ანალიტიკაპუბლიკაციები

„საბეჭდი მანქანა“ — კრიმინალების მიერ შექმნილი ამჟამინდელი პირველი წინამორბედი

ამ ბოლო დროს „ოპერატიულ და ჯაშუშურ საქმიანობაზე“ მასალებზე მუშაობისას ამ მასალას სრულიად შემთხვევით წავაწყდი.
სამართალდამცავები ამჟამად ყველა შესაძლო ტექნოლოგიების უკანასკნელი მიღწევების დახმარებით მუშაობენ და დამნაშავეობას ვერ აუდიან. მაშინ, მეორე მსოფლიო ომის დროს დამნაშავეობასთან პირისპირ მხსნელად „ოპერატიული ინფორმაცია“ და „დამუშავებული“ მოწმეები ევლინებოდათ და მიზანს ისე აღწევდნენ.
ამის მაგალითია უშანგი ვეკუას – პოლიციის თადარიგის მაიორის მოგონებები.
1941 წლის ბოლოს და 1942 წლის პირველ ნახევარში ფრონტისპირა რაიონებიდან ათობით ათასი მოქალაქე აფხაზეთში იქნა ევაკუირებული. ქალაქის საზოგადოებრივი შენობებში, საერთო საცხოვრებლებში ხალხის ტევა არ იყო, ათასი ჯურის ადამიანი ირეოდა. არამარტო და სოხუმში მის შემოგარენშიც ქურდობები, ხულიგნობები, ყაჩაღობები, მკვლელობები და სხვა სახის მძიმე დანაშაულობანი გახშირდა. უპასპორტო, პირადობის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტების არმქონე, გაურკვეველი ეროვნების თუ პროფესირების პირთა დიდი ჯგუფების სრულიად უკონტროლო პარპაში კიდევ უფრო ართულებდა ისედაც დაძაბულ ოპერატიულ ვითარებას. ქურდობის გარდა განსაკუთრებით გავრცელდა ეკონომიკური დანაშაულობანი სპეკულაცია, თაღლითობა და პროდუქტების ყალბი ბარათებით ვაჭრობა. მეორე მსოფლიო ომის ამ „ცხელ დღეებში“ მილიციელების საქმიანობა „ზურგში ფრონტადაც“ კი მოიხსენიებოდა და მოგვიანებით, ყველა ჩვენთაგანი „ომის მონაწილეს“ გაგვითანაბრეს.
აფხაზეთის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიტის ცნობის მიხედვით უშანგი ვეკუა 20 წლის ასაკში მიიღეს მილიციაში. წელიწადნახევარში უამრავ „ოპერატიულ ღონისძიებაში“ ქონდა მონაწილეობა მიღებული და სიცოცხლეც არაერთხელ გაურისკავს.
ეს ამბავი 1942 წლის ივლისში მაშინ დაიწყო, როცა ფაშისტები საქართველოს კარიბჭეს ქლუხორის უღელტეხილს მოადგნენ.
უშანგი ვეკუა ყვებოდა:
მიუხედავად იმისა, რომ „დაჯავშნული“ ვიყავი, „მოხალისედ“ წასვლა რამდენიმეჯერ ვითხოვე, მაგრამ უარი მივიღე, რადგან ზურგში არანაკლები გასაჭირი ედგა ქვეყანას. კრიმინალურმა მდგომარეობამ იმდენად დრამატული ხასიათი მიიღო, მილიციაში „საბრძოლო მზადყოფნა“ გამოცხადდა. ცალკე „კარსმომდგარი“ ფაშისტების და ცალკე მომრავლებული მრავალფეროვანი დანაშაულობების გამო წუთით არ გვქონდა მოსვენება. მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდებოდა. იმ დღეებში დაძაბულობამ „პიკს“ მიაღწია.
საქმეებს ვეღარ ავუდიოდით, როცა მოულოდნელად აფხაზეთის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარმა პირადად გამომიძახა და მითხრა:
„აგენტმა შეგვატყობინა, რომ სოხუმში ევაკუირებულებს შორის უნდა იყოს ვინმე ენდრეი ზელენევი — შუახნის ასაკის – თაღლითობისთვის ადრე ნასამართლევი და ამჟამად „ძებნილი“ პირი, რომელსაც თან აქვს მცირე ზომის თვითნაკეთი სტამბა, რომლითაც სოხუმში პროდუქტების „ტალონების“ ბეჭდვას აპირებს და საქმეში „დამხმარეს“ ეძებს. ამ ინფორმაციის პირველწყაროს ვინაობა დაუდგენელია, მაგრამ დადგენილია, რომ ეს ამბავი თვითმხილველის მიერ ჩვენი აგენტისთვის არის ნათქვამი. თუ ყალბი ტალონების ბეჭდვა დაიწყო, ეკონომიკურად ისედაც გაჭირვებულ მოსახლეობას დიდი საფრთხე მოელის, ამიტომ ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს და დადგინდეს, არსებობს თუ არა ასეთი პირი გვარად ზელენევი. თუ არსებობს, უნდა ავიყვანოთ, სტამბაც ამოვიღოთო და „ყალბი“ ტალონების გავრცელების საფრთხე ავიცილოთ თავიდან.
— იმ ნიშნებით, რაც ჩვენ მის შესახებ ვიცით, აფხაზეთის მამაკაცი მოსახლეობის ნახევარი ხასიათდება. არც ის ვიცით, სახელი და გვარი ნამდვილია, თუ სხვის ვინაობას სულ სხვა ვინმეა ამოფარებული. არც ის არის გამორიცხული, ეს ამბავი საერთოდაც ტყუილი იყოს. მხოლოდ ერთი რამ არის დანამდვილებით ცნობილი: გუდაუთა-სოხუმის გზის მონაკვეთი ცხენებშებმულმა ფურგონებმა გადმოკვეთეს, და თუ საერთოდ არსებობს „ზელენევი“, სავარაუდოდ, მათ შორის უნდა იყოს. მის პოვნას შენ გავალებ, დამხმარედ ვინც გინდა, აიყვანე. თადარიგი დაჭერილი იქნება, ხელს შეგიწყობენ. სრულიად კონსპირირებულად იმოქმედეთ და ერთ კვირაში შედეგები მომახსენე.
თითქოს, ადგილზე „გავიყინე“. კომისრის ამ დავალების შესრულება სრულიად წარმოუდგენელი მეჩვენა, რადგან ერთ წამში თვალწინ წარმომიდგა მდგომარეობა ქალაქში, სადაც ლტოლვილებით და მათი კუთვნილი წვრილფეხა თუ მსხვილფეხა საქონლით ზოგიერთი ქუჩა იმდენად იყო გადაჭედილი, რომ გავლა თითქმის შეუძლებელი იყო. ამასთან ევაკუირებულთაგან მხოლოდ მცირე ნაწილი იყო შედარებით მოხერხებულად დაბინავებული, დანარჩენები პირდაპირ სკვერებს, პარკებსა და საავტომობილო გზებზე ან ფიცრულებს აგებდნენ, ან პირდაპირ ურმებსა და ფურგონებში იყვნენ დაბანაკებული და უმეტესწილად სახლებიდან გამოსულ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ისეთ ორომტრიალი იყო, რომ უცნობის კი არა, ნაცნობის მონახვაც ჭირდა… მაგრამ, ამას ხომ ვერ ვეტყოდი… ვაი, შენს უშანგის, — გავივლე გუნებაში, მაგრამ ხმამაღლა თქმას რას გავბედავდი. სხვა რა გზა დამრჩენოდა… უფროსს „სმენაზე დავუდექი“ და ვუპატაკე: „არის“- მეთქი და მხრებჩამოყრილი მისი კაბინეტიდან გამოვედი.
„შინსახკომისკენ“ მიმავალ გზაზე მოვისაზრე, თუ ვის დავიყენებდი გვერდში და რას გავაკეთებდით. ვინც ამ საქმისთვის გამომადგება ვანო შონია, ჩემზე ერთი წლით უმცროსი ოპერმუშაკი იყო, რომელმაც რამდენიმე რთული საქმის გახსნით და საშიში ბანდიტების დაკავებით „თავის გამოჩენა“ უკვე მოასწრო. სწორედ მასთან მივედი და უფროსის დავალება გავაცანი. ვთხოვე, საქმის გახსნაში დამხმარებოდა. სიამოვნებით დამთანხმდა. მოქმედების გეგმა ერთად შევადგინეთ და მის თანახმად, პირველ რიგში ქალაქის „სარეგისტრაციო-გამანაწილებელი პუნქტისკენ“ გავწიეთ, სადაც წესის და კანონის თანახმად, ყოველი ევაკუირებულის მონაცემები უნდა ჰქონოდათ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ დიდი ნაწილი აღრიცხვაზე აყვანილი არ იყო და რამდენიმე საათიანი მუშაობის შემდეგ ზელენევის გვარის სულ ორი წარმომადგენელი ვიპოვეთ, მაგრამ არცერთი არ იყო ჩვენთვის საინტერესო, რადგან ერთ-ერთი მოსკოველი ქალი, ხოლო მეორე 90 წელს მიტანებული მოხუცი აღმოჩნდა. მოკლედ, ხელმოცარული დაღონებულები წამოვედით. ისღა დავადგინეთ, სტავროპოლელების ნაწილი სოხუმის მესამე საშუალო სკოლაში და მის მიმდებარე შენობებში განეთავსებინათ, ხოლო დანარჩენები იმავე უბანში ღია ცის ქვეშ ცხოვრობდნენ. ჩვენ დაუფიქრებლად პირდაპირ იქით ვაპირებდით წასვლას, მაგრამ უცებ გავჩერდით და მოქმედების გეგმა შევცვალეთ, რადგან ფორმებით მისვლით დამნაშავეებს დავაფრთხობდით, უფორმოდ სიარულის უფლება არ გვქონდა. გავიქეცით განყოფილებაში და ნებართვისთვის „პატაკი“ დავწერეთ და პასუხის მიღებამდე მაინც სახლებში დავბუნდით და ტანსაცმელი გამოვიცვალეთ.
„სამოქალაქოთი“ შენიღბულები შებინდებისას „სავარაუდო“ უბანს სხვადასხვა მხრიდან მივადექით და ჩვენ-ჩვენი ლეგენდების მიხედვით დავიწყეთ მოქმედება: მე – სოხუმელი მუშა, ჩემს სევასტოპოლელ ნათესავს ანდრეი ზელენევს ვეძებდი და აქაურების დახმარება მჭირდებოდა, იქნებ ეთქვათ, ანდრეი, არა, მაგრამ სხვა ზელენევს ვიცნობთო და ადგილსამყოფელი მიესწავლებინათ. მართალია, შანსი დიდი არ იყო, მაგრამ ნათქვამია, „ცდა ბედის მონახევრეაო“ და როგორც ადგილობრივ მუშებს შეეფერებოდა „კარდაკარ წანწალი“ დავიწყე… ვანო შონია „ქორვაჭრის“ როლს ასრულებდა: სევასტოპოლელთა ცხენებსა და ფურგონებს ათვალიერებდა, ვითომ ყიდვა და შემდეგ ზუგდიდში გაყიდვა უნდოდა.
ღამის 2 საათამდე ცალ-ცალკე ვიხეტიალეთ და ბოლოს წინასწარ დათქმულ ადგილზე შევიკრიბეთ. სატრაბახო არცერთს არაფერი გვქონდა, აღმოჩნდა, რომ ამაოდ გავისარჯეთ. „ობიექტის“ კვალს ვერსად მივაგენით. შონიამ თქვა: „რამდენიმე ფურგონის პატრონს ვესაუბრე და ყოველ მათგანს, ისე, სასხვათაშორისოდ ვკითხე, სოხუმამდე ვისთან ერთად ჩამოხვედით-მეთქი, ვინ რა მითხრა და ვინ რა, ძირითადად პატრონები, მოხუცები და ქალები იყვნენ, მაგრამ შუახნის მამაკაცის შესახებ არავის არაფერი უთქვამსო“.
დილით, როგორც კი სამსახურში მივედით, სახალხო კომისრის თანაშემწისგან მივიღეთ უფლება „ძიების მიმდინარეობისას ქალაქში მხოლოდ სამოქალაქო ტანსაცმლით გვევლო“ და სხვადასხვა გზით კვლავ მესამე სკოლისკენ გავემართეთ.
საღამოს რომ შევიკრიბეთ, ვანო აღელვებული ჩანდა. სასწრაფოდ ჩამავლო ხელი, მოფარებულ ადგილას გამიყვანა და მითხრა: „ამწუთში მუშამბით გადახურული ფურგუნის მეპატრონეს, ერთ ხანშიშესულ კაცს შევხვდი, ვთხოვე, ძიაკაცო, დამათვალიერებინე შენი ჯაბახანა, ყიდვა მინდა-მეთქი. ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, არაო. ისეთი ფასი დავუსახელე, ადამიანი სამ ისეთ ფურგუნს რომ იყიდდა, მაგრამ ვერაფრით დავითანხმე – „არ ვყიდი, მორჩა და გათავდაო“. მაშინ შემოვუარე იმ ფუროგნს, ერთ ადგილას გახეულ მუშამბაში შევიჭყიტე და იარაღისთვის რომ იყენებენ ისეთი, ორი გრძელი მწავნედ შეღებილი ყუთი დავინახე. ბერიკაცმა შემნიშვნა და სულ კინწრისკვრით ისე გამომაგდო, წინააღმდეგობა არ გამიწევია. დარწმუნებული ვარ, თუ არის, იმ ყუთებში იქნება სტამბა, რომელსაც ვეძებთ“.
სწრაფად მივიღეთ გადაწყვეტილება: მილიციაში გავიქცეთ და სხვა რამდენიმე მილიციელთან ერთად მესამე სკოლისკენ გავიქეცით, რათა ფურგონი გაგვეჩხრიკა, ნივთმტკიცება ამოგვეღო და ბერიკაციც დაგვეკავებინა… საქმე არც ასე მარტივი აღმოჩნდა: მივუხლოვდით და ელდა გვეცა, ფურგონი ისევ იქ იდგა, მაგრამ შიგ არც ყუთები აღარ ეწყო და აღარც ბერიკაცი ჩანდა სადმე… სულ ტყუილად შემოვირბინეთ უბანი და მთელი ღამე ვეძებეთ, ვერ მივაგენით… მაგრამ „ხელი არ ჩაგვიქნევია“ დავიწყეთ იქ მყოფების გამოკითხვა. გაგვიმართლა და მივაგენით რამდენიმე ადამიანს, რომლებმაც დაინახეს ზურგზე მოგდებული ტვირთისგან წელში მოხრილი ორი მამაკაცი როგორ გადმოვიდა ფურგონიდან და „თავქუდმოგლეჯილები გარბოდნენ“. სხვებმა გვითხრეს მამა-შვილი გრიგოლი და ანდრეი გურევიჩები არიანო. ჩვენი ვარაუდით შვილი — „ძებნილი“ ანდრეი ზელენევი უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ გვქონდა პასუხი კითხვაზე, თუ რა ეწყო ყუთებში, რომელსაც ისინი მიარბენინებდნენ… მოკლედ, ძებნილის კვალი კი დავკარგეთ, მაგრამ გარეგნობის შესახებ ინფორმაცია მოვიპოვეთ და იმედი გვქონდა, რომ მალე ვიპოვიდით. თუმცა, შევცდით.
იმ დღიდან ერთ თვეზე მეტი დრო გავიდა, მაგრამ, თითქოს მიწამ ჩაყლაპაო „ოტებულების“ შესახებ ვერაფერი გავიგეთ. ვერც ჩვენმა ინფორმატორებმა გვიშველეს – ცნობები გურევიჩების შესახებ ვერ მოიპოვეს. დროის დაკარგვის გამო მე და შონიამ კომისრისგან საყვედური მივიღეთ, თუმცა ალბათ, ისიც ხვდებოდა, რომ ცდას არ ვაკლებდით.
ამასობაში „ფრონტის ხაზი“ მოგვიახლოვდა. სოხუმში კრიმინოგენული ვითარება უკიდურესად გართულდა. ისედაც თავზესაყრელი საქმე კიდევ მოგვემატა და მამა-შვილი თანდათან დაგვავიწყდა, რადგან მათ შესახებ არანაირი ცნობა არ მიგვიღია, ვვარაუდობდით, რომ აფხაზეთიდან წავიდნენ… და უცებ, ქალაქში პურის, შაქრის და სხვა სურსათის დიდი რაოდენობით ყალბი ტალონები ერთბაშად გამოჩნდა.
სახალხო კომისარმა გამოგვიძახა და განრისხებულმა შემოგვიტია: „ინტუიცია მკარნახობს, ეს ბარათები თქვენ რომ გაგისხლტათ იმათი ნახელავია! – რადაც უნდა დაგიჯდეთ, დამნაშავეები სასწრაფოდ იპოვეთო.
ევაკუირებულებისა და ადგილობრივი მკვდირებისგან უამრავი ყალბი ტალონი ამოვიღეთ. თავდაუზოგავმა შრომამ მხოლოდ ის შედეგი გამოიღო, რომ „გამსაღებლებს“ — ლენინგრადიდან დევნილთა ჯგუფს მივაგენით და დაუყოვნებლივ „ავიყვანეთ“. დაკითხვაზე აღიარეს, ბარათებს კვირაში ერთხელ, ნაცნობი მამა-შვილი ვასილევებისგან იაფად ვყიდულობთო. ბუნებრივია, ვივარაუდეთ, რომ ზელენევი, გურევიჩები, ვასილეევები ერთი და იგივე პირები უნდა ყოფილიყვნენ, რომლებსაც ლენინგრადელები ყოველ კვირა დღეს ე.წ. სოხუმის საკოლმეურნეო ბაზარში ხვდებოდნენ.
დაკავების ოპერაციაც იქ დავგეგმეთ.
სათანადოდ „დამუშავებულმა“ ლენინგრადელებმა გვაცნობეს, რომ შეხვედრა დღის 2 საათზე ჰქონდათ დანიშნული. მომცრო შენობასთან, სადაც მამა-შვილი უნდა მოსულიყო, სხვადასხვა ადგილას 6 მილიციელი დილიდანვე განვლაგდით და პოზიციები“ დავიკავეთ და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საქმით დავკავდით. მათ შორის ერთი სიმინდს ყიდდა, მეორე – ვაშლს, მე რაღაც ძონძები მეჭირა ხელში და შიგადაშიგ გამვლელებს ვთავაზობდი: სულ ერთი წლის ნახმარია, იაფად ვყიდი, აიღეთ-მეთქი… და დათქმული დროის დადგომას ველოდით…
ორს ათი წუთი აკლდა, როცა სამივე ლენინგრადელი იქვე აიტუზა. შეთანხმებული ვიყავით, „მყიდველებს“ მამა-შვილთან საუბარი ისე უნდა წარემართათ, თითქოს, არაფერი ხდებოდა… დანარჩენი მათი საქმე არ იყო… გახდა ორი საათი, სამის ათი წუთი, სამის ნახევარი…
ძებნილები არსად ჩანან. ლენინგრადელები ადგილზე ცმუკავენ, ნერვიულობა აშკარად ეტყობათ. ფიქრობდნენ, ალბათ, ვასილიევები თუ არ გამოჩნდნენ, ჩეკისტები ცემით სულს ამოგვხდიანო.
ოპერაციის ხელმძღვანელი თავად გახლდით და გადავწყვიტე, ძებნილებს სამ საათამდე დავლოდებოდით. იმის გაფიქრებაც კი არ მინდოდა, რომ მამა-შვილს რაღაც მიზეზის გამო, ხაფანგში ვერც ამჯერად გავაბამდით. მაგრამ გავმხნევდი, ბიჭებს თვალით ვანიშნე, ყველაფერი რიგზეა-მეთქი და „ძონძებით ვაჭრობა“ განვაგრძე. ვხედავ, თვალებზე ქუდჩამოფხატული ვიღაც კაცი მომიახლოვდა და ჩემი საქონლის თვალიერება დაიწყო. ახლა ამისთვის სად მეცალა. გავიფიქრე, ნეტავ არ სცხელა, რა ეძონძება-მეთქი? თვალები ლენინგრადელებისკენ მეჭირა და იმდენად გაფაციცებული ვიყავი, ვერ მივხვდი, რომ მასაც იქით გაურბოდა მზერა… რა დროს ეგაა, საცაა „ისინი“ — მამა-შვილი უნდა გამოჩნდნენ, გავიფიქრე და… ახლაღა შევნიშნე, რომ ჩემ „კლიენტს“ მახლობლად მდგარი ლენინგრადელებიკენ დაებრიცა თვალები და კეპისქვეშიდან აშკარად უთვალთვალებდა. თავში გამკრა, „ეს ხომ არ არის. გარეგნული აღწერილობა და ასაკი თითქოს ემთხვევა-მეთქი და იცოცხლეთ, დავტრიალდი… მაღალკეპიანი, ვითომ ჭინჭებს რომ არჩევდა, სინამდვილეში კი თვალს არ აცილებდა ჩვენს „სატყუარა“ – ლენინგრადელთა ჯგუფს. გულში გავივლე: ვეცე და დავაკავო და ის რომ არ აღმოჩნდეს? ერთი წინდაუხედავი ნაბიჯი და შესაძლებელია ნამდვილი დამნაშავეები დავაფრთხო და ოპერაცია ჩავშალო… ვერ გავრისკე… საუბედუროდ, ლენინგრადელებიც ზურგით იდგნენ და ვერ ხედავდნენ, თორემ მათი რეაქციით შევიტყობდი, ის იყო თუ არა… თითქოს ჩემი აზრი გამოიცნოო, ერთ-ერთი მათგანი შემობრუნდა, ჩემს წინ მდგომს დააშტერდა და მანიშნა, ესააო, რაც არც „მას“ გამოპარვია და ელვისებურად შეტრიალდა, დახლებს შორის ოსტატურად გაძვრა-გამოძვრა, რევოლვერიდან ჰაერში გაისროლა და თვალსა და ხელშუა გამისხლტა, ხალხში გაუჩინარდა… მივხვდი, რომ კვლავ დავაგვიანე, რადგან მარჯვენა ხელი ძონძებში გამეხლართა და სანამ ნაგანს მოვიმარჯვებდი, დამასწრო… ჩემმა ოპერატიული ჯგუფის წევრებმა დააფიქსირეს რაც მოხდა, მაგრამ უკვე გვიან იყო, ბოროტმოქმედს სულ ამაოდ გამოვუდექით. გაგვექცა. შევრცხვით.
ბაზარში წარმოუდგენელი აყალმაყალი ატყდა. არცერთ ჩვენთაგანს არ გვეგონა, თუ ასეთ გამოცდილ და ფრთხილ მოწინააღმდეგესთან გვექნებოდა საქმე. დამარცხებულები და დარცხვენილები განყოფილებაში „პირშიჩალაგმოვლებული“ და თავჩაქინდრულები დავბუნდით…
შემდეგ რა არ ვიღონეთ, მაგრამ ბოროტმოქმედთა კვალზე ვერაფრით ვერ დავდექით, არადა, ყალბი ტალონები ქალაქის ხან ერთ, ხან მეორე უბანში გამოჩნდებოდა.
დრო უმოწყალოდ გარბოდა. თუ ასე გაგრძელდებოდა, აშკარა ხდებოდა, „შენიშვნას“ არ გვაკმარებდნენ, იქნებ, დავეპატიმრებინეთ კიდეც, შეიძლება „სამშობლოს ღალატიც“ მოეკერებინათ, მაგრამ იმის იმედი გვქონდა, რომ განყოფილება მილიციელების ნაკლებობას განიცდიდა, რაც მთავარია, ჩვენი „შეცდომა“ შეგნებული არ ყოფილა და მის გამოსასწორებლად როგორც შეგვეძლო თავგანწირულად ვიბრძოდით…
და აი, აგვისტოს დასაწყისში რუსეთის სხვადასხვა ქალაქიდან დაჭრილი მილიციელები ჩამოიყვანეს. შევიტყვე, რომ ერთ-ერთი მათგანი სევასტოპოლიდან იყო. ჩემი სამსახურებრივი ულუფა – შავი პური, შაქრის ნატეხები და ჩაი – სუფთა ნაჭერში გავახვიე და რუს კოლეგას ჰოსპიტალში მივაკითხე. ერთმანეთი გავიცანით. დაჭრილი ნიკიფოროვი მილიციის კაპიტანი აღმოჩნდა, მითხრა, რომ სევასტოპოლში მომრავლებულ ყაჩაღებს დასდევდა თურმე, ბანდიტის ტყვიით მხარში დაჭრილა და სამკურნალოდ აქ ჩამოუყვანიათ… ოპერატიულ მუშაობაზე აზრები გავცვალეთ. შემდეგ ჩვენს მიერ „მოუხელთებელ“ მამა-შვილზე ჩამოვუგდე ლაპარაკი. მითხრა, ორივეს ძალიან კარგად ვიცნობ — ანდრეი და გრიგორი ბელოვები არიან. უფროსი ბელოვი მეტსახელად „ბელი“ საბჭოთა კავშირის დამნაშავეთა სამყაროში კარგად არის ცნობილი. პირველი „სროკი“ ჯიბგირობისთვის ჯერ კიდევ მეფის დროს აქვს მოიხდილი. შემდეგ თაღლითობისთვის, ძირითადად, ყალბი დოკუმენტების დამზადებისთვის კიდევ ორჯერ აქვს არის გასამართლებული, მაგრამ ჭკუა მაინც ვერ ისწავლა. შვილიც არაფერში უდებს ტოლს. საერთოდ კი, უნდა ვაღიარო, რომ ორივე ნამდვილი ხელოვანია, თითქმის „ჯადოქარი“. თავისივე ხელით დამზადებული ხელსაწყოებით ისეთ ყალბ საბუთებს ამზადებენ, ნამდვილისგან სპეციალისტებიც ვერ არჩევენ… თან ისეთი ფრთხილები არიან, ორჯერ სრულიად წარმოუდგენელი ოსტატურად დაგვისხლტნენ ხელიდან: ერთხელ მათ ბუნაგს მივაგენი. მართალია, თავად ხელიდან გაგვიძვრნენ, მაგრამ სამაგიეროდ, მცირე ზომის სტამბა და სხვა საბეჭდი ისეთი ხელსაწყოები ჩავიგდე ხელში, რომელთა დანახვაზე მილიციაში ყველამ პირი დააღო – ეს იყო საუცხოო ნამუშევრები, რომლის მსგავსი თავად სახელმწიფოს არ ჰქონდა. დღემდე ვერ გამიგია, ციხეში ნათრევმა, გაუნათლებლებმა, როგორ შეძლეს ასეთი რთული, დახვეწილი კონსტრუქციის შექმნა. ბელოვების შესახებ მეორეჯერ ომის დაწყებამდე ორი კვირით ადრე შემოვიდა ინფორმაცია, მამა-შვილი პროდუქტის ტალონების დასაბეჭდ დაზგას ამზადებენო. ხუტორს, სადაც ისინი გვეგულებოდა, ალყა შემოვარტყით, მაგრამ წარმატებას ამჯერადაც ვერ მივაღწიეთ. ჩვენს მისვლამდე რამდენიმე საათით ადრე აპარატთან ერთად დაეტოვებინათ ბუნაგი და ისევ ხელმოცარულები დაგვტოვესო. – სინანულით დაამთავრა საუბარი მილიციის მაიორმა ნიკიფოროვმა.
მადლობა გადავუხადე, კიდევ გინახულებ-მეთქი შევპირდი და განყოფილებაში დავბრუნდი. მეორე დღეს შონიასთან ერთად ძიების გაგრძელებას ვაპირებდი, მაგრამ მოვლენები მოულოდნელად შეიცვალა და დამნაშავეთა დაკავებისთვის უკვე ვეღარ მოვიცალეთ.
1942 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში გერმანელთა პირველი სამთო-მსროლელი დივიზიები შეტევაზე გადმოვიდნენ და ქლუხორის უღელტეხილს მოადგნენ. 23 აგვისტოს მდგომარეობა უფრო დამძიმდა. მტერმა აფხაზეთის მაღალმთიან სოფლებში დესანტი ჩამოსხა. აფხაზეთის სახალხო კომისრის ბრძანებისამებრ, სოხუმის მილიციის თითქმის მთელი პირადი შემადგენლობა სოფელ ფსხუს მიმართულებით გაგვაგზავნეს. თავდაუზოგავი ბრძოლები ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდა და მხოლოდ შინსახკომის განსაკუთრებული რაზმების დახმარებით მოხერხდა კარგად მომზადებული დივერსანტი პარაშუტისტების განადგურება. ამ მთებში ბრძოლისას ჩვენი ძალიან ბევრ თანამებრძოლს შორის, სამწუხაროდ, ჩემი მეგობარი ვანო შონიაც დაიღუპა და იქვე მივაბარეთ მიწას… ომი ჯერ კიდევ გრძელდებოდა, ახალი წელი ახლოვდებოდა, როცა აფხაზეთის კომისრის ბრძანება მოვიდა: 15 მილიციელი სასწრაფოდ მოავლინეთ სოხუმშიო. დაუყოვნებლივ შევარჩიე ბიჭები. ქალაქში თურმე, სრული განუკითხაობა სუფევდა. სამართალდამცავთა ნაკლებობამ და ჯაშუშების თუ „პანიკიორების“ მოქმედებამ არნახული არეულობა გამოიწვია.
ცხენებზე ამხედრებულები სოხუმისკენ მოვიჩქაროდით. გზაზე დაგვაღამდა და დაქანცულებმა მდინარის პირას რამდენიმე საათით დასვენება გადავწყვიტეთ. განგებამ ინება, „ძველი ნაცნობი“ მამა-შვილი ბელოვები იმ ღამით პირველად და უკანასკნელად მენახა.
ცეცხლი დავანთეთ და რიგრიგობით ვამატებდით ფიჩხებს… ის იყო ჩავთვლიმე, რომ გუშაგმა გამაღვიძა – ადგილობრივი მწყემსი მოვიდა და რაზმის მეთაურის ნახვას ითხოვსო. სასწრაფოდ შევხვდი. ხანში შესული აფხაზი იყო. ადგილობრივები გაფრთხილებულები იყვნენ, ყოველი საეჭვო სიტუაციის შესახებ დაუყოვნებლივ მოეწოდებინათ ინფორმაცია. მეუბნება, სამი დღეა ამ ტერიტორიაზე ორი უცნობი მამაკაცი დაძრწის. გუშინ ცხვარი წამართვეს და დამემუქრნენ, ჩვენს შესახებ კრინტი არ დაძრათ, თორემ მოგკლავთო. ერთს ავტომატი აქვს, მეორეს — „მაუზერი“. მდინარის გადაღმა მთა რომ მოჩანს, იქ იმალებიან. ნამდვილად „შპიონები“ არიან. მითხრა და მოშორებული ადგილისკენ გაიშვირა თითი.
ოთხი მებრძოლი სასწრაფოდ გავაღვიძე. გუშაგს დავუბარე, ცეცხლი ისე გაეჩაღებინათ კოცონს არ დამსგავსებოდა და ყურადღება არ მიექცია. ხოლო დილას, გათენებამდე თუ არ დავბრუნდით, სოხუმში უჩვენოდ წადით, დაგეწევით-მეთქი.
ცხენებს მოვახტით, ადგილობრივი მწყემსი ვიახლეთ და სიფრთხილით მითითებული ადგილისკენ დავიძარით. ერთ ადგილას მეგზურმა გვირჩია, სჯობს ცხენები აქ დავტოვოთ და გზას ფეხით გავუყვეთ, თორემ უკვე ისე ახლოს არიან, ფლოქვების ხმას გაიგონებენ დ მიიმალებიანო. ასეც მოვიქეცით. ჩამოვქვეითდით, ცხენები დავაბით, იარაღი მოვიმარჯვეთ და აღმართს შევუყევით. ღამის სიბნელეში კოცონი შევნიშნეთ. მწყემსმა ხელი იქით გაიშვირა, ნამდვილად ის „შპიონები“ არიან, მაგრამ მე წინ ვეღარ წამოვალ, იარაღი არ მაქვსო და ჩამოგვრჩა.
„ოპერაცია“ იქვე დავგეგმე: ორ-ორი მებრძოლი ფალანგებზე გავგზავნე, თავად კი პირდაპირ წავედი. მალე ცეცხლის შუქზე ორი ადამიანის სილუეტი შევნიშნე. ერთს თავი მუხლებში ჰქონდა ჩარგული, ალბათ, ეძინა. მეორე კოცონს მალიმალ ფიჩხს აყრიდა. სანამ ბიჭები შემოუვლიდნენ და ალყაში მოაქცევდნენ, დრო იყო საჭირო დაახლოებით 50 ნაბიჯზე მივუახლოვდი და ბალახში ჩავწექი. ათიოდე წუთი გაუნძრევლად ვიწექი, მერე ცოცვით კიდევ უფრო ახლოს მივედი და ეგრევე დაწოლილმა შევძახე: „არ გაინძრეთ, ალყაში ხართ. დაყარეთ იარაღი და დაგვნებდით!“ და ბიჭებმა ჰაერში სროლით მიპასუხეს… მძინარემ თავი აწია. მისი სახე კარგად გავარჩიე. მოხუცი კაცი იყო, ჭაღარა. მეორეს რომ დავაკვირდი, ელდა მეცა – ის იყო, ბაზარში რომ გამექცა!
ორივემ წამში დააძრო იარაღი და ჩემი მიმართულებით ატეხეს სროლა. ტყვიებმა სულ ახლოს ჩამიწივლა, მაგრამ ყველა ამცდა. იქვე დიდი ლოდი ეგდო, წამოვდექი და იმას ამოვეფარე. უმისამართო სროლას განაგრძობდნენ. მოწინააღმდეგეები კოცონის შუქზე დაღლილი მილიციელებისთვის კარგი სამიზნე იყვნენ… რამდენიმე წამში ყველაფერი დასრულდა… ტყვიით განგიმულები გავჩხრიკეთ. ორივეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა დავათვალიერეთ, საბუთების მიხედვით მამა-შვილი ბელოვები იყვნენ…
ეს მოგონება მაშინ არის ჩაწერილი, როცა უშანგი ვეკუა 80 წლის იყო და ნანობდა, მამა-შვილი იმ ახალი წლის ღამეს არ უნდა გაგვემეტებინა, ტყვიების ულევი მარაგი ხომ არ ექნებოდათ, იმ ღამით ჩვენ რომ ასე გადაღლილები არ ვყოფილიყავით, დაველოდებოდით ტყვიები როდის გამოელეოდათ და სროლას შეწყვეტდნენ და უთუოდ ცოცხლად ავიყვანდით. მართალია, ყალბი საბუთების დამზადებისთვის მაშინ დახვრეტას უსჯიდნენ, მაგრამ ისინი აუცილებლად გადარჩებოდნენ, რადგან მათი მართლაც უნიკალური ნიჭი გამოსადეგი იყო: მათ მიერ შექმნილი აპარატი – მინისტამბა, რომელიც იქვე ტყეში გადამალული ვიპოვეთ და თან წამოვიღეთ.
დაგვაჯილდევეს, ხოლო ამ დანადგარზეპროდუქტების სახელმწიფო ოფიცალური ბარათები დაბეჭდეს.
მოგვიანებით მისი ანალოგების დასამზადებლად გამოიყენეს. მსგავსი სრულყოფილი სხვა სტამბა ჯერ, საბჭოთა კავშირში არ არსებობდა.

ქეთევან ჩემია

Loading…

მსგავსი პოსტები

კალას სკოლის დღიურები

აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ჩვენი უპირობო არჩევანი დიპლომატიაა

Joni Kvaracxelia

COVID-19 — სასჯელი დედამიწაზე ძალადობისთვის, თუ დედამიწის მოთხოვნა შემდგომი გამოწვევებისთვის — გავიძლიეროთ იმუნიტეტი!

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი