რადიო «ჯორჯიან თაიმსის» ეთერში, გადაცემაში «დროული დიალოგი», მაია ორჯონიკიძემ დეტალურად ახსნა თუ რატომ დატოვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა.
«ერთადერთი, პერსონალურად რომ ვილაპარაკოთ, ვინც მიშას პარტიას ‘ახევს», ეს არის ნიკანორ მელია. წლებია, პარტიაში არის უკმაყოფილება, მაგრამ მხარდამჭერების საყოველთაო დუმილი ეფუძნებოდა იმას, რომ მხარდამჭერები ფაქტიურად დუმილს ვამჯობინებდით ერთადერთი რამის, მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის გამო. დომინირებდა აზრი, რომ ახლა ამის დრო არ არის. იყო მოსაზრება, რომ ხმის ამოღება მტრის წისქვილზე ასხამდა წყალს და ა.შ. თუმცა, ეს ბიძინას წისქვილი 2016-2017 წლებში ასე ძლიერი არ იყო და ახლა მოვიდა თქმის დრო. თუ შენ აუცილებლად გაგაჩნია ფაქტები, წლების მანძილზე რაღაცებს ამჩნევ და როდესაც ქვეყანა ჩიხშია და გამოსავალი არ არის, თუ ამის მერეც აგრძელებ დუმილს, აღარ ხარ მართალი და სწორედ ამიტომ გამოვედი მე ფორმალურად დარჩენილი «ნაციონალიური მოძრაობიდან». ვაცხადებ თამამად, რომ პარტიაში მიშას სურათი მხოლოდ ბრენდისთვის და პოლიტსაბჭოში რამდენიმე ადამიანისთვის სჭირდებათ. განვლილმა ხუთმა წელმა და განსაკუთრებით ბოლო სამმა თვემ დამარწმუნა, რომ პარტიიდან დარჩენილია მხოლოდ სახელი და ეს არის გამეორება ბოკერიას სცენარის. გიგა ბოკერია, მას შემდეგ, რაც ვერ წაიღო პარტია, ცალკე გამოეყო მიშას, მაგრამ რომ წავიდა, ბომბი დატოვა და ეს შენელებული ბომბი არის ნიკანორ მელია, რომელმაც ეს პერიოდი გამოიყენა საკუთარი პერსონის გაძლიერებისთვის. იმის მაგივრად, რომ მას გაეკეთებინა ახალი პარტია, გამოიყენა უკვე არსებული პარტია, სადაც პერსონალურად მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერია ამომრჩევლის უმეტესობა და ყველასთვის ცნობილია, რომ მიშამ ლუდის პარტია რომ შექმნას, იქაც ეყოლება თავისი მხარდამჭერები. იმ ადამიანების 97% მინიმუმ, ვინც «ნაციონალური მოძრაობის» ამომრჩეველია. ბოლო სამმა თვემ დაგვანახა, რომ მიხეილ სააკაშვილი გაწირა საკუთარმა პარტიამ. სწორედ ამიტომ, მე აღარ წარმოვადგენ კასტრირებულ «ნაციონალურ მოძრაობას» და დავტოვე პარტია», — განაცხადა მაია ორჯონიკიძემ.
შეგახსენებთ, რომ მაია ორჯონიკიძემ «ნაციონალური მოძრაობა» 2022 წლის 13 იანვარს დატოვა და განაცხადა, რომ სანამ მიხეილ სააკაშვილი არ გამოვა, ის პარტიაში არ დაბრუნდება.