ორიოდ სიტყვა იმ მოლაპარაკებებზე, რომლებიც ახლა ტარდება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დასავლეთელი პარტნიორების მეშვეობით.
ცხადია, რომ მოლაპარაკებები შესაძლოა დასრულდეს კომპრომისით, თუ მხარეები მზად არიან რაღაც დათმონ.
ეს კი იმ ბერკეტებზეა დამოკიდებული, რომლებიც მათ ერთმანეთის წინააღმდეგ გააჩნიათ.
რაც უფრო ძლიერია ბერკეტი, მით უფრო მეტის მიღწევა შეუძლია მხარეს.
ახლა განვიხილოთ მხარეების პოზიციები და შესაძლებლობები.
ხელისუფლებას (ანუ, ბიძინა ივანიშვილს) ესმის, რომ პოლიტპატიმრების გამოშვება მკვეთრად გააძლიერებს ოპოზიციას და ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის იმედებს, ხოლო ამის შემდეგ დარღვევების გარეშე ჩატარებული არჩევნები დასრულდება მათი მხრიდან ხელისუფლების დაკარგვით.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ქართული ოცნების ბევრ აქტიურ წევრს და მხარდამჭერს დიდი ალბათობით ემუქრება სრულიად კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები (სია დიდია), ეს ადამიანები ამ ნაბიჯზე წავლენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ დაემუქრებათ რაღაც უფრო დიდი, ვიდრე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა.
ოპოზიცია ვერ შევა პარლამენტში, რადგან ეს იქნება მათი მხრიდან ხელისუფლების წინააღმდეგ ერთად-ერთი ბერკეტის დაკარგვა. ამას გარდა, ის პოლიტიკოსი, რომელიც დღეს ამას გააკეთებს, წამსვე გადაიქცევა პოლიტიკურ გვამად (მაგალითი უკვე გვაქვს).
მეორეს მხრივ, ხელისუფლებისთვის სულ უფრო და უფრო საშიში ხდება პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელება (რეაქცია სახეზეა), ხოლო ოპოზიციას, რიგი მიზეზების გამო, არ ძალუძს მოაწყოს ხალხმრავალი მანიფესტაციები, რომლებიც შეაშინებდა ხელისუფლებას.
ანუ, გვაქვს პარიტეტი, რაც ნიშნავს, რომ მხარეებს არ აქვთ აუცილებლობა, რაიმე დაუთმონ ერთმანეთს.
ამ პარიტეტის დაღვევა შეუძლია რომელიმე მესამე ძალას – დასავლეთს, ან რუსეთს.
რუსეთი მთლად ღიად ვერ დაუჭერს მხარს საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებას, იმიტომ, რომ ეს ბიძინა ივანიშვლს ამ ეტაპზე უფრო მეტ ზიანს მიაყენებს, ვიდრე დაეხმარება.
რუსეთი აუცილებლად წავა ამ ნაბიჯზე (თუნდაც სამხედრო ძალით ჩარევა მოუწიოს), თუ დაინახავს, რომ იმ ძალას, რომელიც მისთვის ძალიან კომფორტულია საქართველოში, რეალური საფრთხე შეექმნა.
დასავლეთს ძალუძს ამ პარიტეტის დარღვევა, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერ ვხედვათ მის სიმტკიცეს ამ საკითხში.
დასკვნა: მოლაპარაკებები დასრულდება უშედეგოდ.
რა შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია – უკვე დავწერე ზემოთ.
ლევან ფესვიანიძე
