:
“მოგეხსენებათ, საქართველო-იტალიას ხანგრძლივი ურთიერთობა აკავშირებს ერთმანეთთან.
ბოლო ათწლეულებში ეს ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდა და მოიცავს როგორც სავაჭრო-ეკონომიკურ, ისე კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროებს. იტალიამ წლების მანძილზე არაერთი მნიშვნელოვანი მუსიკოსი გააცნო ჩვენს ქვეყანას და იტალიური შედევრების მრავალი გამოფენა მოაწყო საქართველოს სხვადასხვა მუზეუმში; ჩაატარა მთარგმნელობითი კონკურსები და სხვ.
იტალია ასევე ის ქვეყანაა, რომელმაც აფხაზეთის ომის შემდეგ არაერთი დევნილი ბავშვი შეიფარა და დაეხმარა წლების მანძილზე. დღეს იტალია, როგორც ევროკავშირის წევრი, აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ორგანიზაციებში ინტეგრაციას.
დიდია ასევე იტალიის დახმარება განათლების სფეროშიც, რაც მე პირადად შემეხო, როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯერ სტუდენტსა და შემდეგ უკვე ლექტორს: არაერთხელ მივიღე იტალიის მთავრობის ის სტიპენდია, რასაც ისინი ორ ათეულ წელზე მეტია გასცემენ ქართული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისა და ზოგჯერ ლექტორებისთვის. ამ სტიპენიდებმა საშუალება მომცეს, რომ გამეღრმავებინა იტალიური ენისა და ლიტერატურის ცოდნა, ახლოდან მენახა ქვეყანა, რომლის ენისა და ცივილიზაციის შესწავლა სპეციალობად ავირჩიე. ამ ენამ და იტალიის მთავრობის მიერ მოცემულმა შესაძლებლობამ არაერთ საინტერესო ადამიანთან და კარგ სპეციალისტთან დამაკავშირა, საქართველოსა და უცხოეთში. დღეს ჩემი პროფესიაც იტალიასთანაა დაკავშირებული.
დღესდღეობით სულ უფრო პოპულარული ხდება იტალიური ენა ქართველ ახალგაზრდებში, რასაც ხელი შეუწყო იტალიის ელჩების მოწადინებით მათი ენის ჩვენს სასკოლო პროგრამაში ჩართვამ; უკვე არაერთ საჯარო და კერძო სკოლაში ისწავლება იტალიური. ეს ფაქტი, ვფიქრობ, მოიტანს მეტი ქართველი აბიტურიენტისა და სტუდენტის საერთაშორისო სასწავლო პროგრამებში ჩართვას იტალიური ენის მეშვეობით და ასევე გაზრდის იტალიური ენის ქართველი პედაგოგების რაოდენობასაც”.
სანამ ნინა კიკილაშვილის კომენტარს შემოგთავაზებდით გვსურს რომ გადავცეთ ჩვენს მკითხველს ის ემოცია რაც ამ უნიჭიერესი ახალგაზრდა შემსრულებლის დროს ხდებოდა დარბაზში, მართლაც რომ სუნთქვაშეკრულნი უსმენდნენ დამსწრე საზოგადოების წარმომადგენლები უნიჭერეს და ულამაზეს ნინის. ჩვენი გამოცემა წარმატებას ვუსურვებთ მის დიდ შემოქმედებით გზაზე.
ახლა გთავაზობთ ნინა კიკილაშვილის კომენტარს,
“ნინა კიკილაშვილი: იტალიისა და საქართველოს ჰიმნების სიმღერა იტალიის რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულზე დიდი პატივია.
ეს ჩემთვის ნამდვილად საპასუხისმგებლო და ცოტა ამაღელვებელიც კი იყო. მოხარული ვარ, რომ ვიმღერე ასეთი მაღალი დონის ღონისძიებაზე. მეტად გულისამაჩუყებელი იყო დამსწრე საზოგადოების რეაქცია ჩემ მიერ შესრულებულ ჰიმნებზე. იტალია ჩემთვის, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, საქართველოს შემდეგ პირველია. ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს. ვართ გემრიელი სამზარეულოსა და სპორტის მოყვარულები. აგრეთვე, ორივე ერი ვართ ძალიან მუსიკალური. სიხარულით ვულოცავ იტალიელ ხალხს დიდ ეროვნულ დღესასწაულს და მადლობას ვუხდი იტალიის საელჩოს საქართველოში, იტალიის ელჩს მასიმილიანო დანტუონოს და ღონისძიების ორგანიზატორებს. და ბოლოს, ვისურვებდი, რომ საქართველომ და იტალიამ განაგრძნონ თავიანთი მრავალწლიანი მეგობრობა ევროპულ ნიადაგზე და კიდევ მრავალჯერ საზეიმოდ აღგვენიშნოს ეს დღესასწაული”!











ფოტოები: ხათუნა გოგიჩაიშვილისა
