ანალიტიკაპუბლიკაციები

პოსტსაბჭოთა რეჟიმები და მათზე გამარჯვების ილუზია

თუ პოსტსაბჭოთა სივრცეს გადავხედავთ, ადვილი დასანახია, რომ ყველგან ერთი ტიპის რეჟიმთან გვაქვს საქმე: 1. სახელმწიფოს მართავს ოლიგარქი (ან მათი ჯგუფი), რომელსაც ხელისუფლების ყველა შტო ემორჩილება: საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო და მედია; 2. ელიტა – ,,წილშია”; 3. ხალხი – იაფად ნაყიდი, ძალოვანების შიშით დადუმებული, მრავალგზის მოტყუებული – ამიტომ უსამართლობა-გაჭირვებას შეგუებული; 4. სიტყვის თავისუფლება მეტნაკლებად დაცულია, აი, მოსმენის ვალდებულება კი სრულიად იგნორირებულია. მაშ ასე, ძალაუფლების ვერტიკალი ეფუძნება: ძალადობას, ფულს და ნიჰილიზმს.
არჩევნები და ოპოზიცია პოსტსაბჭოეთში.
როგორც შიგნით, ასევე დასავლეთის თვალში რეჟიმის კანონიერების დამადასტურებელი მთავარი ფოკუსია – არჩევნები. ქურდებისთვის არჩევნები ერთადერთი სახიფათო გასასვლელია, რომლის გადალახვისაც ნებისმიერ ბანდიტს ეშინია, რადგან ძალაუფლება, მოკლე დროით მაინც, თავისუფლად დევს და მას არცერთი მხარე არ ფლობს… ასეთ არჩევნებში მონაწილეობა კი, მხოლოდ ქურდების ლეგიტიმაციას ემსახურება, რადგან ისინი მაინც იმ შედეგს დაწერენ, რომელიც საჭიროა გამარჯვებისთვის. ამიტომ პოლიტიკურ პროცესში მარტოოდენ ნებადართული ოპოზიცია იღებს მონაწილეობას და თამაშის წესები უსიტყვოდ შეთანხმებულია. ოპოზიციას ძალიან კონკრეტული როლი ენიჭება – ის ნებით თუ უნებლიეთ, შულერის ლეგიტიმაციას ხელს უწყობს… ბანდიტებს მხოლოდ არალეგიტიმურობის ეშინიათ, როდესაც მოსახლეობის უმრავლესობას უკვე ეჭვი ეპარება ქურდების უნარში მართონ, რაც ქუჩაში მთელი მოსახლეობის გამოსვლით გამოიხატება – სხვა შიში მათ არ აქვთ და არჩევნები მხოლოდ ოპოზიციის ,,სამარიაჟო მირაჟია!“
ჩინოვნიკები.
ქურდებისთვის ლეგიტიმურობის მინიჭება, თავის მხრივ, არის სიგნალი ნომენკლატურისთვის, რომ შემდეგ არჩევნებამდე ქურდობა და რიგით მოქალაქეებზე ძალადობა ნებადართულია…
ელიტა.
ელიტის მთავარი საქმეა, ამხილოს რეჟიმის სიცრუე და მოსახლეობას აუხსნას პირდაპირი მიზეზ- შედეგობრივი კავშირი მათ ბეჩავ ყოფასა და პირამიდის სათავეში მოკალათებულ ოლიგარქს შორის – არ მისცეს პროპაგანდის მანქანას საშუალება, გაბატონებული უსამართლობა და სიღარიბე რიგით ჩინოვნიკებს, ოპოზიციასა თუ გარე ფაქტორებს გადააბრალოს… თუმცა, როგორც აღვნიშნე, ელიტა ან პირდაპირ ემსახურება ხელისუფალს ან ,,წილშია“ – ხელფასები, მივლინებები, სამინისტროს გრანტები და სხვ.
მასები.
ხალხი არ იზრდება. ჩვენ შვილებს ვასწავლით, პატივი მიაგონ ქურდებსა და მოძალადეებს, რომლებმაც სიმდიდრისა და ძალაუფლების მოპოვება მოახერხეს. ჩვენ მომავალ თაობებს სახელმწიფოს მტრების წინაშე მოწიწებას ვუნერგავთ და ამიტომაც თანდათან (თაობიდან თაობამდე) ვდეგრადირებთ…
ხალხის ერთადერთი სიხარულია – ტელევიზია და მისგან ზიზღის ნარკოტიკის მიღება. შედეგად, ხალხი სიძულვილით სავსე ჭურია, რომელსაც რასაც ჩასძახებ, იმასვე ამოგძახებს. პროპაგანდით გაბრუებულ მასას ემატება ეროვნული უმცირესობების საფეოდალოები, სადაც მეფის ნაცვალს განუსაზღვრელი ძალაუფლება გააჩნია. მოკლედ, ფართო მასებში ხელისუფლების შეცვლის რწმენა დაკარგულია…
დასასრულს კი პოსტსაბჭოთა სივრცისთვის ტიპური კითხვები:
1. კითხვა: არჩევნებში ვინ გაიმარჯვებს? პასუხი: ეს წინასწარ ცხადია!
2. კითხვა: გაყალბებული არჩევნების მერე ხალხი არ გამოვა? პასუხი: არა!
3. რატომ? იმიტომ რომ ხალხი ხელისუფალზე ასი თავით პატიოსან მეპროტესტეს მიჰყვება – ოდნავ უპირატესობა არ კმარა… ოპოზიციას, რომელიც ბანდიტის ლეგიტიმაციაზე მუშაობს და ფუფუნებაში ცხოვრობს, მხოლოდ დეპუტატის სავარძელს, გავლენასა და ფულს მიუგდებენ და მორჩა! შემდეგ კი, მარცხს, როგორმე გააპრავებენ…
4. აბა, რა გვეშველება? მოკლე ხანში არაფერი, ხოლო დროის პერსპექტივაში – ყველა რეჟიმი, ბოლოს და ბოლოს, ლპება და მიწაზე ენარცხება…
დასკვნები: მოსახლეობა იმიტომ ისჯება, რომ სიცრუე მოსწონს და თავსაც დიდი მონდომებით იტყუებს. თვითდაბოლება მათი ჰეროინია, რომელიც საშუალებას აძლევს ,,მეტოქეზე“ წარმოსახვითი უპირატესობა (ყოჩების ტელედებატებში ან ,,ფეისბუქზე“ მაინც) მოიპოვოს და თრობის ხათრით მოვლენების საღი შეფასება უკუაგდოს. ხელისუფლებისა და ოპოზიციის მეცადინეობით ხალხი გამარჯვების ილუზიით კაიფობს… ბოლოს კი კრახი – ,,ლომკა“ და იგივე – გაპრავება და ზიზღის ნარკოტიკი…
5. კითხვა სხვათა შორის: სხვისი დამცირებით, შენ როგორ ხდები უკეთესი და რა გზით აღწევ გამარჯვებას?
6. შემაჯამებელი, რიტორიკული კითხვა: პოსტსაბჭოელები ჭაობიდან სასაფლაოზე გადავსახლდებით თუ თავისუფლება როდისმე მაინც გვეღირსება? საერთოდ, მოსახლეობის უმრავლესობას უნდა კიი, ჭაობიდან ამოსვლა?

P.S.
დასავლეთის იმედი… ხელისუფლებაში ორი ვადით ყოფნის შემდეგ, ყველა ბელადი ჩიხში შედის – ძალიანაც რომ სურდეს, ის ძალაუფლებას ვერ დათმობს და სისტემის ტყვედ იქცევა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას საკუთარი ხროვავე დაგლეჯს. ამ კანონს ვერცერთი დიქტატორი ვერ გაექცა, ისეთი ძლიერიც კი, როგორიც ვლადიმერ პუტინია. ბელადი და მასთან ერთად ხალხიც კუთხეში არიან მიმწყვდეულნი. ,,ვირთხის კუთხის“ ტრაგედია კი იმაშია, რომ ყველა ერთად ცივილიზებულ სამყაროს შორდება. დასავლეთი კი, რადგან სწორი არჩევანის გაკეთება არ გსურს და თავის მოტყუებას ამჯობინებ, საკუთარ ინტერესებს მაინც იცავს და მშვიდად გელოდება, რეჟიმთან ერთად როდის დალპები…

ზურა ოდილავაძე –  ვაშაა, აი, მაისიც მოსულაა-ა!

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ევროპა უკვე შლის ტრამპს საკუთარი თავდაცვის სურათიდან

Joni Kvaracxelia

«ძალიან ვწუხვარ, რომ სტრასბურგის სასამართლოს ამ საეტაპო გადაწყვეტილების ადვოკატირება მიწევს ქართველი კოლეგების წინაშე»

ნამდვილი ისტორიის დაწერა ეროვნული უსაფრთხოების საქმეა

დატოვე კომენტარი