პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დანიშნული და ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგის თაობაზე საუბრობს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სახეზე (თავზე) არსებული დაზიანებები თავისი ხასიათიდან და მოცულობიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით გამოიწვევდა ქალა-ტვინის ტრავმას, თავის ტვინის შერყევას, რომელსაც ხშირად თან სდევს გონების დაკარგვა, რაც მას შეუზღუდავდა მოძრაობისა და გადაადგილების შესაძლებლობას.
მათივე ცნობით, ამავდროულად, მუცლის წინა ზედაპირზე არსებული დაზიანების ლოკალიზაციისა და მოცულობის გათვალისწინებით, აღნიშნულ მიდამოში რბილ ქსოვილებზე ტრავმული ზემოქმედების გამო ამა თუ იმ ინტენსივობით გამოხატული ტკივილი, თავზე არსებული დაზიანებებისგან ცალკე და ერთობლიობაშიც, ასევე გამოიწვევდა მოძრაობისა და გადაადგილების შეზღუდვას.
