სასამართლომ ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო. გადაწყვეტილება მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ გამოაცხადა.
საქმის პროკურორმა, ნათია გურულმა გადაწყვეტილების გამოცხადებამდე თქვა, რომ ბრალდების მხარეს ჰქონდა მოლოდინი, სასამართლო მტკიცებულებებს სწორად შეაფასებდა და გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანდა. რაც შეეხება სასჯელს, ბრალდება, დადასტურების შემთხვევაში, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. ბასილაშვილის ადვოკატის, ნათია გვაზავას მტკიცებით კი დოროყაშვილი არაერთხელ შეეცადა სასამართლოს შეცდომაში შეყვანას — «დავითვალეთ ათეულობით ტყუილი, რომელიც მან მიაწოდა საგამოძიებო ორგანის და, სამწუხაროდ, საგამოძიებო ორგანომ მისი მოსაზრებები გაიზიარა». მისივე სიტყვებით, დოროყაშვილმა ჩოგბურთელის «პროვოკაციაზე წამოგება» არაერთხელ სცადა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბასილაშვილის წინააღმდეგ საქმე 2020 წლიდან მიმდინარეობდა. ბასილაშვილს ყოფილი ცოლი, ნელი დოროყაშვილი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში სდებს ბრალს. ჩოგბურთელი ბრალდებას უარყოფს — მისი ოჯახის განცხადებით, «არათუ ფაქტი, მცდელობაც კი არ ყოფილა».