ავტორი: paqtebi.ge
დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნოდ ამერიკელებს დაჰპირდა, რომ უკრაინაში ომს პრეზიდენტობის პირველივე დღეს დაასრულებდა. თუმცა რეალობაში მისმა ადმინისტრაციამ დააკონსერვა ინიციატივა, რომელიც სწორედ ამის მიღწევას ისახავდა მიზნად.
Reuters-ის ინფორმაციით, თეთრ სახლში გაზაფხულზე შეიქმნა სპეციალური უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომლის ამოცანა იყო რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის ეფექტიანი სტრატეგიების შემუშავება. ჯგუფი აერთიანებდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, სახელმწიფო დეპარტამენტის, ფინანსთა სამინისტროს, თავდაცვის უწყებისა და დაზვერვის წარმომადგენლებს.
თუმცა პროექტი ძალიან მალე ჩავარდა. მაისიდან ჯგუფმა აქტიურობა დაკარგა, ხოლო ივნისის დასაწყისში ფაქტობრივად დაიშალა. საქმე იმაშია, რომ პრეზიდენტი ტრამპი — როგორც ირკვევა — არ უჭერდა მხარს ჯგუფის იდეას.
„ბოლოს ყველაფერი შეჩერდა, რადგან პრეზიდენტს ეს ინიციატივა არ აინტერესებდა. აშკარად ჩანდა, რომ მას მეტი კი არა, ნაკლები სურდა“, — აცხადებს ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი.
სამუშაო ჯგუფის მიზანი იყო არა მხოლოდ რუსეთისთვის პირდაპირი ზეწოლა, არამედ ზემოქმედება იმ ქვეყნებზე, რომლებიც ეკონომიკურად თანამშრომლობენ მოსკოვთან — მათ შორის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე, აღმოსავლეთ ევროპის და აზიის სახელმწიფოებზე. საუბარი იყო სავაჭრო და ენერგომიმწოდებელი არხების შეზღუდვაზე, რაც, ჯგუფის წევრთა აზრით, შეიძლება გამხდარიყო კრემლზე ზემოქმედების ერთ-ერთი გზა.
ჯგუფის საბოლოო დარტყმა მაშინ განხორციელდა, როცა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში მასშტაბური საკადრო ცვლილებები დაიწყო. სამსახური დატოვა უკრაინის ომზე მომუშავე თითქმის მთელმა გუნდმა და თანამდებობიდან გაიწვია ევროპის და რუსეთის საკითხებზე მთავარი მრჩეველი ენდრიუ პიკიც.
წყაროთა თქმით, ჯგუფი ჯერ მხოლოდ იდეების გენერირების („ტვინის შტურმის“) ეტაპზე იმყოფებოდა და კონკრეტულ ქმედებებზე ჯერ არ გადასულა. ამ პროცესს არ ჰქონია კავშირი სენატში განსახილველ სანქციურ პაკეტთან.
მნიშვნელოვანი დეტალია ისიც, რომ არ არის დადასტურებული, იცოდა თუ არა თავად დონალდ ტრამპმა ჯგუფის შექმნის ან გაუქმების შესახებ.
მიუხედავად ზემოხსენებული ნაბიჯებისა, წყაროები არ გამორიცხავენ, რომ ტრამპმა შესაძლოა ნებისმიერ მომენტში შეცვალოს პოზიცია და მოითხოვოს უფრო მკაცრი მიდგომა რუსეთის მიმართ — რაც მის განცხადებებში გარკვეულწილად უკვე შეინიშნება.
2025 წლის 16 ივნისს ტრამპმა რუსეთი კვლავ დაიცვა და განაცხადა, რომ მისი G8-დან გამორიცხვა 2014 წელს „დიდი შეცდომა“ იყო. მისი თქმით, რომ არა ეს გადაწყვეტილება, უკრაინაში ომიც არ დაიწყებოდა. ამავე დროს, ტრამპმა დაადასტურა, რომ რუსეთის დაბრუნება G8-ში დღეს ნაკლებად რეალურია, რადგან „ძალიან დიდი დრო გავიდა“.
აღსანიშნავია ისიც, რომ იმავე პერიოდში ტრამპმა ნაადრევად დატოვა G7-ის სამიტი, სადაც დაგეგმილი იყო მისი შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან — და ეს ნაბიჯი „გასაგები მიზეზებით“ ახსნა.
დასკვნა
უკრაინაში ომი გრძელდება. ზეწოლის გეგმა რუსეთის წინააღმდეგ – შეჩერებულია. დანაკარგი ჯერ მხოლოდ დროის ფორმით იზომება, თუმცა გეოპოლიტიკური ფასის გადახდა ჯერ კიდევ წინ არის.