ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, ნინო ლაპიაშვილი ამავე პარტიასა და პოლიტსაბჭოს ტოვებს, როგორც ის ფეისბუქზე წერს, აღნიშნული ქმედება მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებების უკავშირდება რომელიც მან 29 სექტემბრის საღამოს ტელეკომპანია «მთავარის» ეთერში გააკეთა.
«თავიდან ბოლომდე ვემიჯნები მიშა სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას გიგა ბოკერიაზე. მისი წარმოჩინება, როგორც ქართული ტრადიციების წინააღმდეგისა, არასწორია კონცეპტუალურად და ამასთან, არის ძალიან დიდი პოლიტიკური შეცდომაც.
ანუ, რა გამოდის?! 2000-იანი წლების დასაწყისში დავბრუნდეთ და ვიძახოთ «ბოკერია იეღოველი» , რადგან ბოკერია რელიგიური უმცირესობების ჩაგვრას და მათზე ძალადობას მკაფიოდ და არაორაზროვნად აპროტესტებდა, თუ როგორ არის ჩვენი საქმე?!
ბოკერიას კრიტიკა სხვა ნიადაგზე არგუმენტირებულად შეიძლება, თუ მაინც და მაინც ეს საკითხი პრიორიტეტულად ხვდება ლიდერი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელის/დამფუძნებლის დღის წესრიგში.
დარწმუნებული ვარ, ოპოზიცია მოიგებს 2020 წლის არჩევნებს და იქ ენმ იქნება წამყვანი ძალა, მაგრამ თუ გუშინ გაჟღერებული იდეოლოგიით უნდა მოხდეს ქვეყნის მართვა, მაშინ ისიც ზუსტად ვიცი, რომ უარესი შედეგებით და მმართველი ძალისთვის უფრო მწვავედ დასრულდება, ვიდრე ეს 2012-ში მოხდა.
წლების განმავლობაში ყველანაირი შეურაცხყოფა ავისხლიტე ჩემი მიშა სააკაშვილის მხარდაჭერისა და მოგვიანებით, ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრობის გამო, მაგრამ იდეის მჯეროდა და საერთოდ არ მანაღვლებდა.
ახლა, ამ სიტუაციაში სად არის იდეა, რომელიც გამაძლიერებს?!
ხოლო, თუ მთავარი ღირებულებები გაქრა და აშკარად მიუღებელთან ზღვარი წაიშალა, მაშინ აწმყოში რაღა მაერთიანებს ამ უდაოდ დიდ პოლიტიკოსთან, რომელმაც უახლოეს წარსულში ნამდვილად საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართულ სახელმწიფოებრიობას?!
სამწუხაროა, მაგრამ უნდა დავტოვო პარტია და პოლიტსაბჭო», — დაწერა ნინო ლაპიაშვილმა.
წყარო:ტაბულა