პაველ ჰერჩინსკი — ახლად დასახელებული პრემიერ-მინისტრის განცხადებები არის იმედის მომცემი, რომ ახალი მთავრობა მზადაა, ბევრი იმუშაოს ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით.
ახლად დასახელებული პრემიერ-მინისტრის განცხადებები არის იმედისმომცემი, რომ ახალი მთავრობა მზადაა, ბევრი იმუშაოს ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. ჰეჩინსკი იმედოვნებს, რომ რეკომენდაციებთან დაკავშირებით ინკლუზიური მუშაობა იქნება და ოპოზიცია იქნება კონსტრუქციული. „ჩვენ ყველა ვზეიმობთ იმას, რომ საქართველო ოფიციალურად გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. გადაწყვეტილება გასული წლის 14 დეკემბერს მიიღეს ევროკავშირის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების დონეზე. ამ პოზიტიურ სიახლესთან ერთად, 27 წევრი ქვეყნის სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურებმა დაამტკიცეს ცხრა ნაბიჯი, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინსვლისთვის. ქართული პოლიტიკური ელიტის გადასაწყვეტია, რამდენად სწრაფად შეასრულებენ ცხრა ნაბიჯს. ჩვენი მხრივ, მზად ვართ, რაც შეიძლება სწრაფად წავიდეთ წინ, რათა საქართველო წელსვე გადავიდეს შემდეგ ეტაპზე. შემდეგი ეტაპია ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყება, მაგრამ ეს არ არის ჩვენს ხელში, ევროკავშირისა და ბრიუსელის ხელში, ეს არის ქართული პოლიტიკური ელიტის ხელში. გულწრფელად ვიმედოვნებ, იქნება ინკლუზიური მუშაობა, რომელშიც ყველა პოლიტიკური ძალა ჩაერთვება, ამავდროულად, ოპოზიცია იქნება კონსტრუქციული, სამოქალაქო საზოგადოება მთლიანად იქნება ჩართული და არჩევნების მიუხედავად – ბუნებრივია, არჩევნებისკენ დიდი ყურადღება იქნება მიპყრობილი – პარალელურად, გაგრძელდება მუშაობა ცხრა ნაბიჯის განხორციელებაზე. ახლად დასახელებული პრემიერ-მინისტრის განცხადებები არის იმედის მომცემი, რომ ახალი მთავრობა, რომელიც მომდევნო კვირას იქნება დამტკიცებული, მზადაა, ბევრი იმუშაოს ჩვენი დახმარებით, რათა საქართველომ შეძლოს წინსვლა ცხრა ნაბიჯის განხორციელების კუთხით“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.