რისთვის არის საჭირო ღმერთი…

0
471

დავიწყებ კითხვით: რა არის ღმერთი?
ერთადერთი ამომწურავი პასუხი ასეთია: „ღმერთი არის კითხვა…“
ჩემთვის დღეს ღმერთი, პირველ ყოვლისა, არის იმედი – იმედი აქ და იქ – იმედი ამ ცხოვრებაში დახმარებისა და იმიერში ცხონებისა.
შემდეგი კითხვა: რატომ არის აუცილებელი ღმერთის ძიება და როგორ ვიპოვოთ ის?
ადამიანი უკიდურესად უმწეო არსებაა. მას მთელი ცხოვრება ბუნების მოვლენებისა და ბედისწერის წინაშე უძლურება ტანჯავს. სწორედ ამ შიშის დაძლევას ემსახურება რაღაც უზენაესი დამხმარე ძალის მოხმობა. ამ უსუსურობით იწყება ადამიანის გზა ზეცისკენ…
ღმერთთან მისასვლელი ერთადერთი გზა – ეს არის განსაცდელი… უფრო ზუსტად კი, მძიმე განსაცდელი! სხვა გზა, გარდა ტკივილის, ტანჯვისა და დაცემისა, აღმოაჩინო ცოცხალი და არა „წიგნის ღმერთი“ არ არსებობს. ამიტომ კი, დიდება განსაცდელს!..
ზემოთქმულიდან გამომდინარე დავძენ: ადამიანს, რომელსაც მძიმე შეცდომები არ დაუშვია და მათთვის პასუხი არ უგია, ჩემში არ იმსახურებს ნდობას სულის საკითხებში…
რა ჩადო ღმერთმა ადამიანში?
ღმერთმა ადამიანს ორი უდიდესი რამ უბოძა – თავისუფალი ნება და სინდისი („მორალური კანონი“). პიროვნება დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს და პასუხს აგებს საკუთარ ქმედებებსა და სიტყვებზე. ყოველივე ამის შემოწმება კი სინდისით ხდება. სინდისი არის თავისუფალი ნების კონტროლის ერთადერთი „მექანიზმი“ ჩვენში…
კიდევ რისთვის გვჭირდება ღმერთი?
ჭეშმარიტება ადამიანისგან დაფარულია. რამდენი პიროვნებაც არსებობს, ზუსტად იმდენია სიმართლეც. ადამიანს კი ერთი ჭეშმარიტება, როგორც საყრდენი წერტილი, ისე სჭირდება. აქედან გამომდინარეობს იმ ,,აბსოლუტის“ აუცილებლობა, რომელიც ერთადერთ ჭეშმარიტებას ფლობს.
სწორედ ასე ჩნდება ნებისმიერი რელიგიის უმთავრესი პრინციპი – თავმდაბლობა და მორჩილება. ამ მთავარ სათნოებას ღმერთი ადამიანს თანდათან, ცხოვრების განმავლობაში, განსაცდელებითა და ტკივილით აზიარებს. მხოლოდ ასაკთან ერთად, მრავალჭირნახული პიროვნება ხვდება, რომ ნება არა მისია, არამედ ღვთის. ეს სულაც არ ნიშნავს, იყო სათამაშო ღმერთის ხელში! შენ გაქვს თავისუფალი ნება და ისე იქცევი და წარმართავ საკუთარ ცხოვრებას, როგორც გსურს, მაგრამ თუ ეს გზა აცდენილია სინდისის კარნახს, ანუ ღმერთის გზას, პატარა ბავშვივით ისჯები… ისჯები, რომ ისწავლო და სწორი გზით იარო… თუ ვერ შეიგნებ, ნება შენია… შეიძლება ასი წელი იცხოვრო და ვერ მიხვიდე ღმერთთან, ვერ იპოვო ის… თუმცა, შენ უკვე მაშინ მოკვდი, როდესაც შეწყვიტე წესიერების, სიმართლის, სიკეთის გზის ძიება…
კითხვა: როგორი შექმნა ღმერთმა ადამიანი?
ყველა ადამიანში მიმდინარეობს ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის და ამ ბრძოლის ხაზი გულზე, სინდისზე გადის.
ყოველდღიური ყოფა მეტად უსამართლოა და უაზრო. ამიტომ ადამიანი უკეთესი და განსაზღვრული მომავლის იმედით ცხოვრობს, მომავლის, რომელიც აახლოებს მას სიკვდილს – ასეთია ჩვენი არსებობის მთავარი აბსურდი… ბოლოს კი, სიკვდილი მაინც მოდის და ის ყველას – კეთილსა და ბოროტს ათანაბრებს. ეს გახლავთ ჩვენი ცხოვრების ყველაზე დიდი უსამართლობა! ამ შეუსაბამობის მიზეზით ადამიანისთვის აუცილებელია ადგილი, სადაც უსამართლობა გასწორდება. მხოლოდ სულის უკვდავებისა და საიქიოს მეშვეობით არის შესაძლებელი, არსებობის ყველაზე დიდი უსამართლობის – სიკვდილის შიშის დაძლევა და ამ უდიდეს იმედს მხოლოდ ღმერთი გვაძლევს!
რატომ არის ღმერთი სიყვარული?
ადამიანს ღმერთი მხოლოდ იმიტომ ეხმარება, რომ უყვარს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ღმერთი ყველაფერს ბედზე (შემთხვევითობაზე) მიაგდებდა. აქედან გამომდინარე, ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობა დაფუძნებულია სიყვარულზე და, ალბათ, სწორედ ამას გულისხმობს, დიდი მგოსნისა და ჰუმანისტის, ერთი შეხედვით უჩვეულო გამონათქვამი: ,,შიში შეიქმს სიყვარულსა“. დიახ, სწორედ საკუთარი უმწეობა და შიში ბადებს ადამიანში ღმერთის სიყვარულს.
კაცთა შორის სიყვარულიც სხვა არაფერია, თუ არა ღვთის ხატების სიყვარული ყოველ ადამიანში. შესაბამისად, ორი მდგენელის – ღვთის შიშით (მისი ხატებით სხვა ადამიანში) გაჩენილი სიყვარულისა და სექსუალური ლტოლვის (თვითგადარჩენის, სახეობის გამრავლების, გვარის გაგრძელების ინსტინქტი) შეერთებით წარმოიშვება საწინააღმდეგო სქესის არსებისადმი სიყვარულიც.
მოკლედ დავასკვნი, ღმერთი რომ არ არსებობდეს კიდეც, ადამიანს ის უნდა გამოეგონებინა, რადგან სხვაგვარად ჩვენი არსებობის აბსურდულობის (უაზრობისა და უსამართლობის) გადალახვა შეუძლებელია.

ზურა ოდილავაძე – 2021, აპრილი

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ