სროლა რუსეთში, ირკუტსკის ოლქის უსტ-ილიმსკის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისში მოხდა. თავდასხმის შედეგად დაიჭრა გამგეობის უფროსი.
ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
აღსანიშნავია, რომ შემთხვევა 26 სექტემბერს მოხდა. 25 წლის მამაკაცმა ირკუტსკის ოლქში სამხედრო მოსამსახურეებს ცეცხლი გაუხსნა. შემთხვევის შედეგად დაიჭრა გამწვევი გამგეობის უფროსი.
დაზარალებული სასწრაფო დახმარების მანქანაში გადაიყვანეს. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის გარდაიცვალა, თუმცა მოგვიანებით ეს ინფორმაცია უარყვეს. მსროლელის სამიზნე იყო სამხედრო კომისარი ალექსანდრე ელისეევი. მას ექვსი ტყვია ესროლეს. ის რეანიმაციაში კრიტიკულ მდგომარეობაშია.
მსროლელი უკვე დაკავებულია. აღმოჩნდა, რომ ეს იყო 1997 წელს დაბადებული რუსლან ზინინი. წინასწარი მონაცემებით, მამაკაცი უმუშევარია და მისი მობილიზება იგეგმებოდა.
თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ სროლის წინ ზინინმა თქვა: «ახლა ჩვენ ყველანი სახლში წავალთ».
25 წლის რუსლან ზინინის დედამ კი განაცხადა, რომ ბიჭს «ძალიან აწუხებდა გაწვევის ცნობა, რომელიც მის საუკეთესო მეგობარს მოუვიდა», რომელსაც ჯარში არც უმსახურია.
„ამ ბოლო დროს რუსლანი ბებიასთან ცხოვრობდა, დილით მან უთხრა, რომ მოხალისედ წავიდა გაწვევის საბჭოში, მერე ვერ მივაღწიეთ და მერე ვნახეთ ეს ამბავი. თავად რუსლანს გამოძახება არ მიუღია, მაგრამ გუშინ ეს მის საუკეთესო მეგობარს მოუვიდა. რუსლანს ეს ფაქტი ძალიან ეწყინა, რადგან მისი მეგობარს ჯარში არ უმსახურია. მათ თქვეს, რომ ნაწილობრივი მობილიზაცია იქნებაო, მაგრამ თურმე ყველას იწვევენ“, — განაცხადა მარინა ზინინამ.