გამოძიებით დადგენილი ფაქტებიდან ( მითითებულია ბროშურიდან საქართველოს გენერალური პროკურატურისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის დასკვნა ,,აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქართველი მოსახლეობის გენოციდისა ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ გარემოებათა შესახებ“ 1999 წ.):
,,სოფელ ჭლოუს მცხოვრებმა გურამ ჯოპუამ ავტომატიდან გასროლით დახვრიტა ქართველი ეროვნების 7 ტყვარჩელელი მშვიდობიანი მოქალაქე“.
გენერალ-მაიორ ნიკოლაი მატვეევის პატაკი, 24.05.1993
. . .
1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმში აწამეს და დახვრიტეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, მთავრობის სხვა წევრები, სოხუმის მერი გურამ გაბისკირია, პოლიციის უფროსი რაფავა, გაგრის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე მიხეილ ჯინჭარაძე.
. . .
დახოცეს 10-ზე მეტი ხელოვნების სფეროს წარმომადგენელი. წამებით მოკლეს 37 წლის ნატო მილორავა — გუმისთის კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელი, სოხუმის თეატრის მსახიობები ვასილ ჩხეიძე, თეიმურაზ ჟვანია, გურამ გელოვანი, სოხუმის კულტურისა და დასვენების პარკის დირექტორი იური დავითაია.
. . .
მოკლეს 30-ზე მეტი მედიცინის მუშაკი. მათ შორის ვერა ყოლბაია, თინა წოწორია, ნინო შონია, არიადნა შელია, ოლია ტყებუჩავა, მზია ბესელია, ზელიმხან დანელია, გია სიჭინავა, რაზმიკ ისპექჩიანი, გიორგი ბარკალაია, შალვა გვაზავა. გულრიფშის რაიონში ტუბსაავადმყოფოს ეზოში ახლობლების თვალწინ დახვრიტეს მისი მთავარი ექიმი შოთა ჯღამაძე, ასევე გაუსწორდნენ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმს პეტრე სიჭინავას.
. . .
დახვრიტეს 200-ზე მეტი პედაგოგი, აქედან 60-ზე მეტი ქალი. მათ შორის: ვენერა სიგუა, იულია გოგოხია-ჭითანავა, ცაცა ძანძავა, ეკა ფილფანი, ლია აქუბარდია, ძაბული ფაჩულია, გულნარა ჩალაძე და სხვები. აწამეს და შემდეგ მოკლეს სუბტროპიკული ინსტიტუტის კათედრის გამგე იური ნარაკიძე, ამავე ინსტიტუტის დოცენტი კარლო ჩხენკელი, სოხუმის მთავარი არქიტექტორი თამაზ თავაძე.
. . .
ომის დაწყების პირველ დღეებში ეშერიდან, ლიხნიდან, არადუდან, ახალსოფლიდან გააძევეს 5000 კაცი, 70 წლის ინდიკო გრძელიძეს საჯაროდ ამოაჭრეს გული, ხალხის თვალწინ ცულით დაჩეხეს ელგუჯა მაისურაძე, ხოლო 65 წლის ნიკოლოზ ქვაბზინაძე ტრაქტორს გამობმული ათრიეს და წამებით ამოხადეს სული.
. . .
თვითმხილველთა ჩვენებით 5 ოქტომბერს დაბა ლესელიძეში აწამეს და ელექტრობოძებზე ჩამოახრჩვეს 50-მდე ქართველი.
. . .
ოჯახის წევრების თვალწინ მოკლეს ომარ ბჟალავა, ქალიშვილის თვალწინ ვლადიმერ ბენიძე, მამის თვალწინ გია ღლონტი.
. . .
65 წლის პედაგოგი ვასილ სამხარაძე ქუჩაში შეიპყრეს და საჯაროდ მოჰკვეთეს თავი, ჭირისუფლებს უფლება არ მისცეს დაემარხათ იგი. უპატრონოდ დაგდებული მიცვალებული ღორებმა და ძაღლებმა შებილწეს. გიორგი ფიფიას ჯერ ყურები, შემდეგ ცხვირი მოაჭრეს, საბოლოოდ სიცოცხლეს გამოასალმეს.
. . .
,, თვალწინ მომიკლეს ბიძაშვილი ცეზარ ქველიძე. მას ჯერ ცხვირი მოაჭრეს, შემდეგ ყური და ერთი ფეხი მუხლს ქვემოთ, მერე დახვრიტეს“ (თინა ბარკალაიას ჩვენებიდან).
. . .
გაგრის საკურორტო სამმართველოს უფროსს ალექსანდრე ბარამიას ოჯახზე თავდასხმისას ,,ბოევიკებმა“ ჯერ გააუპატიურეს მისი ქალიშვილი ცისია და შემდეგ თავი მოკვეთეს. მეუღლესაც თავი მოკვეთეს წამების შემდეგ. ბოლოს კი ალექსანდრე ბარამია და მასთან სტუმრად მყოფი შალვა გვაზავა და ბორის კუციაც დახვრიტეს.
. . .
ბზიფელი გივი კიკნაძე და მისი 12 წლის ქალიშვილი თამუნა მარტო იმიტომ დახვრიტეს, რომ უარი თქვეს მშობლიური სოფლიდან წასვლაზე.
. . .
მოპოვებულია ცნობები 1992 წლის ოქტომბერში გაგრის ოკუპაციის შემდეგ ქალაქის სტადიონზე და მასობრივი შეკრების სხვა ადგილებში ქართველების ჯგუფური დახვრეტის შესახებ.
. . .
«ნუგზარ გულორდავასთან ერთად წამიყვანეს გუდაუთაში სადაც დამკითხა ალექსანდრე ანქვაბმა, რის შემდეგ გაგრაში დამაბრუნეს, ქუჩებიდან ამაკრეფინეს 48 დახოცილი ქართველის გვამი და ჩამაყრევინეს დიდ ორმოში, ყველაფერს ხელმძღვანელობდა ბზიფის მილიციის უფროსი სტანისლავ აგრბა» (კონსტანტინე სიჭინავას ჩვენებიდან) .
. . .
,,სხვებთან ერთად 7 ოქტომბერს ქუჩებიდან აგვაკრეფინეს ქართველთა გვამები, რომლებითაც 4 სატვირთო ავტომანქანა «კამაზი» დავტვირთეთ. სულ იქნებოდა 250 ადამიანის გვამი. ისინი დიდ თხრილში დავმარხეთ“ (თამაზ ჯაფარიძის ჩვენებიდან).
. . .
,,გაგრაში 30-მდე მილიციელი იქნა დახვრეტილი, მშვიდობიანი მოსახლება შერეკეს სტადიონზე და იქ მასიურად დახვრიტეს (ნანა ჩალაძის ჩვენებიდან)
. . .
სოფელ ძველ კინდღთან კაზაკებმა დახვრიტეს 72 მშვიდობიანი მოქალაქე. სოფელ განახლებაში დახვრიტეს 48 ქართველი. სოხუმის დასასვენებელ პარკ «კურჩენკოში» დაიხვრიტა 400-ზე მეტი ქართველი.
. . .
გაგრის აღების მეორე დღეს დაიწყო მასობრივი ხოცვა. არ დაინდეს ორსული ქალებიც კი, მათ მუცელს უფატრავდნენ, ამოღებულ ნაყოფს ფეხით თელავდნენ (ოთარ გობეჯიშვილის ჩვენებიდან).
. . .
,,საავადმყოფოში მიიტანეს შუაზე ხერხით გადაჭრილი ქართველი გოგონას გვამი წერილით: «როგორც ამ გოგონას სხეულის ვერ გააერთიანებთ, ისე ვერ გააერთიანებთ საქართველოს და აფხაზეთს»“ (გაგრის საავადმყოფოს ექთნის ლალი მასხარაშვილის ჩვენებიდან).
. . .
,,1992 წლის სექტემბრის ბოლოს მეზობლად მცხოვრები ოთარ არღვლიანის სახლიდან გაიყვანეს და დახვრიტეს მარგარიტა ხვისტანი, ჭიჭი ჩოჩქიანი,ძაძუ ჩოჩქიანი, ამირან ქალდანი და გივი კიკვიძე, რომელიც ტყვიის ჯერით შუაზე გადაჭრეს. 1994 წლის 15 იანვარს მოკლეს ჩემი და ნაზიკო გულბანი, იმავე ღამეს საკუთარ სახლში ჩაწვეს ცოლ-ქმარი ოთარ და ეთერ ხვისტანები, წამებით მოკლეს და მერე დაწვეს ჩემი შვილი გიორგი გულბანი“ (იონა გულბანის ჩვენებიდან).
. . .
«1992 წლის სექტემბრის ბოლოს გაგრის რაიონის სოფ. ლიძავაში 8-კაციანმა შეიარაღებულმა ჯგუფმა სახლიდან გაიყვანა ჩემი მეუღლე, რომელიც ჩემს თვალწინ დახვრიტეს. მე მოვასწარი დამალვა, მათ იმავე დღეს დახვრიტეს ცოლ-ქმარი პეტრე და ციალა რაზმაძეები, მიტუშა ბენდიაშვილი, ცოლ-ქმარი 80-90 წლის ლადო და ჯავარა ბენდიაშვილები, ასევე ჩვენი სოფლის მკვიდრი 37 წლის დათო მამასახლისი. ამირან კოსაძის მეუღლე ჯერ გავარვარებულ ღუმელზე დასვეს, შემდეგ მოაჭრეს მკერდი, დასთხარეს თვალები, მერე სიცოცხლეს გამოასალმეს (ნათელა იაშვილის ჩვენებიდან).
. . .
1992 წლის 18 ოქტომბერს ქ.გაგრაში შეიარაღებული ჯგუფის წევრმა ავტომატიდან გასროლით მოკლა ჩემი ძმა 33 წლის გიორგი ხურცილავა და მეუღლე 30 წლის ლიანა კვარაცხელია“ (გია ხურცილავას ჩვენებიდან);
. . .
1992 წლის 5 ოქტომბერს ბოევიკებმა საკუთარ სახლში, სოფ. კოლხიდაში მამაჩემს ჯერ ცალი ხელი მოაჭრეს, შემდეგ წამებით მოკლეს. მისი საცხოვრებელი სახლი კი დაწვეს (ხათუნა მეტრეველის ჩვენებიდან);
. . .
,,ჩემი შვილი მიხეილ ძიძიგური ხელ-ფეხშეკრული წაიყვანა სახლიდან იური წვიჟბას ჯგუფმა. იგი ტბის პირას იპოვეს, სხეული დაცხრილული ჰქონდა, ხელ-ფეხი გადამტვრეული, ნაწლავები და სხვა შინაგანი ორგანოები გარეთ ჰქონდა გადმოყრილი, თვალები უპეებიდან ამოვარდნილი“ (სვეტლანა ძიძიგურის ჩვენებიდან).
. . .
,,გაგრის დაცემის მესამე დღეს მოკლეს ჩემი მეუღლე ვლადიმერ ხვინგია. ის სხვა მეზობლებთა ერთად ჩააგდეს ცეცხლმოკიდებულ სახლში და დაწვეს“ (ლილი ხვინგიას ჩვენებიდან)
. . .
რუსეთის საჰაერო ძალების დაბომბვის შედეგად სოხუმში დაიღუპა 315 მშვიდობიანი მოქალაქე, მთლიანად ან ნაწილობრი დაინგრა 500-ზე მეტი სახლი, 43 სამეურნეო დანიშნულების შენობა, 12 სამედიცინო და 17 კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულება;
. . .
1993 წლის 21 სექტემბერს კატარღიდან გასროლით ჩამოგდებულ იქნა ქ.სოჭიდან სოხუმში მომავალი ,,იაკ-40“ ტიპის თვითმფრინავი, დაიღუპა 22 მგზავრი და 6-კაციანი ეკიპაჟი, მათ შორის 17 ქალი, 10 მამაკაცი და 1 წლის ბავშვი.
. . .
1993 წლის 22 სექტემბერს ჩამოგდებულ იქნა ,,ტუ-154“ ტიპის სამოქალაქო თვითმფრინავი მარშრუტით თბილისი-სოხუმი, რომელიც დაეცა აეროპორტის ტერიტორიაზე 107 მგზავრით, რომელთაგან დაიღუპა 93, სასწაულებრივად გადარჩა 9 მგზავრი და 5-კაციანი ეკიპაჟი.
. . .
,,სოხუმში, კომკავშირის ქუჩის #22-ში მცხოვრებ ავთანდილ დავითაიას ჯერ სახლი დაუწვეს, შემდეგ წამებით მოკლეს, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს ოთარ ბერაია და მისი ოჯახის 5 წევრი, წამებით მოკლეს მიშა გახარია, ამირან კვარაცხელია, ვლადიმერ კალანდია და მისი მეუღლე, ჟორა და ბოჩია კალანდიები. . .“ (ეთერ ბერულავას ჩვენებიდან).
. . .
1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაპყრობის შემდეგ თავს დაგვესხნენ ბოევიკები. ამ დროს ჩემი ქმარი მურმან თოდუა და შვილი ზურაბი მეზობლებთან და პოლიციელებთან ერთად დამალული იყვნენ საცხოვრებელი სახლის შენობაში, ისინი იპოვნეს და შვიდი კაცი სადისტურად დახვრიტეს. მეზობლების დახმარებით მალულად გავთხარე საფლავი და დახოცილი ქმარ-შვილი, სხვებთან ერთად, მარტომ დავასაფლავე“ (როზა გაბედავას ჩვენებიდან);
. . .
სადისტური წამების შემდეგ დახვრიტეს სოხუმელი ცოლ-ქმარი ვაჟა და ლამარა რუხაიები, მშობლების თვალწინ ახლომხედველი და დაბადებით ინვალიდი-მიშა კვანტალიანი, შვილების თვალწინ დები — ნათელა და ნელი ყოლბაიები, 80 წლის დავით ბერულავა და მისი შვილობილი ივანე ტიურინი.
. . .
სოხუმში მეთორმეტე საშუალო სკოლასთან, ლუდხანის წინ მთვრალი «ბოევიკები» ქართველთა მოკვეთილ თავებს დემონსტრაციულად ფეხით აბურთავებდნენ და ხორხოცობდნენ.
. . .
საკუთარ ბინაში დაცხრილეს როინ შუბლაძე და გურამ კვაშილავა, მერე კი ორთავეს მკლავებზე და ფეხებზე ხორცი მოჰკვეთეს და იატაკზე დაყარეს — თუ აფხაზეთს არ დატოვებთ, ყველა ქართველს ეს დღე მოგელითო, — უპასუხეს შუბლაძის მეუღლეს.
. . .
,,ჩემს მეზობლად მცხოვრები ფხაკაძეების ოჯახი მთლიანად ამოწყვიტეს, გვამებს თავები მოჰკვეთეს, სახალხოდ ჩამოაცვეს ბოძებზე და ცეცხლი წაუკიდეს“ (სოხუმელი ლილი ზოიძის ჩვენებიდან).
. . .
სოხუმის დაცემის შემდეგ, ჩემი მეუღლე 1928 წელს დაბადებული ირაკლი გამისონია დარჩა სოხუმში. 14 ოქტომბერს მასთან მივიდნენ ,,ბოევიკები“ ვალერი სმირი და ვინმე დოპუა და ი. გამისონია წაიყვანეს სახლიდან. ცხედარი იპოვეს ბაგრატიონის ქუჩაზე ასასვლელი ხიდის ქვეშ (ლუბა გამისონიას ჩვენებიდან).
. . .
1993 წლის 26 სექტემბერს ჩემი დედა ნათელა ხოფერია,მეზობლები:ლამზირა გაბრავა, ზინა ქარაია და სხვა 6 დახვრიტეს ,,ბოევიკებმა“ შემდეგ კი შეყარეს ზინა ქარაიას სახლში, ცეცხლი წაუკიდეს და დაწვეს“ (ეკატერინე გაბრავას ჩვენებიდან)
. . .
1993 წლის 27 სექტემბერს ქ.სოხუმში, ტიტოვის ქუჩაძე დილის საათებში ჩემი სიმამრი ალექსი ჯაბუას სახლში აღმოვაჩინე მისი გვამი, რომელსაც დანით მიყენებული ჰქონდა 7 ჭრილობა. მე დავიწყე მიცვალებულისათვის სასახლის დამზადება. ამ დროს გარედან შემომესმა ავტომატის ჯერის ხმა, დავინახე 7 ,,ბოევიკი“, როცა ისინი წავიდნენ, გავედი გარეთ და შევნიშნე ავტომატით დაცხრილული ჩემი მეზობლები: ძმები გიორგი და გურამ ზაქრაძეები, იქვე ახლოს ეგდო 15 ჭრილობით გურამ ლომია, გამონაჟონ სისხლს კი კატა ლოკავდა, გვამები სამი დღე-ღამე ეყარა ქუჩაში, შემდეგ სიკვდილის მუქარით დაგვატვირთვინეს კამაზის ტიპის ავტომანქანაში და წაიღეს გაურკვეველი მიმართულებით» (ვალიკო ძიგუას ჩვენებიდან).
. . .
1993 წლის 19 ოქტომბერს წამებით მოკლეს სამამულო ომის ვეტერანი, ინვალიდი, აფხაზეთის დამსახურებული პედაგოგი და ინჟინერი 1911 წელს დაბადებული პარმენ რაფავა. ამ უკანასკნელის შვილს რაულ რაფავას ტანი ჯერ დანით დაუსერეს, შემდეგ ავტომატით დაცხრილეს, ბოლოს კი თავი მოაჭრეს. თავი მეზობლებმა ცალკე იპოვეს ყანაში. შვილის წამებას ძალით დაასწრეს დედა ვალენტინა რაფავა, რომლის ცხედარი გაუპატიურების ნიშნებით ვიპოვეთ მეორე სართულზე (ლამარა ცხაკაიას ჩვენებიდან).
. . .
«ომის დამთავრების შემდეგ აფხაზეთის შს სამინისტროს შენობაში აღმოვჩნდი დატყვევებული. ჩემთან ერთად იყვნენ ქართველები: მერაბ უგულავა, ემზარ ბასარია, ვიტალი გახიკიძე, ემზარ მანდარია, მამუკა შამუგია, დათო ჭკადუა, თამაზ ჩიქობავა, ვინმე ჟვანია. ქართველ ტყვეებს სასტიკად გვაწამებდნენ. არ გვაჭმევდნენ საჭმელს და გვცემდნენ. მაგალითად, ბასარია ემზარი ისე სცემეს, რომ მოკვდა, ხოლო ფოთელ მეზღვაურს თამაზ ჩიქობავას მოკვეთეს ორივე ყური, მერაბ უგულავას კი ერთი. მე კი სასტიკად მცემდნენ, დანით მისერავდნენ სხეულს, მკლავებზე მირტყამდნენ ნაჯახს, ყურის მოჭრასაც ვერ გადავურჩი» (ვარდენ მიქიანის ჩვენებიდან, ჩაწერილია ვიდეოფირზე და კადრში თვალნათლივ ჩანს სხეულზე წამებისგან დარჩენილი იარები).
. . .
ოქტომბრის პირველ რიცხვებში ააოხრეს გულრიფშის რაიონის სოფ. ფშაფი. 3 ოქტომბერს შემოვიდნენ ჩემს სახლში, ჯერ მოკლეს ჩემი შვილები 17 წლის ეკა და 14 წლის მარიკა, შემდეგ ჩემი მეუღლე ლეილა მესხი, სიდედრი და სიმამრი. იგივე ბედი ეწია მეზობელ სახლში მცხოვრებ ძმას ნოდარს, რომელიც ჯერ მოკლეს, შემდეგ დაწვეს, გვამი სადღაც გადააგდეს, ისე, რომ მისი დასაფლავებაც კი ვერ შევძელით. ,,შენთვის სიცოცხლე სიკვდილზე უარესიაო“ მითხრეს ცოცხალმკვდარს და წავიდნენ“ (აკაკი ჟვანიას ჩვენებიდან);
. . .
63 წლის მერი ლუკავა ჭაში ჩააგდეს და ისე ამოხადეს სული (თვითმხილველთა ჩვენებიდან).
. . .
«ჩვენი სახლის წინ ტანკი გაჩერდა, იქიდან გადმოსულმა ერთ-ერთმა მებრძოლმა ჩემი შვილი ჯუმბერ შამათავა გარეთ გაიყვანა, ავტომატის ჯერით დახვრიტა, შემდეგ კი ტანკით გადაუარეს და გასრისეს ჩემს თვალწინ» (გულრიფშელი ნანული შამათავას ჩვენებიდან).
. . .
1993 წლის 13 სექტემბერს სოფ აძიუბჟაში შემოვიდა 200-კაციანი შეიარაღებული რაზმი, გაძარცვეს და დაარბიეს რამდენიმე ქართველის სახლ-კარი, დახვრიტეს ჩემი მაზლი, ქალები და ბავშვები გამოგვყარეს გარეთ და დაგვამწყვდიეს მეზობლის სახლში. ჩვენ მოვახერხეთ გაქცევა, ჩემი მეუღლე ზაურ სოხაძე რამდენიმე ქართველ მეზობელთან ერთად მოკლეს (ტატიანა ჭაავას ჩვენებიდან)
. . .
1993 წლის 29 სექტემბერს სოფელ მერხეულში დაახლ.18 საათზე ჭიშკარს მოადგა რამოდენიმე შეიარაღებული პირი, მათ შორის ერთ-ერთი იყო მურმან ჯოპუა, რომელმაც ჩემს თვალწინ ავტომატიდან რამოდენიმეჯერ გასროლით დახვრიტა ჩემი მეუღლე შალიკო ნაჭყებია, მანვე ასევე ჩემს თვალწინ მოკლა მეზობელი ავთო თოლორდავა“ (სულიკო ხურცილავას ჩვენებიდან).
. . .
1993 წლის 29 სექტემბერს სოფელ დრანდაში დახვრიტეს ჩემი მეუღლე გია სიჭინავა და 63 წლის მამამთილი სხვა ქართველებთან ერთად, გვამები გადაყარეს მდინარეში“(ხათუნა შეროზიას ჩვენებიდან)
. . .
,,ჩემი მეუღლე 1950 წელს დაბადებული ალექსანდრე ბარილო ,,ბოევიკებმა“ მოკლეს გულრიფშში, ძმის, ნიკოლოზ ბარილოს სახლის ეზოში. შემდეგ იგი ნაგვის მანქანით, რომლითაც აგროვებდნენ დახოცილ მოქალაქეებს, წაიღეს ჩემთვის გაურკვეველი მიმართულებით“ (ცისანა ბარილოს ჩვენებიდან)
. . .
,,ჩემი მეუღლე გერმანე მიქავა, მეზობლები მამა-შვილი სერგო და ნუკრი ხარბედიები, ასევე სხვები, სულ 13 კაცი, მაშინ, როდესაც მანქანით მოდიოდნენ გულრიფშის რაიონის სოფ.ვარჩედან, სოფ.კინდღში გააჩერეს, ჩამოსვეს მანქანიდან და განსაკუთრებული ცინიზმით დაუწყეს წამება. ნუკრი ხარბედიას გახადეს ტანსაცმელი, ესროდნენ და არბენინებდნენ. ამის შემდეგ დახვრიტეს ყველა ქართველი მამაკაცი, ხოლო ქალები წაიყვანეს და შეურაცხყვეს, ახალგაზრდა ქალები გააუპატიურეს (მედიკო მიქავას ჩვენებიდან).
. . .
,,ოჩამჩირის რაიონის სოფ კინდღში 9 კაცისგან შემდგარმა დაჯგუფებამ, ქუჩაში დაიჭირეს მამაჩემი ამირან კოხია და სხვა ათობით მეზობელი და გამოკეტეს ცარიელ შენობაში. შემდგომ მამაკაცები გამოჰყავდათ თითო-თითოდ და წამებით ხვრეტდნენ. მამაჩემს და მის ძმას ჯერ მოაჭრეს ყურები, შემდეგ გააშიშვლეს და დახვრიტეს. გვამები კი ჩაყარეს წინასწარ გამზადებულ ორმოში“ (ინდირა კოხიას ჩვენებიდან).
. . .
,,ჩვენი სოფელი დაიკავეს სეპარატისტებმა. მშვიდობიანი მოსახლეობის უმრავლესიბა ქალები და ბავშვები ტყვედ წაასხეს.»ბოევიკებმა» მშობლებისა და სოფლის მთელი მოსახლეობის თვალწინ საჯაროდ გააუპატირეს 12-16 წლის 25 გოგონა, უმწეო ბავშვებზე ჯგუფური ძალადობა მთელი კვირა გრძელდებოდა» (ოჩამჩირის რაიონის მკვიდრის ნაზი ბაღიშვილის ჩვენებიდან).
. . .
«სოფელ ახალდაბაში ქალები და ბავშვები 6 წლის ზევით თითქმის ყველა გააუპატიურეს. ბევრს თავი მოჰკვეთეს, ზოგიერთებს კი ცოცხლად ჩამოაცვეს თავზე ავტომანქანის საბურავები და ცეცხლი წაუკიდეს» (გალინა არზუმანიანის ჩვენება).
. . .
გამოძიების მონაცემებით მარტო გალის რაიონის სოფ.ოქუმში 710 საცხოვრებელი სახლიდან დაწვეს ან დაანგრიეს 601, წამებით დახოცეს 65 პირი აქედან 20 ქალი, ახალგაზრდა დები ნინო და ნატო პოლიტაევები ჯერ საჯაროდ გააუპატიურეს, შემდეგ დახვრტეს.
. . .
ქ.გალში დაანგრიეს 1040 სახლი, წამებით დახოცეს 128 პირი, აჩიგვარაში დაწვეს და დაანგრიეს 411 სახლი, დახვრიტეს 70 ადამიანი, გუდავაში დაწვეს 429 სახლი, წამებით მოკლეს 55 ადამიანი, აქედან 14 ქალი. ასეთივე ტრაგედია დაატრიალეს მზიურში, ზემო და ქვემო ბარღებში, რეფი-შეშელეთში, ოტობაიაში, ნაბაკევსა და სხვაგან. ცოცხლად დაწვეს ხანდაზმული უნწეო ქალები: ჟენია წურწუმია, ვალენტინა ჩარგაზია, ჭუტა ჭაავა, შურა ჯოლოგუა, ქსენია განგია, იამზე ქვაჩახია, როზა ზანთარია, ვალია თარბაია და სხვები.
. . .
ცოლისა და დედის თვალწინ სადისტურად მოკლეს მამა-შვილი ტერენტი და ემზარ ლემონჯავები, მათი გვამები დაწვეს (სოფ.რეფი), შეიპყრეს ჯუმბერ ბაძაღუა, მამუკა კვარაცხელია, დავით ნარმანია, გურამ ხარჩილავა, რევაზ ჩერქეზია და დახვრიტეს (ქვემო ბარღები), ტრისტან და გენი გვაჯაიები, გენო პაპავა და მურმან ციკოლია საჯაროდ აწამეს და მოკლეს (სოფ. ლეკუხონა).
. . .
სოფ.პირველ გალში 70-80 წლის მოხუცებს ჯულია და ნურასი ჩაჩხალიებს თავი მოკვეთეს და შემდეგ კი დაწვეს, 70 წლის დავით ჯიჯავა სხეულის ერთი ნაწილით ხეზე მიაბეს, მეორე კი ჯავშანტრანსპორტიორს გამოაბეს და შუაზე გახლიჩეს, მისი ძმა შალიკო ჯიჯავა და მეუღლე შურა ფაცხაში გამოკეტეს და იქ დაწვეს, ხოლო ცოლ-ქმარი ჭიჭიკო და შურა გიგავები ჯერ დახვრიტეს და მერე კი ეზოში ღორებს მიუგდეს საჯიჯგნად.
. . .
სოფ.ღუმურიშში მურმან წულაია დააკავეს და საგამოძიებო იზოლატორში სასტიკად აწამეს, ცოცხალს ააჭრეს თავზე სკალპი. მხოლოდ გაეროს წარმომადგენელთა ჩარევით მოხერხდა მისი გათავისუფლება.
. . .
1998 წლის 20 მაისს ოჩამჩირეში სეპარატისტებმა ჩაატარეს ხალხმრავალი მიტინგი და მიიღეს მიმართვა მოთხოვნით აფხაზეთის ტერიტორია გაეწმინდათ დარჩენილი ქართველი მოსახლეობისაგან. 20 მაისს 1000-მდე შეიარაღებული პირი მძიმე ტექნიკით თავს დაესხა გალის რაიონის სოფლებს, ცეცხლის წაკიდებით დაწვეს 2132 სახლი (აქედან თაგილონში- 465, ნაბაკევში-263, ოტობაიაში-187, ქვემო ბარღებში-341, ზემო ბარღებში-345), ხოლო ათეულობით ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმეს.
. . .
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ინახება 250-ტომიანი საქმე აფხაზეთში ქართველების გენოციდის ფაქტებზე. დაკითხულია 25 ათასზე მეტი თვითმხილველი, დადგენილია 20-ზე მეტი ორგანიზატორი, 800-ზე მეტი უშუალო შემსრულებელი.
გამოძიების ხელთ არსებული არასრული მონაცემებით, გენოციდისა და ეთნიკური წმენდის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიაზე მოკლულია 5738 ქართველი. აქედან: გაგრის ზონაში -483, სოხუმის რაიონში-238, ქ.სოხუმში-1148, გულრიფშის რაიონში-1232, ოჩამჩირის რაიონში -851, გალის რაიონში -1553, გუდაუთის რაიონში-147, ქ. ტყვარჩელში-20.
გამოძიება მიმდინარეობდა 1993-1999 წლებში.
საქმე თაროზეა შემოდებული.
————————————
24 მაისს 21:00 საათზე კლუბში KHIDI (მესამე სართული — საგამოფენო სივრცე, ვახუშტის ხიდი, მარჯვენა სანაპირო) იხსნება სამდღიანი ექსპოზიცია, რომლითაც ვიწყებთ რუსეთის მიერ ქართველების 1992-1993 წლებში ჩადენილი გენოციდის აღიარების კამპანიას!
იყავით აქციაზე ჩვენთან ერთად!
მალხაზ პატარაია, აფხაზთა კრება