«ტაბულას» რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
«ისიც უნდა ვაღიარო, რომ სომხურ- ქართული ჯიბრის თემა ერთგვარად საყვარელიცაა, თუ “მიმინოს” ფარგლებს არ სცდება.
ძალიან კარგი და ახლო სომეხი მეგობარი მყავს, ისეთი, დროს და დისტანციას რომ გაუძლო და მართალია სტრასბურგში არ ვცხოვრობ, მაგრამ წლები რომ არ ვნახო, როცა ვხვდები იგივე წერტილიდან ვაგრძელებთ, სადაც ბოლოჯერ გავჩერდით.
2000 წელს გავიცანი, ჯერ სტაჟიორი იყო ევროსასამართლოში, მერე კონკურსიც მოიგო და თანამშრომელი გახდა.
საბჭოთა დიპლომატის შვილია. როგორც სომხური ელიტის ყველა წარმომადგენელს, მამამისსაც თბილისში დიდი დრო ჰქონდა გატარებული და ბევრი საერთო ქართველი ნაცნობიც გვყავდა.
მაგრად ვუყვარდი მამამისს — სომხური ბასტურმით მამარაგებდა იმის სანაცვლოდ, რომ რამდენიმე საღამოს მათთან გავატარებდი და მოვისმენდი, როგორ ჯობია თბილისი ერევანს, მაგრამ (და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მაგრამ იყო) ამის მიზეზი სომეხმა ვაჭრებმა რომ ააშენეს, ისაა.
ხანდახან სხვა ხალხიც ესწრებოდა ხოლმე ამ “ჯიბრს” — ჩვენმა ფრანგმა მეგობარმა, ძალიან ლოგიკური და არაპოლიტკორექტული კითხვა დასვა: თუ თბილისი ერევანს იმით ჯობია რომ სომხებმა ააშენეს, ერევანს ვინ აშენებდნენ — აზერებიო?
სომხების მიერ აშენებული თბილისის (და ამაში ნამდვილად არის სიმართლე) მორიგი ქებისას, არიკამ გაჭედა (არ არის აქ ნამყოფი) — აი ამიხსენით, რით ჯობია თბილისი ერევანსო, ორივე პოსტ საბჭოთა ქალაქიაო, ნუ ბოდავთო — მე და მამამისს მოგვმართავდა.
აი შენ ამიხსენიო, მომიბრუნდა!
რომ მაწვებიან, მოგეხსენებათ, მგლის ინსტიქტი იღვიძებს ჩემში და ამჯერად მოშოვინისტო მგელმა გაიღვიძა
მეთქი არიკჯან — სომეხ ადმინისტრატორს ხომ იცნობ, კარგი გოგოა!
კიო!
ჩემსა და მას შორის განსხვავებას ხედავ? წესით ხედავ ალბათ, ჩემთან მეგობრობ, იმასთან — ხო არა მეთქი.
რა სისულელეებს მეკითხები, როგორ არ ვხედავო! ხოდა აი თბილისსა და ერევანს შორისაც ეგ განსხვავებაა და მეორედ ეგ სისულელე აღარ გავიგო მეთქი.
სხვათაშორის, ძალიან დამაჯერებელ არგუმენტად მიიღო!
მაგრად კი მახსენდება სტრასბურგის დრო და არიკას სახლი — სამ თვეში ერთხელ რიტუალი გვქონდა, მიმინოს ვუყურებდით, ყველა საჭირო ატრიბუტის თანხლებით და იატაკზე ვგორავდით სიცილით.
სხვა ეროვნების მეგობრები მუღამს ვერ იჭერდნენ, მაგრამ ვის ანაღვლებდა.»