მეგობრებო, მადლობა გამოსარჩლებისთვის, მაგრამ ნუ დაიღლით თავს და ნუ გატანჯავთ ნერვებს. არ მწყინს, მესმის გულანთებული მომხრეების გაბრაზება და, ხშირად, ზღვარგადასული რეაქცია და შეთქმულებების ძიება. მესმის, მაგრამ არ მომწონს. არ მომწონს არა ჩემთან მიმართებით (ეს არ მაღელვებს, მართალი ვთქვა), არამედ ამ ქვეყნის მთავარი პროდასავლური ძალისთვის შეუფერებლობის გამო.
მაგრამ, მთავარი: როგორც ჩანს, ასახსნელია გარკვეული საკითხები ჩვენი არხის შესახებ.
შთაბეჭდილება მრჩება, რომ გარკვეულ ადამიანებს ნაციონალური მოძრაობის პარტიული ტელევიზია ვგონივართ (ზოგიერთს, მგონი საერთოდ პარტიული ქვედანაყოფი). მათთვის ავხსნი, რომ არავითარი კავშირი ან რაიმენაირი ვალდებულება არც ერთ დამფუძნებელს არც ერთ პარტიასთან არ გვაქვს, გარდა ჩვენი პოლიტიკური გემოვნებისა და სიმპატიებისა შესაბამისად კონკრეტული პარტიების თუ პოლიტიკოსების მხარდაჭერისა, რასაც არჩევნებზე ხმის მიცემით გამოვხატავთ.
არანაირი დაფინანსება პარტიული ან მასთან აფილირებული წყაროდან არ გაგვაჩნია. მეტიც, მთელი ჟურნალისტური კორპუსის პირველი და მთავარი მოთხოვნა, როდესაც არხის შექმნა იხილებოდა, იყო, არც კი მოაზრებულიყო ჩვენი ე.წ. პარტიული ტელევიზიობა, რაზეც სრული კონსენსუსია მთელ გუნდში, არა მარტო ჟურნალისტებში. ეს გადაწყვეტილი საკითხია და მოგვიანებით რომც ვიხილოთ დამფუძნებლებში რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან რაიმენაირად აფილირებული პირი (სავსებით შესაძლებებლია და ჩვენთვის სავსებით დასაშვები მოვლენების ამგვარი განვითარება), ვიდრე მე არხს ვხელმძღვანელობ, არ მოხდება ამ საკითხის რევიზია და ამ კუთხით სარედაქციო პოლიტიკის გადახედვა.
ცხადია, ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა ითვალისწინებს პროდასავლური პარტიების ღია, მკაფიო და თანმიმდევრულ მხარდაჭერასა და, რაც დღევანდელ ვითარებაში სრულიად აუცილებელია, დახმარებას. ამგვარ პარტიებში ნაციონალური მოძრაობა ყველაზე დიდი მოთამაშეა და მის მიმართ დამოკიდებულბაც შექმნილ პროპორციას გვერდს ვერ აუვლის.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, უკვე მერამდენედ მიწევს ახსნა მისი მოწინააღმდეგეებისთვისაც და ახლა უკვე მხარდამჭერებისთვისაც, რომ ის არის ყველაზე დიდი მასშტაბის ქართველი პოლიტიკოსი (არა მარტო მოქმედ პოლიტიკოსებს შორის), დღევანდელი ქართული პოლიტიკის მოქმედი და პერსონალურად (და არა მარტო პარტიულად) ყველაზე მხარდაჭერილი ფიგურა, პოლიტიკურ პროცესებზე ერთერთი ყველაზე დიდი გავლენის მქონე პერსონა და, რაც მთავარია, ჩვენი მაყურებლისთვის მუდმივად და ძალიან საინტერესო. შესაბამისად, მისი გაშუქება ჩვენი არხისთვის არავითარ კითხვის ნიშანს არ წარმოადგენს. მეტიც, ჩვენ ღიად და დაუფარავად მიგვაჩნია, რომ ის არის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქმნელი, პოლიტიკური დევნის შედეგად ქვეყნიდან განდევნილი და ყოველთვის მხარს დავუჭერთ მის დაბრუნებას ქვეყანაში და აქტიურ პოლიტიკურ პროცესებში ჩაბმას.
თუმცა, სააკაშვილთან დაკავშირებით ჩვენი ეს პოზიცია, ვერანაირად ვერ იმოქმედებს ჩვენსავე უფლებაზე, გავაკრიტიკოთ (თუ საჭიროა, მწვავედ) მისი ძველი თუ ამჟამინდელი გადაწყვეტილებები და გამონათქვამები.
რაც შეეხება იმორისტულ შოუებში მასზე ხუმრობას, არა მგონია ამ საკითხზე სერიოზული რეაგირება საჭირო ან თუნდაც შესაძლებელი იყოს. მიმაჩნია, რომ ამგვარი დამოკიდებულება, რომ ხუმრობაც კი დაუშვებელია, არა ჩვენი, არამედ იმ პოლიტიკური ძალის პრობლემაა, რომელმაც საკუთარი მხარდამჭერების ინფორმირება უნდა მოახდინოს, რომ არა თუ ხუმრობა, არამედ კრიტიკაც არ მარტო დასაშვები, არამედ სასარგებლო პროცესია და თუ რომელიმე არ მოგწონს ან არ ეთანხმები, ეს გემოვნების და პოზიციის საკითხია და არა დაშვება/არდაშვების.
PS პირადად ჩემზე პერსონალურ თავდასხმებზე გამოხმაურებას არ ვაპირებ, რადგან ეს საკითხი არც მნიშვნელოვნად და არც სერიოზულად არ მიმაჩნია.
ნიკა გვარამია, «მთავარი არხის» გენერალური დირექტორი