განცხადებები

სასამართლოს ეზოც, რუსთაველიც პროტესტის ადგილი უნდა გახდეს, თუ დავორგანიზდებით, შევძლებთ პროტესტის ძალიან სერიოზული ტალღის წამოწყებას, რომელიც ამათ გადალეკავს-გედევან ფოფხაძე

გვჭირდება ისეთი ერთიანობის შექმნა, რომელიც რეალურ დისკომფორტს შეუქმნის ხელისუფლებას და მიახვედრებს, რომ უსამართლო, დანაშაულებრივი ნაბიჯების გამო მიიღებს ადეკვატურ პასუხს, – ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, სადაც ნიკა გვარამიას საქმეზე მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა.

ფოფხაძემ სააპელაციო სასამართლოსთან შეკრებილებს მოუწოდა, არ დაიშალონ და სასამართლოს კიბეებთანვე დაიწყონ ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენის გაპროტესტება.

„არ ვიშლებით, აქ უნდა გაიმართოს იმ ადამიანების პროტესტი, ვისაც არ შეგვიძლია, სახლში წავიდეთ. ჩვენ ოფიციალურად ამ კიბეებზე მიტინგის ჩატარებით ვარღვევთ ადმინისტრაციულ კანონმდებლობას, მაგრამ პირდაპირ გეუბნებით, რომ ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, უფრო მეტი რამის დარღვევაც შეიძლება მოგვიწიოს იმისთვის, რომ თავისუფლება მოვიპოვოთ, რადგან დღეს გავხდით სისხლის სამართლის დანაშაულების მოწმეები. ყველამ დავინახეთ, როგორ ჩაიდინა სამმა მოსამართლემ სისხლის სამართლის დანაშაული, შეასრულა ბიძინა ივანიშვილის შეკვეთა და უდანაშაულო ადამიანი, რომელსაც საქმეშიც არანაირი დანაშაული არ აქვს, სისხლის სამართლის საქმეც არ არის, სადაც დანაშაული წერია, ასეთი ადამიანი გაუშვა ციხეში. ამის პატიება არცერთ მოქალაქეობრივ ვალში არ ჯდება. ამ დღის გადაგორების უფლება არ უნდა მივცეთ არავის“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მისი თქმით, უნდა შეიქმნას ერთიანი საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ნიკა გვარამიას პატიმრობას გააპროტესტებს და ეს უნდა იყოს ადეკვატური პასუხი უსამართლო განაჩენის წინააღმდეგ.

„შინაგანად იმედი მქონდა, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება, საღი აზრი არსებობდეს. ამ სასამართლომ დამანახა, რომ ეს საღი აზრი არ არსებობს. ამიტომ, მოგიწოდებთ ყველას, ვინც ახლა აქ ხართ, ჩვენს უკან არის ძალიან ბევრი ადამიანი. ჩვენ გვჭირდება ისეთი ერთიანობის შექმნა, რომელიც რეალურ დისკომფორტს შეუქმნის ამ ხელისუფლებას, რომელიც მიხვდება, რომ ამ უსამართლო, დანაშაულებრივი ნაბიჯების გამო მიიღებს ადეკვატურ პასუხს.

დარწმუნებული ვარ, რომ აქ მყოფ ადამიანებს გვაქვს ის რესურსი, რომ თუ დავორგანიზდებით, შევძლებთ პროტესტის ძალიან სერიოზული ტალღის წამოწყებას. ეს იქნება ტალღა, რომელიც ამათ გადალეკავს. ესენი ისედაც დამთარებული არიან. ხუთ-შვიდ თვეს ვაძლევ „ქართულ ოცნებას“, მეტი მათ რეალურად აღარ აქვთ, ისტორიამ ისინი გაწირა. ჩვენ არ უნდა გავხდეთ ამ ყველაფრის თანამონაწილეები. ამიტომ, არ გვაქვს უფლება, დღეს ასე დავიშალოთ და მაშინ, როცა ნიკა თავგანწირვის ასეთ მაგალითს გვაძლევს, უპირობოდ დავუთმოთ ეს სივრცე. ეს სასამართლოს ეზოც პროტესტის ადგილი უნდა გახდეს, რუსთაველიც და ყველა ადგილი. არანაირი ინდივიდუალური პროტესტები, ერთად დავდგეთ და ერთად გავაპროტესტოთ. საჭიროა სალომე ზურაბიშვილისთვის მიმართვა, ყველა ერთად დავდგეთ. აქ არის დიდი რესურსი ნიკას მეგობრების, პოლიტიკური პარტიების, მედიის, არასამთავრობო სექტორის. ეს ყველა სექტორი თუ ერთად დადგება, ერთ საკოორდინაციო ცენტრს შექმნის და ნიკას წინააღმდეგ უსამართლო განაჩენის მიმართ გაილაშქრებს, ეს იქნება ჩვენი ადეკვატური პასუხი. ჩვენ შეგვიძლია, ეს გავაკეთოთ“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

Loading…

მსგავსი პოსტები

«ნაციონალურ მოძრაობას» ჰქონდა განზრახვა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობისა-სოფო კილაძე

ფინანსთა სამინისტრო საჯარო გაფრთხილებას აძლევას მედიასაშუალებებს

«რა შარში ვარ ხაინდრავას გამოო»-პატიმრების შეწყალების სკანდალში გოგა ხაინდრავაც მონაწილეობდა?!»

დატოვე კომენტარი