საის-ს განცხადებით, 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულ მაკო გომურს გენერალურმა პროკურატურამ არასრულად გააცნო საქმეში არსებული მასალები. გომურის ინტერესებს საია იცავს.
მაკო გომურმა 20-21 ივნისის მოვლენებისას თვალი დაკარგა. ამის შემდეგ, თვეების განმავლობაში, დაზარალებულის სტატუსს არ ანიჭებდნენ. საბოლოოდ, 2019 წლის 11 ნოემბერს დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შემდეგ, საიას თანახმად, მოითხოვეს სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობა უფლებადამცველი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ „დაზარალებულ მხარეს უნდა ჰქონდეს სისხლის სამართლის საქმის სრული მასალების გაცნობის უფლება“.
„სრულ მასალებზე წვდომის შეზღუდვა დაზარალებულს ართმევს შესაძლებლობას, შეამოწმოს და განსაზღვროს, კონკრეტული დოკუმენტი არის თუ არა მის საქმესთან შემხებლობაში და მისი საქმისთვის მნიშვნელოვანი, რაც თავის მხრივ, მისი საპროცესო კოდექსით გარანტირებულ უფლებას ლახავს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პრეტენზია საიას იურისტებმა გამომძიებელთანაც დააფიქსირეს, მათ მაინც არ მიეცათ სრული მასალების შესწავლის საშუალება“. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საია საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს: მისცეს მაკო გომურს და მის ადვოკატებს საშუალება, გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალებს სრულად; განახორციელოს მასზე დაკისრებული მოვალეობა და ჩაატაროს სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიება.